Facebook Twitter

საქმე # 330100120003771605

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№236აპ-21 ქ. თბილისი

ს–ი გ., 236აპ-21 21 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ს–ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების - გ. გ–სა და ა. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ს–ის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - ა. გ–მ და ა. გ–მ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში არის მკაცრი და ითხოვენ მის შემსუბუქებას. კასატორების მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა გ. ს–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, უდავოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, დაზარალებულთან შერიგებულია), რომელთა მხედველობაში მიღებითაც, შეეძლო მინიმალური სასჯელების შეფარება ან/და პირობითი მსჯავრის გამოყენება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენით გ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ს–ს მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 31 მაისიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 31 მაისს თ............ში, ............ში, ............. ქუჩაზე, მე-3 შესახვევის კორპუს №..-ში მდებარე №.. საცხოვრებელ ბინაში, არაფხიზელმა გ. ს–მ, კონფლიქტის დროს, არასრულწლოვან შვილს - ა. ს–ს ძლიერად დაარტყა ხელი მარცხენა ხელში, ხოლო მას შემდეგ, რაც დაზარლებულმა სახლიდან გაქცევა სცადა და წაიქცა, გ. ს–მ ყელში ძლიერად მოჰკიდა ხელი და ემუქრებოდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 31 მაისს თ...........ში, .............ში, ............ ქუჩაზე, მე-3 შესახვევის კორპუს №..;-ში მდებარე №.. საცხოვრებელ ბინაში, არაფხიზელი გ. ს–ი, კონფლიქტის დროს, არასრულწლოვან შვილს - ა. ს–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ,,მის სისხლს დალევდა“. აღნიშნული მუქარა ა. ს–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ს–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ–მ, რომელიც ითხოვდა მის შეცვლასა და გ. ს–ისათვის შეფარდებული სასჯელის მთლიანად ან მისი ნაწილის პირობითად ჩათვლას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულებს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, დაზარალებულთან შერიგებულია) და დამამძიმებელი (წარსული ნასამართლობა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) მხედველობაში მიღებით, გ. ს–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის, ერთი მხრივ, მთლიანად პირობითად ჩათვლას, იმის გათვალისწინებით, რომ, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს გ. ს–ს წინა ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწლებული არ ჰქონია, არ აქვს კანონიერი გამართლება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის), ხოლო, მეორე მხრივ, შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა არ არის მიზანშეწონილი, რადგან გ. ს–ის ქმედებაში გამოკვეთილია როგორც დანაშაულთა ერთობლიობა, ასევე - ორი მაკვალიფიცირებელი გარემოება: არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა და, მიუხედავად იმისა, რომ მას სასჯელი განესაზღვრა იდეალური ერთობლიობით, მაკვალიფიცირებელ გარემოებათა კუმულაცია ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.

9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ს–ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების - გ. გ–სა და ა. გ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი