საქმე # 330100120003651620
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №187აპ-21 ქ. თბილისი
ბ–ე ა., 187აპ-21 13 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ა. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ მსჯავრდებაში, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ა. ბ–ს ბრალეულობას; მოწმე ლ. ღ–ს ჩვენება, შემაკავებელი ორდერი და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებებს; თვითმხილველი მოწმე ლ. ღ–ე არის დაზარალებულის მეგობარი, რის გამოც მისი ჩვენება არ არის სანდო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ა. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გაუქმდა მსჯავრდებულ ა. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
ა. ბ–ეს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 25 მაისიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ–ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. თ..........ში, ..........ის ქუჩა N..., კორპუსი .., ბინა N..-ში, ა. ბ–ემ თავის დას - ქ. ბ–ს, ურთიერთშელაპარაკების დროს, განზრახ დაუზიანა მობილური ტელეფონი „iphone-7,“ რითაც დაზარალებულს მიაყენა 650 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ა. ბ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ა. ბ–ს ბრალეულობას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ლ. ღ–ს, ა. ტ–ს, ბაჩო შენგელიას ჩვენებებით, 2020 წლის 9 თებერვლის ამოღების ოქმით, 2020 წლის 10 თებერვლის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 24 თებერვლის ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთმტკიცებით - მობილური ტელეფონით, 2020 წლის 9 თებერვლის N.... შემაკავებელი ორდერითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ა. ბ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ საეჭვოდ მიიჩნიოს შემთხვევის უშუალო შემსწრე პირის, მოწმე ლ. ღ–ს ჩვენება, რომელმაც პირადად დაინახა, თუ როგორ დააზიანა ა. ბ–ემ თავისი დის კუთვნილი მობილური ტელეფონი. გარდა ამისა, მოწმის ჩვენება სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და ლ. ღ–ს რაიმე ინტერესი მსჯავრდებულის მიმართ ასევე არ არის გამოკვეთილი, რის გამოც დაცვის მხარის მოსაზრება ვერც ამ ნაწილში იქნება გაზიარებული.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი