საქმე # 330100120003511375
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№233აპ-21 ქ. თბილისი
კ–ე ა., 233აპ-21 21 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ–მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. კ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ. კ–მ უარყო თავისი შვილის მხრიდან ძალადობის ფაქტი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა განაჩენებს საფუძვლად დაუდეს ირიბი მოწმეების - ვ. ხ–ს, დ. მ–სა და ა. მ–ს ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ზ. გ–ს ჩვენება; საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. კ–ს ბრალეულობას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ა. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2020 წლის 26 იანვრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 26 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თ..........ში, .............ის ქუჩა №..-ში, ა. კ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - მ. კ–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. კ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია ა. კ–ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ვ. ხ–ს, დ. მ–სა და ა. მ–ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ზ. გ–ს ჩვენებით, ალკოტესტით შემოწმების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა მოცემულობა, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა მ. კ–მ შეცვალა გამოძიებისას გაცხადებული მტკიცე ნება, ემხილა თავისი შვილი დანაშაულის ჩადენაში და სასამართლოში ჩვენების მიცემისას უარყო ა. კ–ს მხრიდან ძალადობის ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, გააცნობიერა, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას ძალადობის მსხვერპლი, მითუფრო - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ასაკოვანი ქალი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს; საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მოწმეების - ვ. ხ–ს, დ. მ–სა და ა. მ–ს ჩვენებები არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს და ეთანხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო მოწმეებმა: ვ. ხ–მ, დ. მ–მ და ა. მ–მ თანმიმდევრულად და ზუსტად აღწერეს, თუ რა სახის ზიანი მიადგა მ. კ–ს შვილის მხრიდან ძალადობის შედეგად, რა დაზიანებები აღენიშნებოდა მსხვერპლს და როგორი იყო მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა. მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც პირადად ნახეს და გაიგონეს. ამ მოწმეების ჩვენებები დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც უტყუარად არის დადგენილი მ. კ–ზე იმგვარი ძალადობის კვალი, რომელსაც ჩვენებებში აღწერენ ზემოაღნიშნული მოწმეები.
9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენით ა. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ დედის - მ. კ–ს მიმართ ჩადენილი ოჯახური დანაშაულის ხუთ დამოუკიდებელ ეპიზოდში და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111,3811-ე მუხლით (2016 წლის 11 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია, 2016 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111,3811-ე მუხლით (2016 წლის 11 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია, 2016 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111,151-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია, 2016 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111,151-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია, 2016 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა. კ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 17 აპრილიდან იმავე წლის 15 ივნისის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის დროს - 2020 წლის 26 იანვარს ა. კ–ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულებისათვის ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, თუმცა იმის მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, ხოლო ა. კ–ს ბრალად არ დასდებია არაერთგზის ოჯახური დანაშაულის ჩადენა, სასამართლო კანონისმიერად მოკლებული იყო შესაძლებლობას, გასცდენოდა ბრალდების ფარგლებს და დაემძიმებინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის კვალიფიკაცია, მაგრამ ა. კ–ს წარსულმა ნასამართლობამ მართებულად მოახდინა გავლენა, ერთი მხრივ, სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეციდივის წესით სასჯელის განსაზღვრაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. კ–ს მსჯავრდება კანონიერია და არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი