Facebook Twitter

საქმე # 240100120003804358

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№160აპ-21 ქ. თბილისი

ჩ–ა მ., 160აპ-21 8 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჩ–ს ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ჩ–სადვოკატმა დ. გ–მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; დაზარალებულმა ნ. ჩ–მ და მოწმეებმა - ტ. ჩ–მ და თ. კ–მ არ მისცეს ჩვენებები სასამართლოს; მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მ. ჩ–ს მსჯავრდებას, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

2. სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ სართანია საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ იქნეს დაშვებული განსახილველად მსჯავრდებულ მ. ჩ–ს ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენი დარჩეს ძალაში.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მ. ჩ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2020 წლის 17 ივნისიდან.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჩ–ამ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით მ. ჩ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

- 2020 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ა........ის რაიონის სოფელ .........ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, მუქარისათვის ნასამართლევი მ. ჩ–ა ხელთ ნაქონი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ნ. ჩ–ს რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ჩ–სინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა მ. ჩ–ს ბრალეულობა; საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს მოცემულობას, რომ დაზარალებულმა ნ. ჩ–მ და მოწმეებმა - ტ. ჩ–მ და თ. კ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა, მეორე მხრივ, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მ. ჩ–ს მიერ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა ცალსახად დადასტურებულია საქმეში არსებული, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - დ. ყ–ის, შ. მ–ის, პ. კ–ასა და ო. ს–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებით, ალკოტესტზე შემოწმების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ჩ–ს ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი