Facebook Twitter

ას-422-1088-03 3 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: უკანონო მშენებლობის აღკვეთა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 4 სექტემბერს ა. რ-მა ლ. და დ. რ-ების წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი. ქ. თბილისში, ... მდებარე ¹17 ბინაში მას თავის შვილთან ერთად მიეკუთვნა საცხოვრებელი ბინის 2/5 და რეალურად გამოეყო 16.81 კვ.მ ¹11 საცხოვრებელი ოთახი, რაც იდეალურ წილზე 1.53 კვ.მ-ით ნაკლებია. ოთახში შესახლების შემდეგ იგი ეწევა ლიცენზირებულ სანოტარო საქმიანობას.

2001წ. აგვისტოში მოპასუხემ მასთან შეთანხმების გარეშე გაჭრა კაპიტალური კედელი, რომელიც იზოლირებულია სხვა საცხოვრებელი ოთახებიდან და ჩასვა გასასვლელი კარები.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და უკანონო მფლობელობის აკრძალვა.

2001წ. 17 ოქტომბერს ლ. და დ. რ-ებმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მათ მოითხოვეს ურთიერთშეთანხმებით მოსარჩელის მიერ დაკავებული ¹1 ოთახის გამოთავისუფლება შესაბამისი ფართის ყიდვის ხარჯზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელეს აეკრძალოს მოპასუხის კუთვნილი ფართიდან მოქალაქეების მიღება და სასამართლოს 1998წ. 27 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად დაევალოს თავისი კუთვნილი ფართის იზოლირება.

ა. რ-მა 2002წ. 4 აპრილს წარადგინა დაზუსტებული სარჩელი.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით მას საკუთრებაში გამოეყო 16.81 კვ.მ-ის მქონე ¹11 ოთახი, ხოლო ¹1,2,3,4,5,6,7 და 81 სათავსები დარჩა საერთო სარგებლობაში. მოპასუხეს შექმნილი აქვს ახალი ოჯახი და თავისი მეუღლით სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ამ ბინაში, რის გამოც ფაქტობრივად ვერ იყენებს საერთო სარგებლობაში გამოყოფილ ქონებას.

მოსარჩელემ მოითხოვა საერთო სარგებლობის საგნებზე საზიარო უფლების გაუქმება და შესაბამისი კომპენსაციის ან ფართის მიკუთვნება.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით ა. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დაკმაყოფილდა დ. და ლ. რ-ების შეგებებული სარჩელი – ა. რ-ს აეკრძალა ლ. და დ. რ-ების კუთვნილი ფართით სარგებლობა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ კედელი გახსნა და კარები ჩასვა იმ ფართში, რომლის მესაკუთრეც არ არის მოსარჩელე, ამიტომ სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან მოპასუხე იყო სადავო ფართის მესაკუთრე, მოსარჩელეს აეკრძალა ამ ფართით სარგებლობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. და დ. რ-ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა – ა. რ-ს აეკრძალა ქ. თბილისში, ... მდებარე ¹11 (16.83 კვ.მ) საცხოვრებელი ფართის გარეთ დარჩენილი ¹1 ოთახის ნაწილით სარგებლობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ¹11 საცხოვრებელი ოთახი წარმოადგენდა სადავო ბინის ¹1 საცხოვრებელი ოთახის ნაწილს. რაიონულმა სასამართლომ ა. რ-ს აუკრძალა ¹1 ოთახით სარგებლობა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა ¹11 ოთახიც, რომელიც ა. რ-ის საკუთრება იყო. სკ-ის 170-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა შეგებებული სარჩელი, ა. რ-ს აუკრძალა ¹11 ოთახის ფართის გარეთ დარჩენილი ¹1 ოთახის ნაწილით სარგებლობა.

რაც შეეხება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლომ იგი უცვლელად დატოვა, ვინაიდან მოსარჩელეს გადაწყვეტილების ეს ნაწილი გასაჩივრებული არ ჰქონდა. 2003წ. 15 აგვისტოს ა. რ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კანონის დარღვევით. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა ¹1 ოთახის სარგებლობის აკრძალვის ნაწილში და ამ ოთახის საერთო სარგებლობაში დატოვება შემდეგი საფუძვლით:

ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით მას რეალურად გამოეყო 16.83 კვ.მ. ¹1 ოთახი. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს სსკ-ის 264-ე, 265-ე, 266-ე მუხლების მოთხოვნებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

შეგებებული სარჩელის ავტორი მოითხოვდა მოსარჩელის მიერ დაკავებული ¹1 ოთახის გამონთავისუფლებას შესაბამისი ფართის ყიდვის ხარჯზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვდა, ა. რ-ს აკრძალვოდა მოპასუხის კუთვნილი ფართიდან მოქალაქეების მიღება და რაიონული სასამართლოს 1998წ. 27 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, თავისი კუთვნილი ფართის იზოლიაცია.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა ლ. და დ. რ-ების შეგებებული სარჩელი, ა. რ-ს აუკრძალა ქ.თბილისში, ... მდებარე ¹11 (16.83 კვ.მ) საცხოვრებელი ფართის გარეთ დარჩენილი ¹1 ოთახის ნაწილით სარგებლობა.

სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვნია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

როგორც ზემოთ აღინიშნა შეგებებული სარჩელის ავტორი მოითხოვდა ¹1 ოთახის გამოთავისუფლებას შესაბამისი ფართის ყიდვის ხარჯზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი კუთვნილი ფართიდან მოქალაქეების მიღების აკრძალვასა და კუთვნილი ფართის თაობაზე სასამართლოს 1998წ. 27 მაისის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. ნაცვლად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ა. რ-ს აუკრძალა ¹11 საცხოვრებელი ფართის გარეთ დარჩენილი ¹1 ოთახის ნაწილის სარგებლობა, რაც შეგებებული სარჩელის ავტორს არ უთხოვია.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასამართლოს 1998წ. 27 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. რ-ს სადავო ბინიდან საკუთრების უფლებით გამოეყო ¹11 საცხოვრებელი ოთახი, ხოლო საერთო სარგებლობაში დარჩა დამხმარე ¹1,2,3,4,5,6,7 და 81 სათავსები. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ¹1 დამხმარე სათავსად მიჩნეულია ¹11 საცხოვრებელი ოთახის მიღმა დარჩენილი ¹1 ოთახის დანარჩენი 7.79 კვ.მ ფართის მქონე სათავსი. მითითებულ ბინაში სხვა ¹1 ფართი რეგისტრირებული არ არის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა კი იმაში გამოიხატება, რომ ჯერ ერთი, სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის ავტორს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვნია და მეორეც, გადაწყვიტა მხარეთა მიერ იმ ფართის სარგებლობისა და გამოყენების საკითხი, რომლის სარგებლობის წესიც მოდავე მხარეებს შორის დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სხვა გადაწყვეტილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები: რაიონული სასამართლოს 1998წ. 27 მაისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული ¹1 დამხმარე სათავსი ¹1 საცხოვრებელი ოთახის დარჩენილ 7,79 კვ.მ ნაწილს წარმოადგენს თუ არა და ამ გადაწყვეტილებით აღნიშნულ ფართზე მოდავე მხარეებს რა უფლებები გააჩნიათ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.