საქმე # 170100119003060082
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №207აპ-21 ქ. თბილისი
ს–ი ბ., 207აპ-21 20 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის მოხდის გადავადების ნაწილში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ბ. ს–ს არ გადაუვადდეს სასჯელის მოხდა იმ მოტივით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ დაავადებულ მსჯავრდებულებს გაეწიოთ შესაბამისი და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ს–ს ბრალად ედება: ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ე“ ქვეპუნქტებით.
ბ. ს–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ...........ს რაიონის სოფელ ს–ში გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სასურსათო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ნაკლებად მძიმე დანაშაულისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი ბ. ს–ი შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბით ატარებდა დანას, რომელიც კრიმინალისტკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ბ. ს–მ უკანონოდ შეიძინა და თ........ს რაიონის სოფელ ..........ში მდებარე თავის სახლში განთავსებული კომოდის უჯრაში უკანონოდ ინახავდა ნივთიერება „5-fluoro-ADB-ს“, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს, რომელიც ამოიღეს 2019 წლის 16 მაისს ბ. ს–ის სახლსა და ეზოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ბ. ს–მ თ...........ს რაიონის სოფელ ............ში, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, თავისი სახლის ეზოში, დათესა, მოიყვანა და წყლის დასხმითა და ნიადაგის გაფხვიერებით კულტივირებას უწევდა ნარკოტიკულ საშუალება „კანაფის” შემცველ მცენარეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არის ნარკოტიკული საშუალება „მცენარე კანაფი“, საერთო წონით - 156,81 გრამი, რაც ამოიღეს 2019 წლის 16 მაისს ბ. ს–ის სახლსა და ეზოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით ბ. ს–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1500 ლარი;
- სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე” ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნულმა საბოლოო სასჯელმა - 2 თვით თავისუფლების აღკვეთამ და ჯარიმამ - 1000 ლარმა შთანთქა ბ. ს–ის მიმართ წინამდებარე განაჩენით სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი და ამ ნაწილში დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ს–ს სასჯელად განესაზღვროს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი, რაც ბ. ს–ს სრულად აქვს მოხდილი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბ. ს–ის მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა იმავე კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბ. ს–ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ს–ს გადაუვადდა სასჯელის მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
მსჯავრდებულ ბ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 მაისიდან 2019 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
ბ. ს–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მსჯავრდებულ ბ. ს–ს დაევალა, ყოველი წლის ივლისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, თავისი ხარჯით ჩაიტაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზის შედეგები აცნობოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს. თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას, სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
გაუქმდა ბ. ს–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მასთან ერთად დამატებითი ვალდებულებები და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 10 000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს - ლ. პ–ს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა და მსჯავრდებულმა ბ. ს–მ.
- სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ. ს–ის მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ არ გადავადდეს სასჯელის მოხდა.
- მსჯავრდებულმა ბ. ს–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო, გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ასევე დამატებით მოითხოვეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-7 მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებზე და ამ კვალიფიკაციით განსაზღვრული სასჯელების, შესაბამისად - განახევრება და ¼-ით შემცირება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განაჩენით მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ბ. ს–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენში ბ. ს–ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:
ბ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე” ქვეპუნქტებით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნულმა საბოლოო სასჯელმა - 2 თვით თავისუფლების აღკვეთამ და ჯარიმამ - 1000 ლარმა შთანთქა ბ. ს–ის მიმართ წინამდებარე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი და ამ ნაწილში, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ს–ს სასჯელად განესაზღვრა 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი, რაც ბ. ს–ს სრულად აქვს მოხდილი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბ. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბ. ს–ს განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ს–ს გადაუვადდა სასჯელის მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
ბ. ს–ს დაეკისრა ვალდებულება, ყოველი წლის ივლისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, თავისი ხარჯით ჩაიტაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზის შედეგები აცნობოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს. თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას, სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
მსჯავრდებულ ბ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 მაისიდან 2019 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ბ. ს–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ცნობად იქნა მიღებული, რომ ბ. ს–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მასთან ერთად დამატებითი ვალდებულებები გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 10 000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს - ლ. პ–ს.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ. ს–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 17 ივნისის №....... დასკვნით, მისი გამცემი ექსპერტების - ა. გ–სა და თ. ბ–ის ჩვენებებით, აგრეთვე, ბ. ს–ის ექოკარდიოგრაფიული კვლევის მასალებითა და კვლევის ჩამტარებელი პირის, შპს „............. ცენტრი, .............. კლინიკის“ ექიმის - თ. მ–ს ჩვენებით დგინდება შემდეგი: მსჯავრდებული ბ. ს–ი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით (ბ. ს–ის დიაგნოზია: დილატაციური კარდიომიოპათია (142.0), გულის უკმარისობა მე-3-მე-4 ფუნქციური კლასი (.....) (150.9), მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება (134.0), სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება (136.1), არტერიული ჰიპოტენზია (195.9), ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი C(B12.8) (მკურნალობის შემდგომი პერიოდი), FIB4-3.93 (ღვიძლის ფიბროზი)), რომელიც, გულის პათოლოგიის გამო, უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მატარებელია და ესაჭიროება საზღვარგარეთ სპეციალიზებული კარდიოქირურგიული კლინიკის პირობებში ოპერაციული ჩარევა - გულის ტრანსპლანტაცია. ამ სახის ოპერაცია საქართველოში არ ტარდება, ხოლო დაავადება პროგრესირებს, რის გამოც უეცარი სიკვდილის რისკი მაღალია. ბ. ს–ისათვის დეფიბრილატორის ჩაყენება უეცარი კარდიული სიკვდილის რისკს ამცირებს, მაგრამ აღნიშნული ოპერაციული ჩარევა პაციენტს არ განკურნავს, უბრალოდ, დაიცავს უეცარი სიკვდილისგან. ამჟამად, ბ. ს–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, უმძიმესი დიაგნოზიდან გამომდინარე, ხოლო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა - წელიწად-ნახევრიდან, 2-3 წლამდე მერყეობს, პენიტენციურ დაწესებულებაში კი მას სრულყოფილი სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა, ვინაიდან საჭიროებს გულის გადანერგვას, რაც, როგორც აღინიშნა, საქართველოში არ ტარდება.
9. ყოველივე აღნიშნულისა და აგრეთვე, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, წარსული ცხოვრების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათის, მოტივის, მიზნისა და ყველა სხვა გარემოების მხედველობაში მიღებით, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეაფასეს მსჯავრდებულ ბ. ს–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის მოხდის გადავადების საფუძვლები და მიზანშეწონილობა, რის შესაბამისადაც, მართებულად მიიჩნიეს, რომ ბ. ს–ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი