Facebook Twitter

საქმე # 330100120003459879

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №125აპ-21 ქ. თბილისი

ლ–ა გ., 125აპ-21 2 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი, გენდერული ნიშნით) შერაცხულ მსჯავრდებაში გამართლებას, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეცვლა, საზოგადოებისათვსის სასარგებლო შრომით, რომლის მოხდისგანაც უნდა გათავისუფლდეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შემდეგი ძირითადი მოტივებით: ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულ გ. ლ–ს ბრალეულობას, ვინაიდან განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ თ. ო–ს ჩვენებას; ამასთან, ჩატარებული არ არის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ. ო–ა გ. ლ–ს ქმედებების შედეგად განიცდიდა ტანჯვას; სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა გ. ლ–სა და თ. ო–ს მცირეწლოვანი შვილების ინტერესები.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ლ–ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. ლ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- თ. ო–ა და გ. ლ–ა 2013 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობენ თ.......ში, ..........ის ქუჩა №..-ში. 2019 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდში, თ.............ში, ..........ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ლ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ო–ს, კერძოდ: თმა მოქაჩა და დაარტყა ხელი სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

- 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც თ. ო–ამ მუშაობა დაიწყო, მეუღლეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც გ. ლ–ა 2019 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, დისკრიმინაციული მოტივით, გენდერული იდენტობის ნიშნით, თ. ო–ს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას და ამცირებდა. უკრძალავდა მუშაობას, თავისუფლად ცხოვრებასა და გადაადგილებას, რადგან ქალი იყო და უნდა მიეხედა შვილებისთვის, ამასთან, პერიოდულად აგდებდა სახლიდან და ეუბნებოდა, რომ არ იყო შვილების ღირსი, რის შედეგადაც დაზარალებული თავს გრძნობდა დამცირებულად, განადგურებულად, დაუცველად და განიცდიდა ტანჯვას.

- 2019 წლის 1-10 ივლისის პერიოდში, თ.........ში, ზ. ...........ის ქუჩა №..-ში, გ. ლ–ა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის დედას - შ. რ–ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით გ. ლ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი, გენდერული ნიშნით) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ლ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

გ. ლ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 დეკემბრიდან.

გაუქმდა გ. ლ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჟვანიამ და მსჯავრდებულ გ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ხ–მ.

- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ გ. ლ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან ერთად, საქართველოს სსკ-ის 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც და მისთვის სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ: მოითხოვა მსჯავრდებულ გ. ლ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი, გენდერული ნიშნით) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში - სასჯელის შემსუბუქება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მითითებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ. ლ–ს ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ თ. ო–ს პირდაპირი ჩვენების გარდა, საქმეში წარმოდგენილია ასევე დაზარალებულ შ. რ–ს პირდაპირი ჩვენება და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა (მოწმეების - ნ. ო–ს, ლ. დ–ს, ი. გ–სა და გ. მ–ს ჩვენებები, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, 2019 წლის 30 დეკემბრის შემაკავებელი ორდერები, შ. რ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა), რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. ლ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

9. სასჯელთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ლ–ს განსაზღვრული აქვს კანონიერი სასჯელი პიროვნული მახასიათებლების, ჩადენილ ქმედებათა სიმძიმის, ხასიათის, განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიღწევას. ამდენად, სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი