Facebook Twitter

საქმე # 330100119003259629

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№188აპ-21 ქ. თბილისი

რ–ი გ., 188აპ-21 21 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალიკა დვალიშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და გ. რ–სა და გ. ჭ–ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას; კასატორის მტკიცებით, მსჯავრდებულების მიმართ ბრალდებით წარდგენილი კვალიფიკაციები იყო სწორი და შეესაბამებოდა მათ მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს, შესაბამისად, სასამართლომ მათი ქმედებები არასწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, გ. რ–სა და გ. ჭ–ეს ბრალად დაედოთ პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 22:40 საათზე, ქ. თ.......ში, .......ის ქუჩა №..-ში მდებარე №.. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამი გ. რ–ი, გ. ჭ–ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ხმაურობდნენ და იგინებოდნენ. აღნიშნულ ქმედებაზე შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...........ის მე-.. განყოფილების უფროსმა გ. მ–მა, მითითებულ პირებს აცნობა თავისი სამსახურებრივი სტატუსის შესახებ და მოუწოდა წესრიგისკენ. გ. რ–ი, გ. ჭ–ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გ. მ–მი იყო პოლიციის თანამშრომელი, გახდნენ უფრო აგრესიულები და მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ. მ–მი მათ მოუწოდებდა, დამშვიდებულიყვნენ და დაეცვათ წესრიგი, თუმცა გ. რ–მ მას თავში ჩაარტყა ქვა, ხოლო გ. ჭ–ე თანმხლებ პირებთან ერთად ურტყამდა ხელებს თავის არეში. გ. მ–მი იმეორებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი იყო და შეეწყვიტათ მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები, თუმცა გ. რ–ი, გ. ჭ–ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავის კანონიერ მოწოდებას. გ. რ–ის, გ. ჭ–სა და გამოძიებით დაუდგენელი პირების ქმედებების შედეგად გ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

3. გ. რ–სა და გ. ჭ–ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით: გ. რ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2019 წლის 30 სექტემბრიდან; გ. ჭ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2019 წლის 30 სექტემბრიდან.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. რ–მ და გ. ჭ–ემ ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 22:40 საათზე, ქ. თ.........ში, .......ის ქ. №..-ში მდებარე №.. საცხოვრებელ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თაღში, გ. რ–ი, გ. ჭ–ე და სხვა პირები ხმაურობდნენ და იგინებოდნენ. ამ ტერიტორიაზე გავლის დროს გ. მ–მა მოუწოდა იქ მყოფ პირებს, თავი შეეკავებინათ გინებისგან, რომელიც ესმოდათ მეზობლებს, რის შემდეგაც გ. რ–ი, გ. ჭ–ე და სხვა პირები გახდნენ აგრესიულები და გ. მ–მს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ: გ. რ–მ თავში ჩაარტყა ქვა, ხოლო გ. ჭ–ე სხვა პირებთან ერთად ურტყამდა ხელებს თავის არეში. გ. რ–ის, გ. ჭ–სა და სხვა პირების ქმედებების შედეგად გ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალიკა დვალიშვილმა, რომელიც ითხოვდა გ. რ–სა და გ. ჭ–ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ გ. რ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ–მ და მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჭ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება: გ. რ–ი და გ. ჭ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელებისაგან; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გ. რ–სა და გ. ჭ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა ქმედებები პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს და, შესაბამისად, მათი მსჯავრდება არის კანონიერი, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ მსჯავრდებულებმა შელაპარაკებისას, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს გ. მ–ზე, რასაც მოჰყვა დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მაგრამ ცალსახად არ დასტურდება, რომ, ერთი მხრივ, გ. რ–სა და გ. ჭ–ს აგრესიული ქმედებები იყო მიზანმიმართული, რათა სწორედ პოლიციელის სტატუსის ან/და მისი საქმიანობიდან გამომდინარე დასხმოდნენ თავს გ. მ–მს, ხოლო, მეორე მხრივ, სარწმუნოდ დადგენილია, რომ დაზარალებული და მსჯავრდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ, დაპირისპირებისას გ. მ–მი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, არ ეცვა პოლიციელის ფორმა, მსჯავრდებულებისათვის არ წარუდგენია სამსახურებრივი მოწმობა, რაც მისი სიტყვიერი განმარტებების გარდა, აშკარად მიუთითებდა მის სამსახურებრივ მდგომარეობაზე, რაც ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის, არამედ - ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი