ას-429-1212-03 20 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: უზრუნველყოფილ კრედიტორად შეყვანა, საპროცესო ვადის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით სს “ქ-ოს” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება, ამავე განჩინებით “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ვალაუვალი მოვალის ყველა კრედიტორს დაევალა დადგენილ ვადაში, 2002წ. 30 ოქტომბრამდე, სასამართლოში წარედგინა თავიანთი მოთხოვნები, ხოლო “დ” ქვეპუნქტის თანახმად კი ყველა ის პირი, ვისაც ჰქონდა საკუთრების ან გირავნობის მოთხოვნის უფლება ვალაუვალი მოვალის ქონებაზე, სასამართლომ დაავალა თავისი უფლების შესახებ განეცხადებინათ გაკოტრების მმართველთან მოთხოვნათა წაყენების ვადაში – 2002წ. 30 ოქტომბრამდე.
რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნის განცხადებით მიმართა 2003წ. 10 იანვარს და მოითხოვა სს “ქ-ოს” გაკოტრების ტაბულაში უზრუნველყოფილ კრედიტორად შეყვანა. მოთხოვნათა წაყენების ვადის დარღვევად კი მიუთითა ის გარემოება, რომ მათ სამსახურში არც ერთ თანამდებობის პირს არ ევალებოდა რესპუბლიკაში გამოცემული გაზეთების კითხვა და, შესაბამისად, მათთვის სს “ქ-ს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროებიდან.
რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 2003წ. 31 იანვარს კვლავ მიმართა სასამართლოს და განაცხადა, რომ “გაკოტრების წარმოების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მათ სს “ქ-ს” მიმართ ჰქონდათ გირავნობის მოთხოვნის უფლება და სასამართლო ვალდებული იყო, დაევალებინა მისთვის მოთხოვნათა წაყენების ვადაში განეცხადებინა გაკოტრების მმართველთან ამ უფლების შესახებ, რაც სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა.
2003წ. 18 თებერვალს სასამართლოში კვლავ შევიდა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა 2003წ. 10 და 31 იანვრის განცხადებების განხილვას.
2003წ. 31 მარტს კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის – ვ. კ-ას მორიგი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად ყველა წინამდებარე განცხადებები წარმოადგენს განცხადებებს საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ და შესრულებულია ის საპროცესო მოქმედება, რომლის ვადაც გასულია, ანუ შეტანილია მოთხოვნის განაცხადი. საპროცესო ვადის გაშვების საპატიო მიზეზად კი ამჯერად განმცხადებელი მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს არ უცნობებია მისთის სს “ქ-ოს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ. საბოლოოდ განმცხადებელმა მოითხოვა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003წ. 31 მარტის განცხადების, ასევე უკვე შეტანილი განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ვადის აღდგენის გზით სს “ქ-ოს” კრედიტორთა ტაბულაში რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შეყვანის თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის განჩინებით უარი ეთქვა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას სს “ქ-ოს” გაკოტრების ტაბულაში უზრუნველყოფილ კრედიტორად შეყვანაზე.
ეს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსმა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა სს “ქ-ოს” გაკოტრების საქმის წარმოება. ამავე განჩინებით საზოგადოების კრედიტორებს მოთხოვნის წარდგენის ვადად განესაზღვრა 2002წ. 30 ოქტომბერი.
2003წ. 6 იანვარს მოწვეულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრება, ხოლო იმავეწ. 10 იანვარს, 31 იანვარს, 18 თებერვალსა და 31 მარტს რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა, გაკოტრების ტაბულაში უზრუნველყოფილ კრედიტორად შეყვანა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გაკოტრების სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია არ წარმოადგენს უზრუნველყფოილ კრედიტორს და ასეთად იგი ვერ იქნება შეყვანილი გაკოტრების ტაბულაში. პალატამ მიიჩნია, რომ ასეთი პირი უნდა დაკმაყოფილდეს განცალკევებულად დატვირთული ქონებიდან და არა გაკოტრების მასიდან, ეს მოთხოვნა წარმოშობილი უნდა იყოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ე.ი. მოვალის ნივთი დატვირთული უნდა იყოს გირავნობით ან იპოთეკით, სანამ გაიხსნება მის ქონებაზე გაკოტრების საქმის წარმოება. აღნიშნულის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა “გაკოტრების შესახებ” კანონის მე-20 მუხლზე.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმა იმპერატიულად მოითხოვს გირავნობის უფლების რეალიზაციას ანუ მის რეგისტრაციას, რაც საგადასახადო ინსპექციას არ განუხორციელებია, ამიტომ იგი ვერ იქნება აღიარებული უზრუნველყოფილ კრედიტორად.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გაკოტრების სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 285-ე მუხლის “გ-ზ” პუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, განჩინების შესავალ ნაწილში დავის საგნად მიუთითა საპროცესო ვადის აღდგენა, მაგრამ დადგენილება გამოიტანა საგადასახადო ინსპექციის სს “ქ-ოს” უზრუნველყფოილ კრედიტორად შეყვანაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისად, განჩინების დადგენილებითი ნაწილი ეწინააღმდეგება სამოტივაციო ნაწილში გაკეთებულ დასკვნებს.
სააპელაციო პალატამ “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ კანონის” მე-4 მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 64-69-ე მუხლები, რადგან აღნიშნული ნორმები არ ეწინააღმდეგება გაკოტრების შესახებ კანონის მიზანს, რადგან ამ ნორმებით დაცული იქნება კრედიტორის ინტერესები. პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, საგადასახადო ინსპექცია მოითხოვდა ვადის აღდგენას, მაგრამ სინამდვილეში მისი მოთხოვნების შინაარსი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენდა სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას. გაკოტრების სასამართლომ კი იმსჯელა ამ ვადის არა გაგრძელებაზე, არამედ აღდგენაზე.
პალატამ დადგენილად ცნო, რომ “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით, ყველა იმ პირებს, რომელსაც ვალაუვალი მოვალის ქონებას მიკუთვნებულ ნივთზე აქვთ საკუთრების ან გირავნობის მოთხოვნის უფლება, დაევალათ ამ უფლების განცხადება გაკოტრების მმართველთან იმავეწ. 30 ოქტომბრამდე. გაკოტრების მმართველისათვის 2002წ. 9 აგვისტოს ცნობილი იყო, რომ სს “ქ-ოს” გააჩნდა სახელმწიფოს დავალიანება, რომლის დაკისრების მიზნით რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას აღძრული ჰქონდა სარჩელი. იმავეწ. 27 სექტემბერს რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ “ქ-ოს” გაკოტრების მმართველს ოფიციალურად აცნობა დაზუსტებული დავალიანების შესახებ, რამაც შეადგინა 12 მილიონ 689 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გაკოტრების სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნული დოკუმენტები, როცა მიუთითა, რომ დოკუმენტში გარკვევით არაა ნათქვამი კრედიტორული მოთხოვნის აღიარების შესახებ.
აღნიშნული საფუძვლებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს გაკოტრების სასამართლოს, რომელმაც უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს შემდეგი საკითხი – რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 27 სექტემბრის წერილი ხომ არ წარმოადგენდა დროულ განაცხადს კრედიტორული დავალიანების შესახებ და თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული მოთხოვნის წარდგენის ვადა გაშვებული აქვს, ხომ არ არის იგი გამოწვეული საპატიო მიზეზით და ხომ არ არის შესაძლებელი ამ ვადის გაგრძელება.
მოთხოვნის წარდგენის ვადის გაგრძელების, ან ვადის დაცულად ცნობის შემთხვევაში მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და შემოწმდეს მოთხოვნის მოცულობა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” კანონის 62 მუხლის მესამე პუნქტი.
სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ, ასევე სს “ქ-ოს” კრედიტორთა კომიტეტის წევრმა მ.ბერაძემ.
რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას, კერძოდ, შეიცვალოს განჩინების სამოტივაციო ნაწილი გირავნობის უფლების შესახებ და სს “ქ-ოს” ქონების მიმართ დადგინდეს მათი კანონისმიერი გირავნობის უფლება.
საგადასახდო ინსპექციის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლი და არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 244-ე მუხლი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, 244-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეტყობინების გაგზავნის შესახებ იმპერატიულ მოთხოვნას არ შეიცავს და, შესაბამისად, არ მიუთითებს, რომ გირავნობის უფლების წარმოშობა დამოკიდებულია შეტყობინების გაგზავნაზე მოვალესა და საჯარო რეესტრისათვის. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სს “ქ-ოს” ქონება ამჟამად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და გირავნობის უფლების შესახებ მოვალეს ეცნობა ჯერ კიდევ 2002წ. 19 მარტის საოლქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით. საგადასახადო ინსპექციას გირავნობის უფლება გააჩნია მთელ ქონებაზე, რადგან საგადასახადო ვალდებულების ოდენობა შეადგენს 12683101,58 ლარს.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გირავნობის უფლების რეალიზაცია ნიშნავს არა მის რეგისტრაციას, არამედ იძულებით გადახდევინების – სააღსრულებო წარმოების დაწყებას.
ამდენად, საჩივრის ავტორების აზრით, ქ. რუსთავის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 393-ე მუხლის დარღვევები.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ საოლქო სასამართლომ მათ არ მისცა განმარტება კერძო საჩივრის იმ საფუძვლების მიმართ, რომელიც ეხებოდა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-12,2 (პერიოდულ გამოცემების შესახებ) და 12.3ბ (მარეგისტრირებელი უწყების შესახებ) მუხლებს.
სს “ქ-ს” გაკოტრების მმართველი და კრედიტორთა კომიტეტის წარმომადგენელი მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ განჩინება სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის დარღვევითაა გამოტანილი.
გაკოტრების მმართველს მიაჩნია, რომ სასამართლო გასცდა საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნას, როდესაც იმსჯელა ვადის გაგრძელებაზე. საგადასახადო ინსპექცია მოითხოვდა ვადის აღდგენას, ხოლო ბოლოს ითხოვდა მხოლოდ უზრუნველყოფილ კრედიტორად შეყვანას ტაბულაში.
გაკოტრების მმართველი თვლის, რომ არასწორია საოლქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სსკ-ის 64-66-ე მუხლები არ ეწინააღმდეგება “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მიზანს.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვადის აღდგენა უშუალო კავშირშია ყველა დანარჩენის ქონებრივ ინტერესებთან. საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა უნდა შეისწავლონ არა დამოუკიდებლად საპროცესო ნორმების საფუძველზე, არამედ მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე, სადაც თითოეულ კრედიტორს ექნება თავის მოსაზრების გამოხატვისა და დავის შესაძლებლობა.
გაკოტრების მმართველის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ რუსთავის სასამართლომ არასწორად შეაფასა საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 27 სექტემბრის წერილი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული წერილი არ შეიცავს მოთხოვნის განაცხადის არც ერთ კომპონენტს.
კასატორი ასეე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც იმსჯელა საგადასახადო ინსპექციის კრედიტორული მოთხოვნის მოცულობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-20 მუხლი განსაზღვრავს საკუთრების ან გირავნობის უფლების მქონე მესამე პირის უფლებებს. აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საგანი, რომელიც გირავნობის უფლებით არის დატვირთული, შეიძლება გაყიდოს გაკოტრების მმართველმა, რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგებიდან თუ იგი საკმარისი იქნება, დაკმაყოფილდება მესამე პირის, როგორც გაკოტრების კრედიტორის მიკუთვნებული მოთხოვნა არა უმეტეს 3/4-ის ოდენობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ასეთი პირი უნდა დაკმაყოფილდეს განცალკევებულად დატვირთული ქონებიდან და ეს მოთხოვნა წარმოშობილი უნდა იყოს გაკოტრების წარმოების გახსნამდე; ე.ი. მოვალის ნივთი დატვირთული უნდა იყოს გირავნობით ან იპოთეკით მანამ, სანამ გაიხსნება მის ქონებაზე გაკოტრების საქმის წარმოება.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თავისთავად უფლების არსებობა არ ნიშნავს მის ავტომატურ რეალიზაციას. კანონმდებელი ყველა შემთხვევაში მოითხოვს უფლების მქონე პირისაგან გარკვეული იურიდიული მოქმედებების შესრულებას, რომელსაც უნდა დაუკავშირდეს იმ სამართლებრივი შედეგების წარმოშობა, რასაც ეს უფლება განაპირობებს. სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად განმარტა საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლი და ჩათვალა, რომ აღნიშნული ნორმა მოითხოვს გირავნობის უფლების რეალიზაციას ანუ მის რეგისტრაციას, რაც საგადასახადო ინსპექციას არ განუხორციელებია, ამიტომ იგი უზრუნველყოფილ კრედიტორად ვერ იქნება აღიარებული.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა კომიტეტის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსკ-ის 64-66-ე მუხლები ეწინააღმდეგება “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მიზანს, რადგან ამ კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევა და მოვალის საწარმოს ლიკვიდაციით ან რეაბილიტაციით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სსკ-ის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით დადგენილი არ არის შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა. საკასაციო პალატა თვლის, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონით არის დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა, კერძოდ, 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების ტაბულაში უნდა ჩაიწეროს ის განცხადებული მოთხოვნებიც, რომლებიც შემოვა მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლის შემდეგ, ისინი უნდა შემოწმდეს კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ დამატებით სხდომაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაკოტრების სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს შემდეგი საკითხი – რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 27 სექტემბრის წერილი ხომ არ წარმოადგენს დროულ განაცხადს კრედიტორული დავალიანების შესახებ და ვადის დაცულად ცნობის შემთხვევაში მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება, შემოწმდეს საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნის მოცულობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გაკოტრების სასამართლომ საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა იმ შემთხვევაშიც უნდა შეამოწმოს კრედიტორთა კრებაზე, თუკი დაადგენს, რომ მათი მოთხოვნა შემოსულია დაგვიანებით.
საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა, რომ უნდა იქნეს შემოწმებული კრედიტორთა კრებაზე, ამას კერძო საჩივრის ავტორებიც ეთანხმებიან აქედან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.