Facebook Twitter

ას-4-315-04 10 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: წისქვილის აღება ან ფულადი კომპენსაციის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ჩ-ემ გ. ჩ-ის საცხოვრებლი სახლიდან 5 მეტრით დაშორებულ შენობაში თვითნებურად დაამონტაჟა ელექტროწისქვილი.

გ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს დ. ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა წისქვილის 100 მეტრით მოშორებით გადატანა ან ფულადი კომპენსაციის _ თვეში 510 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დ. ჩ-ეს დაევალა წისქვილის მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის დაშორებით გადატანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ თავდაპირველად წისქვილის აგრეგატები მოპასუხემ განალაგა ოთახში, რომელსაც ფანჯარა მოსარჩელის ეზოს მხარეს ჰქონდა, ხოლო უკანა კარები _ საძინებელი ოთახის მხარეს. სარჩელის შეტანის შემდეგ მოპასუხემ ჯერ ამოაშენა წისქვილის ფანჯარა, შემდგომ კი წისქვილის დანადგარები გადაიტანა წინა ოთახში, რომელიც თავად მოპასუხის სახლის მხარესაა განთავსებული, ამასთან დამატებით გააუმჯობესა ხმაურის იზოლაცია, შეცვალა ძრავა.

სასამართლომ ადგილზე შეამოწმა წისქვილისაგან მომდინარე ხმაური და დაადგინა, რომ წისქვილისაგან მომდინარე ხმაური მოსარჩელის ეზოში, იმდენად დაბალია, რომ განსაკუთრებული მიყურადების გარეშე ხმა არ ისმის, ხოლო მოშორებით, საძინებელ ოთახში, ხმაური უფრო დაბალი იყო. აღნიშნული დადასტურებულ იქნა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ცნობითა და მოსარჩელის მიერ. მისი განმარტებით, ხმაურის დონე შემცირებულია, მოპასუხემ გაუკეთა დამატებითი იზოლაცია, მაგრამ წისქვილი მაინც ხელს უშლის.

სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ზესტაფონის რაიონული ინსპექციის ცნობით მოსარჩელის საძინებელ ოთახში ხმაურის დონე შეადგენდა 70 დბ-ს, ნაცვლად ნორმით დაშვებული 50 დბ-სა.

მოპასუხის მიერ წისქვილის ფანჯრის ამოშენებისა და კარების იზოლირების შემდეგ კვლავ გაზომილ იქნა ხმაურის დონე, რა დროსაც იგი შემცირებული იყო 31 დბ-მდე, რაც დასაშვებ დონეზე ნაკლებია.

მესამეჯერ ხმაურის დონე გაიზომა 2003წ. 12 ნოემბერს, რა დროსაც მოსარჩელის საძინებელ ოთახში ხმაურის დონე შეადგენდა 22-23 დბ-ს ოთახში _ 21-23, ხოლო ეზოში _ 23-24 დბ-ს, რაც ორჯერ ნაკლებია დაშვებულ ნორმაზე. გაზომვის შედეგებთან დაკავშირებით მოსარჩელის პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

სააპელაციო პალატამ ხმაურის დონის დასადგენად დანიშნა ასევე საინჟინრო-ტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზა, მაგრამ სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ექსპერტიზა ვერ ჩატარდა (ხმაურის ფონის გამზომი მოწყობილობის არ ქონა ხარჯები, უშუქობა.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 174-ე, 175-ე მუხლები და დაადგინა, რომ წისქვილისაგან მომდინარე ხმაური დადგენილ ნორმაზე ნაკლებია, რის გამოც მოსარჩელის მიერ თავისი ქონებით სარგებლობაში მნიშვნელოვნად ვერ ხელყოფს მის უფლებებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ 2003წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორის მოსაზრებით, ხმაურის დონის გარკვევა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, მართალია, სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა, მაგრამ იგი არ ჩატარებულა. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ხმაურის დონე განესაზღვრა სპეციალისტს, მაგრამ მისი შუადგომლობა არ არის შეტანილი სხდომის ოქმში.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 324-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე 288-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 115-ე, 170-ე და 174-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ წისქვილისაგან გამომდინარე ხმაური დადგენილ ნორმაზე დაბალია. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ცნობებით, სასამართლოს მიერ ადგილზე შემოწმებით. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კასატორის მითითება, რომ მისი შუამდგომლობა სხდომის ოქმში არ არის აღნიშნული, რითაც სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 288-ე მუხლი, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ არის შენიშვნები წარდგენილი სხდომის ოქმის მიმართ.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე და 324-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან კასატორი ვერ მიუთითებს, კერძოდ, რაში გამოიხატა აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დარღვევა. ამასთან, 324-ე მუხლი ითვალისწინებს მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ სარჩელის განხილვისას ფსიქიატრიული ექსპერტიზისათვის მოქალაქის იძულებით გაგზავნის წესებს. აღნიშნული კი არანაირ კავშირში არ არის მოცემულ დავასთან, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნული ნორმის მოთხოვნას ვერ დაარღვევდა.

სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ამავე კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომელზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რაც მის მოთხოვნას დაადასტურებდა. კანონის თანახმად კი სასამართლო არ არის ვალდებული, თავისი ინიციატივით მოიძიოს მტკიცებულებები, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლომ საქმის გარემოებათა გასარკვევად მიმართა კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას და სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, თავისი შინაგანი რწმენით ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განიხილა და შეაფასა მტკიცებულებები, რის შედეგადაც გააკეთა სწორი დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო წისქვილიდან გამომდინარე ხმაურის დონე უმნიშვნელოა და სკ-ის 175-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა ითმინოს უმნიშვნელო ხელყოფა. ვინაიდან, მოცემულ ადგილას ზემოქმედება არ აღემატება ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკოლოგიურად დასაშვებ ფარგლებს, მოსარჩელის მოთხოვნა თმენის კომპენსაციის ნაწილშიც უსაფუძვლოა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.