Facebook Twitter

საქმე # 020100120003586725

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №254აპ-21 ქ. თბილისი

ზ-ა ჯ., 254აპ-21 22 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლი განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ჯ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას იმ საფუძვლით, რომ ჯ. ზ–ს ქმედებაში გამოკვეთილია სწორედ ძარცვის შემადგენლობის ნიშნები, ვინაიდან მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ეუფლებოდა სხვის - დაზარალებულის კუთვნილ ნივთს, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის - სხვისი ნივთის დაუფლების შესაძლებლობას და სურდა კიდეც ეს შედეგი.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. ზ–ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

ჯ. ზ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 10 მარტს, დაახლოებთ 16:00 საათზე, ზ...........ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ჯ. ზ–მ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ. ღ–ა შეხვდა მეგობარ ბიჭს, არასრულწლოვანი შვილის, ს. ზ–ა თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც მ. ღ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 10 მარტს, დაახლოებთ 16:00 საათზე, ........ის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ჯ. ზ–ა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ. ღ–ა შეხვდა მეგობარ ბიჭს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც მ. ღ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 10 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ჯ. ზ–მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ღ–ას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად წაგლიჯა ხელიდან „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის შედეგადაც მ. ღ–ას მიადგა 100 (ასი) ლარის ქონებრივი ზიანი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ზ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ჯ. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

ჯ. ზ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 11 მარტიდან.

ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ძალადობისა და მუქარის ბრალდების ეპიზოდებში ჯ. ზ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივს წარმოადგენდა არა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, არამედ - ეჭვიანობა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ზ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა ჯ. ზ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტითა და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში - განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. ზ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ბ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ჯ. ზ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ჯ. ზ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

მსჯავრდებულ ჯ. ზ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 11 მარტიდან.

მსჯავრდებულ ჯ. ზ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულფასოვნად არ შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებსა და გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. ზ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მსჯავრდებულ ჯ. ზ–ს ქმედებაში არ იკვეთება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, კერძოდ, როგორც დაზარალებულ მ. ღ–ს ჩვენებით დგინდება, იგი შემთხვევის დღეს ქუჩაში ესაუბრებოდა თავის თანაკლასელ მამაკაცს. ამ დროს ის დაინახა თავისმა მეუღლემ - ჯ. ზ–მ, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე იეჭვიანა, რის შემდეგაც დაზარალებული ჩაისვა მანქანაში და დაუწყო ლანძღვა-გინება, ეკითხებოდა, ვინ იყო ეს მამაკაცი და რატომ ესაუბრებოდა, უწოდებდა მოღალატეს, მეძავს და დედას აგინებდა. ამ დროს ჯ. ზ–მ ხელიდან წაართვა მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ ის მას არაფერში სჭირდებოდა. ამასთან, დაზარალებულისავე განმარტებით ირკვევა ისიც, რომ მათი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ სოციალურ დახმარებას, ხოლო მობილური ტელეფონი შეძენილი ჰქონდათ დაახლოებით 100 ლარად სწორედ ამ დახმარების შედეგად მიღებული შემოსავლით, რომელიც დაზარალებულს მისცა ჯ. ზ–მ და სწორედ მან უყიდა ტელეფონი. მ. ღ–ა დამატებით განმარტავს, რომ ჯ. ზ–მ, იმ დღეს, ალბათ, იმიტომ წაართვა ტელეფონი, რომ ფიქრობდა, ვინმეს ურეკავდა და არ ენდობოდა. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ჯ. ზ–ს ამოძრავებდა არა მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, არამედ იგი დაზარალებულს წაართვა ეჭვიანობის ნიადაგზე.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი