საქმე # 330100119003228844
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№247აპ-21 ქ. თბილისი
ა–ა ლ., 247აპ-21 23 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილ ქმედებაში; პროკურორის მითითებით, განაჩენი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, კერძოდ: მოწმეების - პ. მ–ს, ნ. ხ–ის, ნ. ფ–ს, ი. გ–ისა და თ. ხ–ის ჩვენებები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ ლ. ა–ს ბრალდებას; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ლ. ა–ს შვილების - ე. და ნ. ა–ების ჩვენებები, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, მათი ჩვენებების დაშვებით სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მოწმეთა მონათხრობი იყო ურთიერთგამომრიცხველი და ლ. ა–ს პასუხისმგებლობის არიდებისკენ მიზანმიმართული.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ა–ს ბრალად დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ. ა–ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 19 ცალად დაფასოებული პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო 17,5334 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც 2019 წლის 1 სექტემბრამდე უკანონოდ ინახავდა თ..........ში, სოფელ ..............ში, ..............№..-ში მდებარე, თავის საცხოვრებელ სახლში.
3. ლ. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 მაისის განაჩენით ლ. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა ლ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ ვერ დადგინდა, რომ 2019 წლის 1 სექტემბერს თ..........ში, სოფელ ..............ში, ..............№..-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ნამდვილად ეკუთვნოდა ლ. ა–ს; მოწმეების - ე. და ნ. ა–ებისა და თავად ლ. ა–ს განმარტებებით, ლ. ა–ა არ ცხოვრობდა იმ სახლში, რომელიც სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს, იგი ცხოვრობდა იმავე ეზოში მდებარე ორსართულიან სახლში, რომელიც გარედან არაა გალესილი, თუმცა შიგნიდან - გარემონტებულია, რის საპირწონედ ვერცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა, რადგან, ერთი მხრივ, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები არ შესულან თ........ში, სოფელ ..............ში, ..............№..-ის ეზოში მდებარე მეორე სახლში, რომელიც, მათი შეხედულებით, არ ტოვებდა საცხოვრებლის შთაბეჭდილებას, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივმა, ნ. ხ–მ თავად დაადასტურა, რომ ლ. ხ–ს პოლიციაში გადაყვანამდე, ეზოში არსებული მეორე სახლიდან მათთან მივიდა დაკავებულის ქალიშვილი; მტკიცებულებების გამოკვლევით ვერ იქნა უგულებელყოფილი ეჭვი, რომ ლ. ა–სთან ერთად ცხოვრობდნენ მისი ქალიშვილები და მათი ოჯახის სხვა, მათ შორის, სრულწლოვანი წევრები, რომლებიც თანაბრად სარგებლობდნენ მათ ეზოში არსებული როგორც ორსართულიანი, ასევე - შედარებით მცირე ზომის სახლით, საიდანაც ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან ლ. ა–ს უშუალო კავშირის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება (ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე ლ. ა–ს ბიოლოგიური კვალის არსებობა არ დადგენილა), ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცებულებების გამოკვლევისას გაჩენილი ეჭვები, in dubio pro reo - პრინციპის გათვალისწინებით, მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი