Facebook Twitter

საქმე # 140100120003548327

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №122აპ-21 ქ. თბილისი

ჩ–ი ა., 122აპ-21 14 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. ჩ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას და სასჯელად 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ასევე, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხული ქმედებისათვის შეფარდებული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას და 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ა. ჩ–ს ქმედებები, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებებში არ იკვეთება სისტემატური ფიზიკური ძალადობის ნიშნები, რადგან მსჯავრდებულის მიმართ მსჯავრად შერაცხულ ძალადობებს შორის განვლილი იყო დროის იმდენად დიდი ინტერვალი, რომ დაზარალებულს წინა ძალადობით გამოწვეული ტკივილი გაუნელდებოდა, ამასთან, ეს საკითხი დაზარალებულის სუბიექტური შეფასების საგანს წარმოადგენს, ხოლო დაზარალებულმა კი განმარტა, რომ იგი ძალადობის მეორე დღესვე აღარ იყო მეუღლეზე ნაწყენი. გარდა ამისა, 2020 წლის იანვარში ჩადენილი ძალადობის ფაქტი, ისევე როგორც - 2015 წლიდან 2019 წლის დეკემბრამდე ჩადენილი ძალადობის ფაქტები, არ წარმოადგენს ქმედების სისტემატურობის ჯაჭვის შემადგენელ ნაწილს და ამდენად, რჩება ძალადობის მხოლოდ ორი ეპიზოდი - 2019 წლის დეკემბრის დასაწყისისა და 2020 წლის 6 თებერვლის ეპიზოდები, რაც სისტემატურობის დასადასტურებლად არ არის საკმარისი; ამასთან, სასამართლომ სხვადასხვა მუხლით დააკვალიფიცირა ფიზიკური ძალადობისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდები, რაც ასევე არასწორია, რადგან სსკ-ის 1261-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ორივე ქმედებისათვის.

2. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი კრავეიშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციოს საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ა. ჩ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის დეკემბრის დასაწყისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის იანვრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა. ჩ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 12 თებერვლიდან;

მსჯავრდებულ ა. ჩ–ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჩ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნ(ებ)ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნ(ებ)ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ოთხი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ა. ჩ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2015 წლიდან 2019 წლის დეკემბრამდე, 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, დაახლოებით 23:00 საათზე, 2020 წლის იანვარში, დაახლოებით 21:00 საათზე და 2020 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, კ......ში, .........ის ქუჩა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობისა და სქესის გამო, შეუწყნარებლობის მოტივით, ა. ჩ–ი მათივე არასრულწლოვანი შვილების - ე., მ. და ი. ჩ–ების თანდასწრებით, მეუღლეს - ნ. ე–ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას: ხელ-ფეხს ურტყამდა ტანსა და სახეში, თმას ქაჩავდა და ყელზე უჭერდა, თითებს უგრეხდა, სახეზე კბენდა, თმას იხვევდა ხელზე და აგლეჯდა, ლითონის თმის სამაგრით აყენებდა დაზიანებებს ყელსა და სახეზე, რის შედეგადაც ნ. ე–მ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა;

- 2015 წლიდან 2020 წლის 7 თებერვლამდე, კვლავ ამავე სახლში, ეჭვიანობისა და სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, ა. ჩ–ი თავინთი არასრულწლოვანი შვილების - ე., მ. და ი. ჩ–ების თანდასწრებით მეუღლეს - ნ. ე–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უშვერი, უცენზურო სიტყვებით და აგინებდა, რის შედეგადაც ნ. ე–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა;

- 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, დაახლოებით 23:00 საათზე, კ.....ში, .......... ქუჩა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის გამო, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, ა. ჩ–ი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ე–ს, რის შედეგადაც ნ. ე–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

- 2020 წლის იანვარში, დაახლოებით 21:00 საათზე, ამავე ბინაში, ეჭვიანობისა და სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, ა. ჩ–ი ნ. ე–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

- 2020 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ამავე ბინაში, ეჭვიანობისა და სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მთვრალი ა. ჩ–ი მეუღლეს - ნ. ე–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

- 2020 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, მ.....ში, ...........ის ქუჩა №..-ში, ეჭვიანობის გამო, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, ა. ჩ–ი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ე–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

- 2020 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, .....ში, ..........ის ქუჩა №...-ში მდებარე ი. ე–ს საცხოვრებელ სახლში, ა. ჩ–ი ი. ე–ს დაემუქრა დანით სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ჩ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება და სასჯელად 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ასევე, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხული ქმედებისათვის შეფარდებული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირება და 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს კვალიფიკაციის ნაწილში და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ა. ჩ–ს ქმედებები, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებებში არ იკვეთება სისტემატური ფიზიკური ძალადობის ნიშნები, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საკასაციო პალატა კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დასჯადია ძალადობა, ე.ი. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს მითითებული მუხლით, სავალდებულოა, რომ სისტემატურმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა. გამოიწვია თუ არა პირის ქმედებებმა ტანჯვა, ეს საკითხი, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის №617აპ-18 გადაწყვეტილება).

11. სისტემატურ ძალადობას ახასიათებს: ძალადობის პერმანენტულობა - ერთხელ ან ორჯერ ჩადენილი ძალადობა შეუძლებელია იყოს სისტემატური, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი; დროის მცირე ინტერვალები - ყოველი მომდევნო ძალადობის ინტერვალი არ უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი, რომ განცდილი ტკივილი განელდეს და ვეღარ მიაღწიოს ტანჯვის ხარისხს; ინტენსივობა - ძალადობას უნდა ჰქონდეს ხშირი, მუდმივი, უწყვეტი, რეგულარული ხასიათი, რაც უნდა ქმნიდეს გარკვეულ სისტემას. ამასთან, სისტემატური ძალადობის ფაქტები უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია სისტემატური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ელემენტი, რის შესაბამისადაც, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ სასამართლომ მსჯავრდებულ ა. ჩ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები არასწორად დააკვალიფიცირა. ამასთან, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავადაა მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სისტემატური ცემისა და სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდები ვერ დაკვალიფიცირდება ერთ ქმედებად - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით, ვინაიდან თვისობრივად სხვადასხვა ქმედებებია, ამასთან, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა - ,,ძალადობაში“ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის თანახმად, ტერმინ - ,,სისტემატურ შეურაცხყოფაში“ მოიაზრება მხოლოდ ფსიქოლოგიური და არა - ფიზიკური ძალადობა.

13. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. ჩ–ს, მისი პიროვნული მახასიათებლებისა პასუხისმგებლობის არაერთი დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რომლის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი