ას-438-728-04 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: შრომის მოვალეობის შესრულებისათვის მუშაკისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 18 ნოემბერს ო. ჩ-მა შპს «ს-ის» ფილიალ «ხ-ის» წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მესამე განყოფილების უფროს კონდუქტორად სადგურ ხაშურთან არსებულ მარქაფში.
1960წ. 18 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოძრავი შემადგენლობების შეჯახების შედეგად მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. შეჯახებაში დამნაშავე პირი გ. ლ-ე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სხეულის დაზიანების გამო იგი ცნობილ იქნა მესამე ჯგუფის ინვალიდად, შრომის უნარის 25%-ის, ხოლო პროფესიული შრომის უნარის 75%-ის დაკარგვით. ხაშურის რაიონული სასამართლოს 1962წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით 1960წ. 9 ივნისიდან საწარმოს მიერ ნებაყოფლობით გადახდილ ყოველთვიურ თანხას _ 33 მანეთს და 83 კაპიკს დაემატა პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა _ 14 მანეთი და ყოველთვიურად სულ დაენიშნა 47 მანეთი და 83 კაპიკი, რასაც იგი იღებდა 1973 წლამდე. ამის შემდეგ მოპასუხემ შეუწყვიტა სარჩოს გაცემა, ვინაიდან სარჩოს იღებდა ხაშურის სოციალური განყოფილების მეშვეობით (დღევანდელი სოცფონდი). 1973 წელს ხანძრის გამო დაიწვა სოცფონდის შენობა და განადგურდა მთელი დოკუმენტაცია, მათ შორის, საპენსიო დოკუმენტებიც.
ვინაიდან მას საერთო შრომის უნარი დაკარგული ჰქონდა 25%-ით, მუშაობა დაიწყო სხვა დაწესებულებაში, თან მკურნალობას აგრძელებდა. 2000წ. ივნისში თავის ტკივილებისა და თავბრუხვევების გამო მკურნალობდა სტაციონალურად, სადაც დაუსვეს დიაგნოზი _ საწარმოო ტრავმასთან დაკავშირებული ტრავმული ენცეფალოპატია, თავის ტვინის შერყევა მკვეთრად გამოხატული სისხლძარღვთა დისფუნცქიით, ინტრავმანალური ჰიპერტენზია, ორმხრივი პირამიდული უკმარისობა.
ხაშურის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის კომისიის ხაშურის სარაიონთაშორისო ბიუროს მიერ 2000წ. 18 დეკემბერს იგი ცნობილ იქნა მეორე ჯგუფის ინვალიდად, 1960წ. 19 აპრილს მიღებული ტრავმის შედეგად პროფესიული შრომის უნარის 30%-ის დაკარგვით.
აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის კომისიისა და ხაშურის პოლიკლინიკის ამბულატორიული გაერთიანების მიერ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 1999, 2000, 2001წ., სულ _ 36 თვისა და 2002წ. 10 თვის მინიმალური ხელფასის 10-ზე გამრავლებით გამოკლებული 20% ანუ ერთჯერადი თანხის _ 7360 ლარისა და გადაწყვეტილების მიღებიდან ყოველთვიურად 160 ლარის დაკისრება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 მარტის განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება შპს «ს-ა».
მოპასუხემ სარჩელთან დაკავშირებით შეპასუხება არ წარადგინა, მაგრამ სასამართლო პროცესზე არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ საწარმოო მძიმე ტრავმის გამო ო. ჩ-ი მართლაც ღებულობდა სარჩოს, მაგრამ ვინაიდან 1973 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მას შეუწყდა სარჩოს გადახდა. სარჩოს მიღების თაობაზე მან მოპასუხეს მიმართა მხოლოდ 2000 წელს. როცა მოპასუხემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მან მიმართა სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ 2001წ. 10 მაისის განჩინებით საქმე წარმოებით შეწყვიტა. მოსარჩელეს ეს განჩინება არ გაუსაჩივრებია, რის გამოც იგი შევიდა კანონიერ ძალაში.
ამის შემდეგ ო. ჩ-მა იმავე სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც საქმე ქვემდებარეობით გადასცა ხაშურის რაიონულ სასამართლოს. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ თავისი 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით გააუქმა ამავე სასამართლოს 2001წ. 10 მაისის განჩინება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, თუმცა საქმე შემდგომში აღარ განახლებულა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ შპს «ს-ას“ ო. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 102,33 ლარი, ხოლო 2000წ. 13 ოქტომბრიდან 2003წ. აპრილამდე 3069,90 ლარი.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მან საწარმოო ტრავმა მიიღო დამქირავებლის ბრალით, რის გამოც ღებულობდა სარჩოს. სარჩოს გაცემა შეუწყდა ხანძრის შედეგად, მისი პირადი საქმის განადგურების გამო. ვინაიდან მოსარჩელემ წარმოადგინა დოკუმენტების ასლები, რომელთა ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დგება, ისინი სასამართლომ სათანადო მტკიცებულებად მიიჩნია, მითუმეტეს, იმ თვალსაზრისით, რომ მოსარჩელე მოითხოვდა არა სარჩოს დანიშვნას, არამედ აღდგენას.
რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ათმაგი მინიმალური ხელფასის ანაზღაურების შესახებ არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ორგანიზაციაში არსებობს უფროსი კონდუქტორის შტატი, რომლის ხელფასის ოდენობა 127,92 ლარს შეადგენს. ყოველთვიური სარჩოს ოდენობა განისაზღვრა მითითებული ხელფასიდან 80%-ის გაანგარიშებით და 2000წ. 13 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ერთდროულად ასანაზღაურებლად განსაზღვრა 3069,90 ლარი, ხოლო ყოველთვიურად _ 102,33 ლარი.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება განხილულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 7 აგვისტოს და 2004წ. 6 თებერვალს. დღეისავის საკასაციო წესით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის განჩინება. აღნიშნული განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება. პალატამ არ გაიზიარა კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რადგან თავდაპირველი სარჩელი შეტანილია სარჩოს დანიშვნის თაობაზე, ხოლო განსახილველი სარჩელი ეხება სარჩოს გადახდის განახლებასა და მიუღებელი სარჩოს დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად განსაზღვრა სარჩოს ოდენობა.
შპს „ს-ის“ ფილიალი „ხ-ი“ საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ო. ჩ-ი ანაზღაურებას იღებდა 1973 წლამდე სოცფონდის განყოფილების დაწვამდე. ამ დროიდან ო. ჩ-ის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და სარჩოს აღდგენაზე მხოლოდ 2001წ. 16 იანვარს მიმართა სასამართლოს სარჩელით. კასატორის აზრით, სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნა არ ადასტურებს საწარმოო ტრავმასა და დღევანდელ დაავადებებს შორის კავშირს. ამასთან, კასატორის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, თანახმად სკ-ის 129-ე და 130-ე მუხლებისა. ამასთან, კასატორის აზრით, არაკანონიერია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2001წ. 16 იანვრის სარჩელს არა აქვს კავშირი 2002წ. 18 ნოემბრის სარჩელთან, რადგან 2002წ. 18 ნოემბრის განჩინებით რომ არ გაუქმებულიყო 2001წ. 10 მაისის განჩინება, საქმის წარმოება ვერ განახლდებოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო საჩივარში შპს „ს-ის“ ფილიალის „ხ-ის“ მიერ დაყენებული არ ყოფილა ო. ჩ-ის საწარმოო ტრავმასა და დღევანდელ დაავადებას შორის კავშირის საკითხი. აღნიშნულის თაობაზე აპელანტს არ გამოუთქვამს ეჭვი სასამართლოს სხდომაზეც ანუ სადავოდ არ გამხდარა აღნიშნული საკითხი. სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული საკითხი დღეისათვის ვერ გახდება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ო. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, რადგან მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლა, რომლის დადგენის მომენტიდან ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
რაც შეეხება 2001წ. 16 იანვრის სარჩელს, დღემდე აღნიშნული სარჩელი განხილული არ არის. სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 მაისის განჩინება ო. ჩ-ის სარჩელის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუმცა საქმის წარმოება არ განახლებულა. აღნიშნულ სარჩელთან მიმართებაში გამოყენებული ვერ იქნება სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რადგან არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება ამ სარჩელთან მიმართებაში. დღეისათვის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია ო. ჩ-ის სარჩელის გამო, რომელიც შეტანილია სასამართლოში 2002წ. 18 ნოემბერს. სსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 2001წ. 16 იანვრის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული 2002წ. 8 ნოემბრის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ და მხოლოდ ამ სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, ამიტომ აღნიშნული გარემოება ვერ იქნება გამოყენებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გასაუქმებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ს-ის“ ფილიალის „ხ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.