¹ას-442-1121-03 8 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ახალაძე (თავმჯდომარე)
თენგიზ კობახიძე, ქეთევან გაბელაია
დავის საგანი: საკომლო წიგნიდან ამოწერა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ქ-ა მ. ბ-ას შვილიშვილია, რომელიც 1972 წლიდან 1995 წლამდე ბებიასთან ერთად ცხოვრობდა ზუგდიდის რაიონის სოფ. ........-ში და მ. ბ-ას კომლში იყო რეგისტრირებული.
1995 წელს ე. ქ-ა ამოეწერა მ. ბ-ას კომლიდან და გადავიდა სოფ. ......-ში მშობლებთან საცხოვრებლად, რის გამოც იგი ამოწერილი იქნა საკომლო სარეგისტრაციო წიგნიდან.
1996 წელს ე. ქ-ა მესაკუთრის თანხმობის გარეშე კვლავ ჩაეწერა მ. ბ-ას კომლში, თუმცა ცხოვრობდა სოფ. ......-ში.
2000 წლის დეკემბერში მ. ბ-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში სოფ. ..... გამგეობისა და ე. ქ-ას მიმართ ამ უკანასკნელის საკომლო წიგნში ჩაწერის გაუქმების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ცოლ-შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობს სოფ. ......-ში და მოსარჩელის კომლთან გაწყვეტილი აქვს ყოველგვარი ურთიერთობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ე. ქ-ა უკანასკნელ წლებში კომლში არ ცხოვრობდა ოჯახური უსიამოვნების გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ბ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით კვლავ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მ. ბ-ას საკასაციო საჩივრის საფუძველზე 2003 წლის 11 მარტის განჩინებით გაუქმა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ბ-ას სარჩელი.
ე. ქ-ა საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლის ფარგლებს; არ იქნა გაითვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების გარემოება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ე. ქ-ა 1973 წლიდან 1995 წლამდე ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო ზუგდიდის რაიონის სოფ. .......-ში მ. ბ-ას კომლში.
1995 წელს ე. ქ-ა ამოწერილ იქნა მ. ბ-ას კომლიდან. 1996 წელს მოპასუხე მოსარჩელის თანხმობის არარსებობის მიუხედავად, კვლავ ჩაეწერა მის კომლში.
ე. ქ-ა 1995 წლიდან არ ცხოვრობს მ. ბ-ას კომლში. 1997 წლიდან 12 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, იგი არის სოფ. ...... მცხოვრები.
საქმეში არ მოიპოვება ე. ქ-ას მიერ მ. ბ-ას კომლის იძულებით დატოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები. კასატორს მისი შევიწროების თაობაზე განცხადებით სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს.
ე. ქ-ა არ წარმოადგენდა მ. ბ-ას კომლის ქონების თანამესაკუთრეს. საკომლო წიგნში რეგისტრაციით დაფიქსირებული იყო მხოლოდ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი.
«საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის» შესახებ კანონის III მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, მიმართოს რეგისტრაციისათვის თავის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ე. ქ-ას საცხოვრებელი ადგილია არა სოფ. ......, არამედ სოფელი ......, სადაც დღემდე ცხოვრობს მშობლებთან ერთად.
ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის სამ თვეზე მეტი ვადაზე შეცვლისას პირი ვალდებულია, 10 დღეში აცნობოს ამის შესახებ ახალი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც 5 დღეში გაატარებს მას რეგისტრაციაში და მისცემს რეგისტრაციის მოწმობას. ე. ქ-ა ვალდებული იყო, სოფ. ......-ში საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გატარებულიყო რეგისტრაციაში.
სასამართლო არ გასცდენია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. გადაწყვეტილება გამოტანილია კომლში მოპასუხის ჩაწერის გაუქმების შესახებ, რადგან 1995 წლიდან მას აღარ გააჩნდა მოსარჩელის კომლში რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დატკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ე. ქ-ას მიერ დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 16 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.