ას-445-1140-03 17 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ვალის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 ნოემბერს მ. ვ-მა ლ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ სკ-ის 394-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 414-ე და 625-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა ძირითადი ვალის 1500 აშშ დოლარის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით.
მან 2000წ. სექტემბერში გადაწყვიტა მოპასუხისაგან შეესყიდა ბინა. მისი ღირებულების ნაწილი – 1500 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა წინასწარ, მაგრამ მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე ეს ოპერაცია ნოტარიული წესით გაფორმდა სესხად. ხელშეკრულების შესაბამისად ეს თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2000წ. 15 ნოემბრამდე უპროცენტოდ.
მიუხედავად ამისა მოპასუხემ არც ბინა მიჰყიდა და არც ფული დაუბრუნა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე მართლაც აპირებდა მისი კუთვნილი სახლის 15000 აშშ დოლარად შესყიდვას, რაშიც ბეს სახით წინასწარ გადაიხადა 1500 აშშ დოლარი, მაგრამ ბე რატომღაც გაფორმდა სესხის სახით. სინამდვილეში სესხს ადგილი არ ჰქონია. სახლის გაყიდვაზე უარი არასდროს განუცხადებია, მაგრამ მიუხედავად ამისა მოსარჩელემ მისი სახლი არ შეიძინა.
ზემოთ მითითებული გარემოების გამო მოსარჩელე წინააღმდეგია ბეს სახით მიღებული თანხის დაბრუნების.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა – 1500 აშშ დოლარი ჩათვალა ბედ და სკ-ის 421-ე, 423-ე მუხლების შესაბამისად ბე დაუტოვა ბეს მიმღებს, ვინაიდან მიიჩნია, რომ ბეს მიმცემმა ბრალეულად დაარღვია მასზე დაკიასრებული ვალდებულებაბ ეს დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ მხარეები შეთანხმელუბნი იყვნენ სახლის 15000 აშშ დოლარად შესყიდვაზე, მაგრამ მოსარჩელემ შესთავაზა მხოლოდ 10000 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ბ-ეს დაეკისრა 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ორი მტკიცებულებაბ ერთი – 2000წ. 27 სექტემბრის თარიღით შედგენილი ხელწერილი ბეს სახით სახლის ღირებულების 10%-ის 1500 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ და მეორე – 2000წ. 27 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ვადიანი უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, 1500 აშშ დოლარის გასესხების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით დაიფარა ბეს ხელშეკრულება, რის გამოც გამოიყენება სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მაგრამ ვინაიდან ბეს ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო საოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის და 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იგი სკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბათილი იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად გარიგების ბათილობის გამო მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა მოპასუხეზე გადაცემული თანხის დაბრუნება.
2003წ. 25 ივლისს ლ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმედა და შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 421-ე და 423-ე მუხლების ნაცვლად არასწორად გამოიყენა სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტი.
მისივე მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის 2000წ. 27 სექტემბერს ზეპირი ფორმით დაიდო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იმავე დღეს მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 1500 აშშ დოლარი (რომელიც სანოტარო წესით გაფორმდა სესხის სახით).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე გადაცემული თანხა წარმოადგენს ბეს სათანადო ფორმის დაცვის გარეშე, რადგან სკ-ის 421-ე მუხლის შესაბამისად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.
აქედან გამომდინარე ნასყიდობის დროს თანხის ბეს სახით გადაცემის შემთხვევაში დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სკ-ის 323-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
ამავე კოდექსის 328-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში რადგან მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სახლის ნასყიდობის შესახებ, ამ ხელშეკრულების დადების დამადასტურებელ უზრუნველყოფის საშუალება – ბეს სახით გადახდილი თანხა (რომელსაც საგადამხდელო ფუნქციაც აკისრია სკ-ის 416-ე და 422-ე მუხლები) იმ ფორმის დაცვით უნდა გაფორმდეს, როგორ ფორმასაც ითვალისწინებს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
სკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს, ამ ხელშეკრულების დამადასტურებლად ბედ თანხის გადაცემულ ამავე წესით უნდა გაფორმდეს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დამადასტურებლად გადახდილი ბე სანოტარო წესით არ დამოწმებულა, იგი სათანადო ფორმის დაუცველობის გამო ბათილია.
სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია ვითომ კრედიტორს მოსთხოვოს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში, რადგან ბე სათანადო ფორმის დაუცველად იქნა გადაცემული, ნასყიდობის დადების ფაქტი დადასტურებულად ვერ ჩაითვლება, საამისოდ გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუველობის გამო. ამდენად, იგი ბათილია და კრედიტორს შეუძლია უკანვე მოითხოვოს გადაცემული თანხის დაბრუნება.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი, არასწორია, ვინაიდან საქმეში არსებულ სესხის ხელშეკრულების მიმართ სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა გამოეყენებინა სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება მართლაც მოსაჩვენებლად იყო დადებული და ამით იფარებოდა სინამდვილეში არსებული ბეს ხელშეკრულება, რომელიც თავისთავად ფორმის დაცვის გარეშე იყო დადებული.
კასატორის მოსაზრების საწინააღმდეგოდ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 423-ე მუხლი, ვინაიდან ჩამოყალიბებული მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა ბეს ხელშეკრულება დადებულია კანონის შესაბამისად და იგი ბათილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში კი მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხელშეკრულების გაფორმების ფორმის დაუცველობის გამო ბათილია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 14 მაისის გადაწყვეტილება.