ას-428-709-04 16 ნოემბერი 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 17 სექტემბერს ი. ი.-მ სარჩელი აღძრა ს. დ.-ის მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2001წ. ოქტომბერში მოპასუხეს ამავე წლის 31 ნოემბრამდე უპროცენტოდ ასესხა 2000 აშშ დოლარი, რის შესახებ შედგა მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელწერილი. ს.დ.-ს ვალდებულება დროულად არ შეუსრულებია და, ი.ი.-ის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, თანხა არ დაუბრუნებია. მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის ძირითადი თანხის _ 2000 აშშ დოლარის, მატერიალური ზიანის _ 1500 აშშ დოლარისა და სამოქალაქო კოდექსი 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ანუ 3500 აშშ დოლარის 3%.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ი.ი.-ისაგან 2001წ. სექტემბერში ნამდვილად აიღო სესხი _ 1500 აშშ დოლარი 10%-ის დანარიცხით. მხარის მითითებით, თანხის გადაცემისთანავე მოსარჩელეს გადაუხადა პირველი არასრული თვის პროცენტი _ 100 აშშ დოლარი, ხოლო 2002წ. მარტში _ 2000 აშშ დოლარი. ამდენად, ს. დ.-მ ი. ი.-ის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
პირველი ინტანციით საქმის განხილვისას მოსარჩელემ მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის _ 1500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა შეამცირა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ს. დ.-ს ი. ი.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა და წარმოდგენილი ხელწერილის ნამდვილობა მოპასუხის მიერ დადასტურებულ იქნა, ამდენად, იხელმძღვანელა სსკ-ის 131-ე მუხლით და მოსარჩელის განმარტება 2000 აშშ დოლარის ს.დ.-ისათვის გადაცემის ფაქტის თაობაზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო ი.ი.-ის მოთხოვნა 3%-ის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ამ უკანასკნელ არ წარმოუდგენია სადავო პერიოდისათვის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული წლიური საპროცენტი განაკვეთი. მოპასუხის არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა დაუსაბუთებლობის გამო.
რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ი. ი.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სამქეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ ს. დ.-ს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის 1040 აშშ დოლარის ეკვივალნეტი ლარი. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს. დ.-მ ი. ი.-ისაგან ისესხა 2000 აშშ დოლარი, რაც მას დათქმულ ვადაში _ 2000წ. ნოემბრისათვის არ დაუბრუნებია. გადაწყვეტილება ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ს. დ.-ს არ გაუსაჩივრებია და იგი შევიდა კანონიერ ძალაში. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსი 403-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ი.ი.-ის მოთხოვნა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 2%-ის დაკისრების ნაწილში კანონიერია. ამდენად, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო მომენტისათვის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობა ორიდან სამ პროცენტამდე მერყეობდა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2002წ. ნოემბრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე სულ 1040 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ს. დ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ს. დ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე, სამოქალაქო კოდექსოს 403-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 625-ე მუხლზე და განმარტა, რომ სადავო გარიგებით შეთანხმება პროცენტის თაობაზე არ ყოფილა. კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლომ მას პროცენტის გადახდა დააკისრა საპროცენტო განაკვეთის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე და არასწორად მიუთითა ამ კუთხით დამკვიდრებულ პრაქტიკაზე. ს.დ.-ის აზრით, სსკ-ის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსი 403-ე მუხლის ნაცვლად უნდა გამოეყენებინა 625-ე მუხლი. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ი. ი.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო შემდეგი:
ს. დ.-მა ი. ი.-ისაგან ისესხა 2000 აშშ დოლარი, რაც მას დათქმულ ვადაში _ 2000წ. ნოემბრისათვის არ დაუბრუნებია. გადაწყვეტილება ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ს.დ.-ს არ გაუსაჩივრებია და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ მართებულად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დააკმაყოფილა ი. ი.-ის სააპელაციო მოთხოვნა სესხზე პროცენტის დაკისრების თაობაზე სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრნობით, რომლის ძალითაც მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადა გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამდენად, მითითებული ნორმით ს. დ.-ს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სწორად დაეკისრა პროცენტის გადახდა.
ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სკ-ის 625-ე მუხლი. დასახელებული ნორმით სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კასატორს სწორედ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან შესაბამისობაში დაეკისრა პროცენტის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.