Facebook Twitter

საქმე # 330100120003523131

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№212აპ-21 ქ. თბილისი

ხ–ი ი., 212აპ-21 13 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და ითხოვს მასში ცვლილების შეტანასა და ი. ხ–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას და მის რეალურად მოხდას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ი. ხ–ს მიერ დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა და შეფარდებული სასჯელი მას პირობითად ჩაუთვალა, რაც, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება განაჩენის სამართლიანობას, რადგან ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას მკაცრი სასჯელით უნდა გასცეს პასუხი სახელმწიფომ, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს მსჯავრდებულს, ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა, იარაღის (მათ შორის - სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება და გამოყენება - 2 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და ი. ხ–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ხ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ........ში, ..........ის შესახვევის №..-ში, ი. ხ–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს - ე. ხ–ს, კერძოდ, გამოეკიდა დანით და დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა და მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ......ში, ........ის შესახვევი №..-ში, ი. ხ–მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით იძალადა მეუღლეზე - ე. ხ–ე, კერძოდ, დაარტყა მუშტი მარჯვენა მხრის არეში, ხოლო ფეხი - მარჯვენა ფეხში და მოქაჩა თმა. ი. ხ–ი მიმართავდა მეუღლეს, რომ იგი იყო ქალი და ქმრის წინააღმდეგ არ უნდა წასულიყო. ი. ხ–ს ქმედებების შედეგად ე. ხ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ითხოვდა მასში ცვლილების შეტანასა და ი. ხ–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას და მის რეალურად მოხდას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა დანაშაულები, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ი. ხ–ს ჩადენილი დანაშაულების სანქციებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც, კანონით გათვალისწინებული წინაპირობებისა (ჩადენილია განზრახ, ნაკლებად მძიმე დანაშაულები, მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილს და არ არის წარსულში ნასამართლევი) და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების გათვალისწინებით (შეურიგდა დაზარალებულს, რაც ამცირებს დანაშაულის რეციდივის ალბათობას), ჩაუთვალა პირობითად, რომლის გამკაცრება და რეალურად მოხდა სასჯელის მიზნების მისაღწევად მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი