Facebook Twitter

საქმე # 330100120003667684

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №82აპ-21 ქ. თბილისი

შ–ი მ., 82აპ-21 5 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. შ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი განესაზღვროს სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, შემდეგი არგუმენტებით: მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, კერძოდ: დაზარალებულის მიმართ ჩადენილი ქმედება არ იყო ერთჯერადი და იგი სიტყვიერი შეურაცყოფიდან გადაიზარდა ფიზიკურში. ამასთან, სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და მისი პოზიცია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით მ. ი. შ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ მ. შ–ს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2020 წლის 28 მარტიდან 2020 წლის 28 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

მუჰამად ი. შ–ს როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

გაუქმდა მ. შ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. შ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მ. შ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის ივნისიდან თ. შ–ი და მ. ი. შ–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ქ. თ........ში, ..........ის გამზირი N.., კორპუსი N., ბინა N..-ში, თ. შ–ის შვილებთან პირველი ქორწინებიდან - 10 წლის გ. გ–სა და 7 წლის ა. გ–სთან ერთად. თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 2019 წლის ივნისიდან წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, მ. ი. შ–ი სისტემატურად, თითქმის ყოველდღე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და აგინებდა მეუღლეს - თ. შ–ს. მ. ი. შ–ი აღნიშნული ქმედებების ჩადენას აგრძელებდა მაშინაც, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ. შ–ი ორსულად იყო. მ. ი. შ–ი მეუღლეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა თ. შ–ის მცირეწლოვანი შვილების - გ. გ–სა და ა. გ–ს თანდასწრებით. 2020 წლის 28 მარტს, დილის საათებში, იმყოფებოდნენ სახლში, მისამართზე: ქ. თ............ი, ..........ის გამზირი N.., კორპუსი N.., ბინა N..-ში. მორიგი ურთიერთშელაპარაკებისას მ. ი. შ–მ ორსულ თ. შ–ს, მცირეწლოვნების - გ. და ა. გ–ების თანდასწრებით, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ბავშვების თანდასწრებით ძლიერად გაარტყა ხელი სახეში და უბიძგა, რის შედეგადაც მთ. შ–მ ვერ შეიკავა თავი და წაიქცა. მომხდარის გამო, მთ. შ–მ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და მ. შ–მ დააკავეს ბრალდებულის სახით ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მ. შ–ის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად, თ. შ–ი განიცდიდა ტანჯვას, ხოლო 2020 წლის 28 მარტს, ფიზიკური ძალადობის შედეგად, განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თამარ ზაქუტაშვილმა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება და მისთვის სასჯელის განსაზღვრა, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. შ–მსათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებითა (მ. შ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, წარსულში ნასამართლობის არმქონეა, ამასთან, დაზარალებული მსჯავრდებულთან შერიგებულია და მან ითხოვა პირობითი მსჯავრის გამოყენება) და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტების სანქციით გათვალისწინებული ისეთი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი