Facebook Twitter

ას-432-714-04 7 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 8 იანვარს თ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. ბ-ს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი მარტოხელა, მეორე ჯგუფის ინვალიდი პენსიონერია. მოპასუხემ და ნოტარიუსმა შეცდომაში შეიყვანეს და ხელი მოაწერინეს ნასყიდობის ხელშეკრულებას ბინის 1500 ლარად გაყიდვის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულება დაადებინეს მოტყუებით და მისთვის თანხა არავის გადაუხდია.

გ. ბ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ბინიდან თ. ბ-ის გამოსახლება.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აპრილის განჩინებით საქმე გ. ბ-ის შეგებებული სარჩელის ნაწილში წარმოებით შეწყდა, ვინაიდან მან უარი თქვა სარჩელზე. ამავე სასამართლომ 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა თ. ბ-ის სარჩელი იმ მოტივით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაცნობის საშუალება მოსარჩელეს ჰქონდა და არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შინაარსი მისთვის ხელმოწერიდან 3 თვის შემდეგ გახდა ცნობილი. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის განცხადება, რომ ეს იყო სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება.

აღნიშნული საქმე მრავალგზის იქნა განხილული და, ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დადამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია, რომ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000წ. 31 აგვისტოს აწ გარდაცვლილმა თ. ბ-ემ, რომლის უფლებამონაცვლეა აპელანტი _ ლ. ბ-ე, მთელი თავისი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე თბილისში, ....., უანდერძა გ. ბ-ს, რომელიც იყო მისი ნათესავი.

2001წ. 12 ოქტომბერს თ. ბ-ესა და გ. ბ-ს შორის გაფორმდა აღნინული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ. ბ-ემ გაასხვისა ბინა გ. ბ-ზე 750 აშშ დოლარად.

თ. ბ-ე თავის სარჩელში ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად არ ასახელებდა იმ გარემოებას, რომ რეალურად მასსა და გ. ბ-ს შორის დადებული იყო სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების არსებობას მხარეთა შორის კატეგორიულად უარყოფს მისი უფლებამონაცვლეც _ ლ. ბ-ე, რომელმაც განაცხადა, რომ მის დას არაფერი სჭირდება გ. ბ-ისაგან, პირიქით, დახმარებას თვით საჭიროებს. ლ. ბ-ის განცხადებით, გ. ბ-ს ეკონომიკურად უჭირდა და ამიტომ თავის მარტოხელა დას სურდა, ბინა გ. ბ-ს დარჩენოდა.

სამისდღემშიო რჩენის შესახებ გარიგების ფაქტი უარყო გ. ბ-მაც. ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ-ესა და გ. ბ-ს შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ ატარებდა თვალთმაქცურ ხასიათს.

როგორც თ. ბ-ე თავის სარჩელში, ისე ლ. ბ-ე, როგორც წარმომადგენელი (თ. ბ-ე, როგორც მძიმე ავადმყოფი, ვერ ესწრებოდა სასამართლოს სხდომებს), შემდეგ კი უფლებამონაცვლე, ამტკიცებდნენ, რომ გარიგება დაიდო მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით.

სკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე, ხოლო 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

მოცემულ შემთხვევაში ვერც თ. ბ-ემ და ვერც შემდგომში ლ. ბ-ემ ვერ ახსნეს, თუ რაში მდგომარეობდა გ. ბ-ის მხრიდან თ. ბ-ის ნდობის ბოროტად გამოყენება ან მისი მოტყუება, სარჩელში თ. ბ-ე უთითებს, რომ არ წაუკითხავს ხელშეკრულება და ისე აწერდა მას ხელს „თითქოს სახლის გასხვისებისათვის რაღაც საბუთს“. უფრო მეტიც, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო იყო საბუთების შეგროვება და 2001წ. 10 ოქტომბერს თ. ბ-ემ, რომელიც, როგორც აღინიშნა, იყო მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფი, მისცა თავის დას _ ლ. ბ-ეს რწმუნებულება, „შეაგროვოს საბუთები ტექბიუროდან, საჯარო რეესტრიდან, ნოტარიუსთა პალატიდან და ა.შ. თბილისში, ..... მდებარე ბინაზე“.

ამდენად, თ. ბ-ეს სურდა გაესხვისებინა ბინა გ. ბ-ზე. აღნიშნული დასტურდება მესამე პირის _ ნოტარიუს მ. ჟ-ას ახსნა-განმარტებითაც, რომელმაც განაცხადა, რომ გააცნო თ. ბ-ეს ხელშეკრულების შინაარსი და თ. ბ-ეს სურდა სწორედ ამ გარიგების დადება.

ამასთან, პალატამ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოში ლ. ბ-ე ამტკიცებდა იმას, რომ მის დას სურდა გ. ბ-ის სასარგებლოდ დაწერილი ანდერძის „გამაგრება“, თუმცა ვერ ახსნა, რას ნიშნავს ეს რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ თ. ბ-ეს სურდა ბინის გ. ბ-ისათვის საკუთრებაში გადაცემა, ისეთი ფორმით, რომ მის ძმას _ თ. ბ-ეს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, შემდგომში პრეტენზია გამოეთქვა ბინაზე.

სასამართლოს შეკითხვაზე, თუ როდის ჩათვალა თ. ბ-ემ თავი მოტყუებულად და თავის უფლებები შელახულად, ლ. ბ-ემ განმარტა, რომ მაშინ, როდესაც გ. ბ-მა უხეშად მიმართა მას და მოითხოვა, ყველაფერში დაუჯეროს მის მეუღლეს.

ამასთან დაკაშვირებით, პალატამ მიუთითა, რომ მოტყუებას ადგილი უნდა ჰქონდეს გარიგების დადების მომენტში, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ხოლო თუ მყიდველი შემდეგ გამყიდველს შეურაცხყოფას მიაყენებს, ეს ვერ გახდება ამ გარიგების ბათილობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, მხარეთა ნება მიმართული იყო ამ ბინის გ. ბ-ის საკუთრებაში გადაცემისაკენ, რაც მოხდა კიდეც, ხოლო თუ გ. ბ-მა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არ გადასცა თ. ბ-ეს შესყიდვის ფასი, აღნიშნული არ წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს, რის გამოც იგი ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.

საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგიFსაფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, აგრეთვე, არასწორად განმარტა სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილი.

ლ. ბ-ემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება თ. ბ-ესა და გ. ბ-ს შორის არ შემდგარა და თ. ბ-ეს არასდროს გამოუხატავს აღნიშნული ხელშეკრულების დადების სურვილი. ლ. ბ-ის აზრით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით და საქმეში არ მოიპოვება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ან გადაცემის დამადასტურებელი საბუთი. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა საქმეზე წარმოდგენილი ცალკეული მტკიცებულებანი, არ შეაფასა ერთობლიობაში და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები არ დაადგინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. აღნიშნული კანონდარღვევა გამომდინარეობს სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შეუსრულებლობის საფუძველზე.

დავის საგნის მიხედვით, ლ. ბ-ე აღიარებითი სარჩელით ითხოვს გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) არარსებობის დადგენას. მოსარჩელე მიუთითებს იურიდიული ინტერესის შესახებაც. მოსარჩელე თვლის, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება ნაკლის მქონეა, რადგან იგი მოატყუეს. მოსარჩელე პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას მოცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებს გარემოებებზე, რომელთა გამოც მან შეცდომით გამოავლინა ბინის გ. ბ-ზე გასხვისების ნება. უდავოა, რომ მოსარჩელემ მთელი ქონება 2002წ. 31 აგვისტოს ანდერძით მოპასუხეს უანდერძა. მოპასუხე, როგორც შესაგებელში, ისე ახსნა-განმარტებაში არ უარყოფს მოსარჩელესთან ახლო ნათესაურ ურთიერთობას და იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს, როგორც მოხუცსა და ავადმყოფს, მატერიალურად ეხმარებოდა. ამ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მოსარჩელის ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებებს (საამშენებლო კომპანიის მიერ ბ-ესთან წარმოებული მოლაპარაკება ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილებისა და კომპენსაციის სახით 1800 აშშ ლარის გადახდის თაობაზე, სახელშეკრულებო ფასის გადაუხდელობა და სხვა) სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება. აღნიშნულ გარემოებებს მნიშვნელობა აქვთ სარჩელის გადასაწყვეტად.

პალატა მიუთითებს, რომ გარიგების ნამდვილობის შემოწმებისას უნდა გაირკვეს ნების გამოვლენა ხომ არ არის ნაკლის მქონე. ყოველი ნების გამოვლენა არის ნაკლის მქონე, თუ გარეგნულად გამოხატული ნება არ ემთხვევა შინაგან ნებას. ნების ნაკლის მქონეა საცილო გარიგებები. სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან. დავის შემთხვევაში შეცილების ნამდვილობის თაობაზე სასამართლო ადგენს მხოლოდ არის თუ არა შეცილება დასაბუთებული. (ვადაშია თუ არა შეცილება წარდგენილი, შეცილების საფუძველი, მაგ. შეცდომა, მოტყუება, ძალადობა არსებობდა თუ არა გარიგების დადებისას).

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ განსახილველი დავის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს მოსარჩელის მიერ გარიგების საცილოობის დასაბუთებისათვის მის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის ფაქტი, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (თუკი ისინი ნამდვილად არსებობს) იწვევენ იმ შედეგს, რასაც მოსარჩელე მოითხოვს. ამასთან, პალატა თვლის, რომ სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, გააუქმა თუ არა ლ. ბ-ემ 2002წ. 31 აგვისტოს ანდერძი და როდის _ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ. ამ გარემოების გამორკვევაც ხელს შეუწყობს ლ. ბ-ის მიერ ბინის გასხვისების თაობაზე ნების გამოვლენის ნამდვილობის დადგენას. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბინის ნასყიდობის ფასის გადახდა დადგენილი არ არის. ფასის გადაუხდელობის ფაქტიც შეიძლება კავშირში იყოს ნების გამოვლენის ნაკლთან (მოტყუებასთან).

ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ თუ დადგინდება სახელშეკრულებო ფასის გადაუხდელობის ფაქტი, მაშინ სასამართლომ მოსარჩელეს უნდა დააზუსტებინოს მოთხოვნა, რადგან, როგორც შეცილება, ისე ხელშეკრულებაზე უარის თქმაც წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივი აღმჭურველი უფლების განხორციელებას, შესაბამისად, აუცილებელია ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ ნების გამოვლენა, თუმცა ირკვევა, რომ მოსარჩელეს არ სურს ხელშეკრულების შენარჩუნება. სკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარი ნების გამოვლენა შესაძლოა განიმარტოს, როგორც ხელშეკრულებაზე უარის თქმა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :P

ლ. ბ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყფოილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.