Facebook Twitter

საქმე # 330100119003227448

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№112-21 ქ. თბილისი

ფ–ი გ., №112აპ-21 26 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში არის დაუსაბუთებელი; კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ნ–ს, მოწმეების - ზ. ლ–ს, ჯ. ვ–ს, რ. გ–ს, ე. თ–ს და ლ. ა–ის ჩვენებებით, ამოღებული დანითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არის დადასტურებული გ. ფ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ფ–ს ბრალად დაედო ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 29 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თ..........ში, .........ის გამზირი №..-ის მიმდებარედ, გ. ფ–მ გააჩერა „ტოიოტა პრიუსის“ ფირმის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით ..........), ჩაჯდა მძღოლის გვერდით და გზაში თავს დაესხა ტაქსის მძღოლს - მ. ნ–ს, კერძოდ, მუცლის არეში მიადო დანა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული. როდესაც მ. ნ–მ ავტომანქანა გააჩერა ქ. თ..........ში, .............ის გამზირი №-ის მიმდებარედ, გ. ფ–ი გადმოვიდა ავტომანქანიდან, მივიდა მძღოლის მხარეს, გამოაღო ავტომანქანის კარი, მ. ნ–ი ძალის გამოყენებით გადმოიყვანა, ყელში წაუჭირა ხელები და დანით შეიარაღებულმა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულის გადაცემა, თუმცა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ფულს ვერ დაეუფლა.

- 2019 წლის 29 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ............ის სამმართველოს მე-.. განყოფილების გამომძიებლები: ჯ. ვ–ი, რ. გ–ე, ე. თ–ე და ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე - ზ. ლ–ა ქ. თ..........ში, .............ის გამზირზე, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც ამავე გამზირის №...ის-ის მიმდებარედ შემოესმათ გინების ხმა. პოლიციელები სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და იქ მდგომ გ. ფ–ს, რომელიც იყო აგრესიული და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და ფულს სთხოვდა მ. ნ–ს, მოუწოდეს დამშვიდებულიყო, თუმცა - უშედეგოდ. ამის შემდეგ მიუახლოვდნენ გ. ფ–ს, რომელიც გახდა უფრო აგრესიული, ჯ. ვ–ს ჩაარტყა მუშტები სახის არეში და მიაყენა ფიზიკური დაზიანება, ხოლო ე. თ–ს ფეხი - მუცლის არეში.

3. გ. ფ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 მაისის განაჩენით გ. ფ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე; გ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 29 აგვისტოდან.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ფ–მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 29 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თ.........ში, .............ის გამზირი №..- ის მიმდებარედ, გ. ფ–მ გააჩერა „ტოიოტა პრიუსის“ ფირმის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით ........) და ჩაჯდა მძღოლის გვერდით. ავტომანქანით მოძრაობისას გ. ფ–სა და ტაქსის მძღოლს - მ. ნ–ს მოუვიდათ უთანხმოება და მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა ქ. თ..........ში, .............ის გამზირი №...ის-ის მიმდებარედ. გ. ფ–ი გადმოვიდა ავტომანქანიდან, მივიდა მძღოლის მხარეს, გამოაღო ავტომანქანის კარი, მ. ნ–ი ძალის გამოყენებით გადმოიყვანა და რამდენჯერმე დაარტყა. გ. ფ–ს ქმედების შედეგად მ:. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2019 წლის 29 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ..........ის სამმართველოს მე–.. განყოფილების გამომძიებლები: ჯ. ვ–ი, რ. გ–ე, ე. თ–ე და ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე - ზ. ლ–ა ქ. თ........ში, .............ის გამზირზე, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც ამავე გამზირის №...ის-ის მიმდებარედ შემოესმათ გინების ხმა. პოლიციელები სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და იქ მდგომ გ. ფ–ს, რომელიც იყო აგრესიული და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და ფულს სთხოვდა მ. ნ–ს, მოუწოდეს დამშვიდებულიყო, თუმცა - უშედეგოდ. ამის შემდეგ მიუახლოვდნენ გ. ფ–ს, რომელიც გახდა უფრო აგრესიული, ჯ. ვ–ს ჩაარტყა მუშტები სახის არეში და მიაყენა ფიზიკური დაზიანება, ხოლო ე. თ–ს ფეხი - მუცლის არეში.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ გ. ფ–ს ადვოკატმა თ. გ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლოში წარმოდგენილი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა, რომ გ. ფ–ს ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილი იყო ბრალად წარდგენილი დანაშაულის - ყაჩაღობის - შემადგენლობა და მისი ქმედება შეფასდა, როგორც ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გ. ფ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელების - ზ. ლ–ს, ჯ. ვ–ს, ე. თ–ს და რ. გ–ს განმარტებები არსებითად წინააღმდეგობრივია ბრალად წარდგენილი დანაშაულის შესაძლო იარაღის - დანის მოპოვების გარემოებებთან მიმართებით და მათი ერთობლივად შეფასებით შეუძლებელია ბრალად შერაცხული ყაჩაღობის ეპიზოდში ფაქტების გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადგენა, თუმცა არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, პოლიციელების მტკიცება, რომ გახდნენ ყაჩაღობის უშუალო თვითმხილველები, ლოგიკურად არ გამომდინარეობს მათ მიერ დანაშაულის ფაქტზე რეაგირების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებიდან, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით: დაკავების ოქმის თანახმად, გ. ფ–ი ბრალდებულია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით; დეტექტივ ჯ. ვ–ს პატაკში საუბარია მხოლოდ გ. ფ–ს მიერ ტაქსის მძღოლისა და სამართალდამცავებისათვის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი დანის მუქარით თანხის მოთხოვნაზე და ზემოაღნიშნული პატაკისა და დაკავების ოქმის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ერთობლივად აღებული, საეჭვოს ხდის პოლიციელების ჩვენებებს, რომ მათ ნამდვილად აღიქვეს გ. ფ–ს მიერ მ. ნ–სისათვის ფულის მოთხოვნის ფაქტი.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შინაარსი, გამოძიების დაწყების საფუძველი ან/და ბრალდება, რომლითაც პოლიციელებმა გ. ფ–ი დააკავეს, ცალკე აღებული, არის ლოგიკური და ვერაფრით გახდებოდა პოლიციელების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის ცალსახა წინაპირობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის, პოლიციის კაპიტნის - ჯ. ვ–ს პატაკის მიხედვით, 2019 წლის 29 აგვისტოს, ზ. ლ–ს, ე. თ–სა და რ. გ–ესთან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შენიშნა ტაქსი, რომელიც გაჩერდა, გადმოვიდა მამაკაცი, მივიდა მძღოლის მხარეს, ძალით გადმოიყვანა იგი ავტომანქანიდან და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიციელები სწრაფად მიუახლოვდნენ მამაკაცს, რომელსაც მარჯვენა ხელში ეკავა გასაშლელი დანა, რომლითაც ემუქრებოდა ტაქსის მძღოლს. მამაკაცს აუხსნეს, რომ იყვნენ პოლიციელები და მოუწოდეს დამშვიდებულიყო, მაგრამ იგი გახდა მათ მიმართ აგრესიული და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენათ, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი მას სახეში, ხოლო ე. თ–ს ფეხი - მუცელში. მამაკაცს ხელიდან გააგდებინეს დანა და დააკავეს.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ. ფ–ი დააკავეს 2019 წლის 29 აგვისტოს, 01:53 საათზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ერთი მხრივ, სავსებით ნათელია, რომ გ. ფ–ი პოლიციელებმა მყისიერად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით გაწეული წინააღმდეგობის აშკარა ფაქტზე დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით, რაც ლოგიკურად არის მითითებული დაკავების ოქმშიც, ხოლო, მეორე მხრივ, ქ. თბილისის .........ის სამმართველოს პოლიციის მე-.. განყოფილების დეტექტივის, პოლიციის კაპიტნის - ჯ. ვ–ს პატაკში აღწერილი გარემოებების (რომელთა მიხედვითაც, ტაქსიდან გადმოსულ მამაკაცს მარჯვენა ხელში ეკავა გასაშლელი დანა, რომლითაც ემუქრებოდა ტაქსის მძღოლს) დასადგენად გამოძიების პროცესში ჩატარდა დაზარალებულ მ. ნ–სისა და მოწმეების - ჯ. ვ–ს, რ. გ–ს, ე. თ–ს და ზ. ლ–ს გამოკითხვები, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ადგილმდებარეობის დათვალიერება და სხვა მოქმედებები, რის საფუძველზეც ბრალდების მხარემ გ. ფ–ს ქმედებები სამართლებრივად შეაფასა, როგორც: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რისი მხედველობაში მიღებითაც, წარუდგინა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებები.

14. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წინაშე დაზარალებულს არ განუცხადებია თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამნისტია, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სსმართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სმგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი