Facebook Twitter

საქმე # 330802221004827601

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№396I-21 ქ. თბილისი

ა. ე., 396I-21 26 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ზ-ს სისხლის სამართლის მე-4 უმაღლესი სასამართლოს განაჩენით ე. ა., - დაბადებული 19.. წლის 3 მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირის წამება, ჩადენილი ბავშვის მიმართ (3 ეპიზოდი)), იმავე კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლივად, 103-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბავშვის მიმართ სექსუალური თავდასხმა (2 ეპიზოდი)) და იმავე კოდექსის 39-ე მუხლთან ერთობლივად, 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით (ბავშვის მიმართ სექსუალურ თავდასხმაში დახმარება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ე. ა-ს ასევე ბრალი ჰქონდა წარდგენილი იმავე კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ზემოაღნიშნული განაჩენით ე. ა.ს მიესაჯა - 13 წლით, 57 თვითა და 35 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2015 წლის 25 ნოემბერს გამოიცა ე. ა-ს დაკავების ბრძანება.

2016 წლის 28 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მე-14 სისხლის სამართლის პალატის გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკის ქ. ზ-ს სისხლის სამართლის მე-4 უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც უნდა გაიმართოს საქმის არსებითი განხილვა.

2. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2017 წლის 28 მარტსა და 2018 წლის 29 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ე. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

2018 წლის 20 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ა..

2018 წლის 22 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ე. ა.ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა - საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.

2018 წლის 2 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.

2018 წლის 8 მაისს, ამავე წლის 2 აგვისტოს, ამავე წლის 29 აგვისტოს, ამავე წლის 25 სექტემბერსა და 2020 წლის 13 მარტს საქართველოს მთავარმა/გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ე. ა.ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

2018 წლის 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ე. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა - 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 20 აგვისტომდე.

2018 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ა.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განჩინებაზე.

2018 წლის 16 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ე. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 20 ნოემბრამდე.

2018 წლის 22 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ა.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებაზე.

2018 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ე. ა.ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების განახლებული შუამდგომლობა.

2018 წლის 16 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ე. ა.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი და იგი გათავისუფლდა.

3. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ე. ა.ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ე. ა., ბ. ა. და დაზარალებულები - ქ. ტ., ლ. გ., ე. ქ. და ე. ქ. 2008 წლის 16 დეკემბრიდან 2009 წლის 26 იანვრამდე პერიოდში თურქეთის რესპუბლიკის ქ. ზ-ს ... ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთსა და იმავე ბავშვთა საკანში იყვნენ მოთავსებულები. მითითებული პერიოდის განმავლობაში ე. ა. და ბ. ა. ფიზიკურად ძალადობდნენ დაზარალებულებზე - ქ. ტ-ზე, ე. ქ-ზე და ლ. გ-ზე. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ე. ა-მ დაზარალებულებთან - ქ. ტ-სთან და ლ.გ-სთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი, ხოლო ერთ შემთხვევაში ბ. ა-ს დაეხმარა იძულებითი სქესობრივი კავშირის დამყარებაში დაზარალებულ ე. ქ-სთან. ე. ა. და ბ. ა. აიძულებდნენ დაზარალებულებს, ერთმანეთთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ე. ა. დაზარალებულებს აიძულებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას - შეხებოდნენ მას სასქესო ორგანოზე და ჩაედინათ მისთვის სასურველი სხვადასხვა მოქმედება. გარდა აღნიშნულისა, დროის მითითებულ პერიოდში ე. ა.მ და მისმა თანამზრახველებმა დაზარალებულებს სანთლის გამოყენებით დაუწვეს ქუსლები და აიძულეს მათი ცივ წყალში მოთავსება, დაადნეს პლასტმასის ჭიქა და მას დაზარალებულებს სხეულზე აწვეთებდნენ, აიძულებდნენ მათ მდუღარე წყლის დალევას, ხელებზე მარილის დაყრასა და თვალებზე წასმას. ზემოაღნიშნული მოპყრობა, თავისი ხასიათის გათვალისწინებით, იწვევდა დაზარალებულების ძლიერ ტკივილს. დანაშაულის ჩადენის დროს ე. ა.ც და დაზარალებულებიც იყვნენ არასრულწლოვნები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ე. ა.ს ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის 2018 წლის 9 ოქტომბრის შუამდგომლობასა და 2020 წლის 25 მარტს მომზადებულ საქმის შესწავლის ოქმში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირის წამება, ჩადენილი ბავშვის მიმართ (3 ეპიზოდი)), თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლივად, 103-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბავშვის მიმართ სექსუალური თავდასხმა (2 ეპიზოდი)) და იმავე კოდექსის 39-ე მუხლთან ერთობლივად, 103-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით (ბავშვის მიმართ სექსუალურ თავდასხმაში დახმარება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და იმავე კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ა.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ე. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ა.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

7. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია ან შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.

3. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ე. ა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 20 თებერვალს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ე. ა.ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ე. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ექსტრადიციის შემთხვევაში, ე. ა.ს ბრალდებების ხასიათის (იდევნება არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებებისათის) მხედველობაში მიღებით, არსებობს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხე, რასაც კასატორი ასაბუთებს თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობით; ასევე, ე. ა.ს მიმართ დაირღვევა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ვინაიდან იგი ცხოვრობს ქ.ბათუმში და ფაქტობრივად დაქორწინებულია მარიამ ჯოხარიძეზე; ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა - ე. ა.მ განმეორებით მიმართა საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა ლტოლვილის სტატუსი.

6. დაცვის მხარის მითითებაზე, რომ ე. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს სხვა პატიმრების ან/და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხე, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.

7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011). ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, § 41, ECtHR, 29/04/1997), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, no. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011).

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: რომ დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება გაცხადებულ საფრთხესთან დაკავშირებით და ვერც თავისი ვარაუდი დაასაბუთა, რომელიც ექსტრადიციის შემთხვევაში უფლებების დარღვევის რისკებზე მიუთითებდა ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ე. ა.ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. თავის მხრივ, ვერც ბრალდების მხარემ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც არსებითი საფუძველი გახდებოდა ვარაუდისათვის, რომ ე. ა.ს ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე.

9. ამასთან, მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები. ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ე. ა.ს არასათანადოდ მოეპყრობიან.

10. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ე. ა. დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე, მეტიც, ე. ა.სთან გაიმართა გასაუბრება მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ საქართველოში ოჯახური კავშირები არ გააჩნია და მისი მშობლები, ძმა და ბებია ცხოვრობენ თურქეთის რესპუბლიკაში, რაზეც შედგა შესაბამისი ოქი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურეს ე. ა.მ და მისმა ადვოკატმა.

11. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).

12. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ე. ა.ს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი; სარწმუნოდ არ დგინდება, რომ იგი დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე; მისი ექსტრადიცია მოითხოვება არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სისტემატური, ძალადობრივი დანაშაულებისათვის და, ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ა.ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით ე. ა.ს 2018 წლის 3 მაისს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ე. ა.მ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 2019 წლის 6 აგვისტოს არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, ნათელია, რომ სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე საკითხის განხილვას ვერ დააბრკოლებს ის ფაქტი, რომ ე. ა.მ ხელახლა მიმართა კომპეტენტურ ორგანოებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელური რეჟიმით პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის №381I-21 განჩინება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 5).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ა.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე