Facebook Twitter

საქმე # 330100120003441306

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №201აპ-21 ქ. თბილისი

მ–ე დ., 201აპ-21 19 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს დ. მ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას ყაჩაღობის ნაწილში, შემდეგი არგუმენტებით:

განაჩენი ყაჩაღობის მსჯავრდების ნაწილში დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან იგი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ ა. ო–ს ურთიერთგამომრიცხავ, წინააღმდეგობრივი ინფორმაციის შემცველ გამოკითხვის ოქმს, რომელიც გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვისას. ამასთან, ა. ო–ს ჩვენება არ შეესაბამება შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს და მისი გახსნისა და დათვალიერების ოქმს, რომლებშიც არ ჩანს ყაჩაღობის ფაქტი და ასევე ნათლად ჩანს, რომ დ. მ–ს ხელში დანა არ უჭირავს; გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება, დანარჩენი მტკიცებულებები კი ირიბია, ამასთან, დაცვის მხარე მისი გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო. დ. მ–ე არ უარყოფს ბენზინგასამართ სადგურზე ყოფნის ფაქტს, მაგრამ დანაშაულის ჩასადენად არ მისულა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით დ. მ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. მ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. მ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 15 დეკემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ–მ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

დ. მ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 15 დეკემბერს, დილის საათებში, ქ. .........ში, ..............ის ქუჩაზე განთავსებულ ბენზინგასამართ სადგურ შპს „.....ში“ დანით შეიარაღებული დ. მ–ე ბენზინგასამართი სადგურის მოლარეს - ა. ო–ს ყაჩაღურად დაესხა თავს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით სცადა შპს „........ის“ კუთვნილი 400 (ოთხასი) ლარის გატაცება.

- 2019 წლის 15 დეკემბერს, დღის საათებში, დ. მ–მ ქ. თ.......ში, .........ის დასახლებაში კორპუს ..-ში მდებარე სუპერმარკეტ ......ში“, სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა სუპერმარკეტის კუთვნილ ფულად თანხას - 165 (ას სამოცდახუთ) ლარს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ–მ, რომელმაც ყაჩაღობის ეპიზოდში მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ძარცვის ეპიზოდში - უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ დ. მ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ყაჩაღობის ეპიზოდში ემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, დაზარალებულ ა. ო–ს გამოკითხვის ოქმს, ვინაიდან საქმეში ბრალდების მხარემ, დაზარალებულის გამოძიებაში გამოკითხვის ოქმის გარდა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, წარმოადგინა სხვა არაერთი, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მტკიცებულებები, კერძოდ: ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ბენზინგასამართი სადგურის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - ე. თ–ს, მ. შ–ს ჩვენებები, დანაშაულის შესახებ შეტყობინების ბარათი, დ. მ–სგან ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ა. ო–სის მონაწილეობით ჩატარებული ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმი, მოწმე მ. შ–სთან ჩატარებული დანის ამოღების ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა და სხვა, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. მ–ს ბრალეულობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ა. ო–სის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაციასა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ იკვეთება, ისინი სრულად შეესაბამება და თანხვდენილია ერთმანეთთან, რის გამოც არ არსებობს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის საეჭვოდ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი