საქმე # 190100120003804582
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№208აპ-21 ქ. თბილისი
ტ–ი ი., 208აპ-21 14 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. ტ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში; კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის მიზეზები, რამაც განაპირობა არასრულწლოვანი დაზარალებულის - ე. გ–ს მიერ პირვანდელი პოზიციის ცვლილება და მამის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა; მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება, ი. ტ–ს ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ტ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 15 და 17 ივნისის შუალედში, ქ. რ............ში, ...........ის ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ი. ტ–მ არასრულწლოვან შვილს, 15 წლის ე. გ–ს მისი დის, 4 წლის ლ. გ–ს თანდასწრებით, ბებიასთან კამათის გამო, ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი. ი. ტ–ს ძალადობრივი ქმედებით ე. გ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ი. ტ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ი. ტ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. ტ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ი. ტ–ს ბრალეულობა; საკასაციო სასამართლო აცნობიერებს მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს ოჯახური დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადღებას მიაქცევს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით პირის მსჯავრდების შესაძლებლობის კონსტიტუციურ სტანდარტზე; განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ე. გ–მ და დედამისმა, მოწმე - ე. გ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მოწმე თ. ჩ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ე. გ–მ, რომელიც სახლიდან იყო წამოსული, უთხრა, რომ შინ დაბრუნებას არ აპირებდა, რადგან მშობლებთან ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ მშობელს გულისხმობდა ან რაში გამოიხატებოდა მათი უთანხმოება, ხოლო მოწმე-პოლიციელების - დ. ა–ისა და ვ. ხ–ს გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ე. გ–ე გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას და პირად საუბარში ამხელდა თავის მამას - ი. ტ–ს ძალადობაში, თუმცა ყველა ზემოაღნიშნული მოწმის განმარტება, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი და შეუძლებელია მათ საფუძველზე უტყუარად დადგინდეს ფაქტი ან გარემოება და მითუფრო, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს; საყურადღებოა, რომ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობისას ე. გ–ის მიერ გაკეთებული შენიშვნის თანახმად, მამას იგი არასდროს უცემია და თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის გამოკვეთილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ი. ტ–ს ბრალეულობას.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი