Facebook Twitter

საქმე # 330100120003437168

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №126აპ-21 ქ. თბილისი

შ–ა ო., 126აპ-21 5 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ო. შ–ს მიმართ დამატებითი სასჯელის - „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებების შემსუბუქებას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ო. შ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა ო. შ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ო. შ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 3 (სამი) წლით ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. შ–ამ ჩაიდინა ავტომობილის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 16:40 საათზე, თ..........ში, ..........ის გამზირზე, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ო. შ–ა მართავდა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - ,,.......", რა დროსაც იგი გამოავლინეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ო. შ–ს მიმართ დამატებითი სასჯელის - „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებების შემსუბუქება, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ო. შ–ს მიმართ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებების შემსუბუქების შესახებ და სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ გააჩნია აღნიშნულის უფლებამოსილება, კერძოდ:

9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლი ამომწურავად ადგენს სასჯელის სახეებს და მათ არ მიაკუთვნებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევას.

10. უფლებების ჩამორთმევის საკითხს აწესრიგებს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია, მათ შორის - პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ამავე კანონის ამავე მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება.

11. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. შ–ამ ჩაიდინა ავტომობილის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არ ხდის არც დაცვის მხარე და ამასთან, მხარეთა შორის არ არის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რის შესაბამისადაც, არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი