საქმე # 140100118002401792
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №123აპ-21 ქ. თბილისი
მ–ე ვ., 123აპ-21 21 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ზურაბ წერეთელმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამართლებულების - ვ. თ–ისა და ვ. მ–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და მათ დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განაჩენი გამართლებულების - ვ. თ–სა და ვ. მ–ს მიმართ დაუსაბუთებელი და უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულების - ა. და კ. ღ–ების, მოწმეების - გ. ლ–ის, ა. ს–ის, ზ. ტ–ის, დ. ჯ–ის, ა. ჩ–ის, ნ. ყ–ის, მ. კ–ის, ზ. ზ–ის, ი. ე–ის, ლ. ჭ–სა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტომანქანა „კაზ-ის“ დათვალიერების ოქმი, ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსის“ დათვალიერების ოქმი, ვიდეოკამერების ჩანაწერები, „112-ის“ ჩანაწერები, ალკოტესტით შემოწმების ქვითრები, ა. ღ–სა და კ. ღ–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გამართლებულებმა ძალადობითა და იარაღის გამოყენებით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას; ვ. მ–ე და ვ. თ–ი მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, შეეცადნენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რის გამოც სასამართლოს მისცეს ნაწილობრივ არასწორი ჩვენებები, ამასთან, მათი ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია; კ. და ა. ღ–ებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ სურდათ, რაც ნათლად დასტურდება დაზარალებულთა ქმედებიდან, კერძოდ, მათ გამოიძახეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რათა თავი დაეცვათ პოლიციის თანამშრომლების - ვ. მ–სა და ვ. თ–ისგან, რომლებიც იყვნენ მთვრალები და ამეტებდნენ თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ვ. მ–ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით.
ვ. თ–ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.
ვ. თ–სა და ვ. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 მარტს შსს-ს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლები, მთვრალი ვ. მ–ე და ასევე, მთვრალი ვ. თ–ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდნენ სამსახურებრივი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსით“. დაახლოებით სამ საათზე ბ..........ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...........ის ტერიტორიაზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანა მათ მიიჩნიეს საეჭვოდ და დაედევნენ გაჩერების მიზნით. სატვირთო ავტომანქანა გააჩერეს ......ის მუნიციპალიტეტში, სოფელ .......თან. ვ. მ–მ და ვ. თ–მ უკმაყოფილება გამოხატეს მძღოლის - კ. ღ–ს მიმართ, რომელიც მათ არ დაემორჩილა და დაუყოვნებლივ არ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა. ვ. მ–მ და ვ. თ–მ გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას და კ. ღ–ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმებით, რის შედეგადაც კ. ღ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება. ამავე დროს, ვ. მ–ემ, ისე, რომ სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, კ. ღ–ს რამდენჯერმე დაუმიზნა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში, ასევე - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კ. ღ–ს შვილს - ა. ღ–ს, რის შედეგადაც ა. ღ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვ. მ–სა და ვ. თ–ის ქმედებებით არსებითად დაირღვა კ. და ა. ღ–ების უფლებები და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განაჩენით ვ. მ–ე, - დაბადებული 19.. წელს და ვ. თ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ვ. მ–სა და ვ. თ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მათ შემტან პირებს კანონით დადგენილი წესით.
გამართლებულებს - ვ. მ–ესა და ვ. თ–ს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ზურაბ წერეთელმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებულების - ვ. თ–ისა და ვ. მ–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მათი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გამართლებულების - ვ. თ–სა და ვ. მ–ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაცი ინსტანციის განაჩენების მოტივაციას გამართლებულების - ვ. თ–სა და ვ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
9. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა კასატორის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომელთა შესახებაც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი