საქმე # 140100120003827354
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №202აპ-21 ქ. თბილისი
თაგვიაშვილი თეიმურაზ, 202აპ-21 20 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. კ–სა და ნ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. თ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. კ–მ და ნ. ბ–მ. კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულ თ. თ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას მის მიერ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების, მისი ასაკის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის, დანაშაულის ჩადენის შემდგომი ქცევისა და დაზარალებულთან შერიგების ფაქტის გათვალისწინებით.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით თ. თ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 19 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 111 ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 19 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, თ. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
მსჯავრდებულ თ. თ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 20 ივნისიდან.
გაუქმდა თ. თ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. თ–მ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ.
თ. თ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, კ......ის რაიონის სოფელ .....ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, თ. თ–ი, შვილს - თ. თ–ს, დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 20 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, კ........ის რაიონის სოფელ ...............ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თ. თ–მ, შვილს - თ. თ–ს, 5 წლის შვილის - გ. წ–ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელის კვრით მიაჯახა სახლის ბეტონის კიბეს, რის შედეგადაც ნ. თ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ..........ის რაიონის სოფელ ........ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მთვრალმა თ. თ–მ, შვილს - თ. თ–ს, 5 წლის შვილის - გ. წ–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტები თავის არეში და ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ნ. თ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, იმავე დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 5 წლის შვილიშვილს - გ. წ–სს, რომელსაც მკლავებში მოკიდა ხელი, ძლიერად მოუჭირა და შეანჯღრია, რის შედეგადაც გ. წ–სი წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ.......ის რაიონის სოფელ .....ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მთვრალი თ. თ–ი, შვილს - თ. თ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ.........ის რაიონის სოფელ .........ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მთვრალი თ. თ–ი, 5 წლის შვილიშვილს - გ. წ–სს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. თ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ნ. კ–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ თ. თ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდებისას სრულად გაითვალისწინა როგორც დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მსჯავრდებულ თ. თ–ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მისი პიროვნული მახასიათებლები, დანაშაულის ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, კერძოდ: მსჯავრდებულმა ჩაიდინა ხუთი დამოუკიდებელი, მათ შორის - ორი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რომელთაგან ერთი მიმართული იყო მცირეწლოვანი - 5 წლის შვილიშვილის მიმართ, რომელსაც ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითაც, ამასთან, ბრალდების რიგ ეპიზოდებში მსჯავრდებული იყო მთვრალი. ყოველივე აღნიშნული კი, ბუნებრივია, მიუთითებს მსჯავრდებულის ქმედებების განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საშიშროებასა და მის მიდრეკილებაზე ძალადობისადმი, რისი გათვალისწინებითაც, მას საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, განსაზღვრული აქვს კანონიერი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. კ–სა და ნ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი