Facebook Twitter

ას-446-1139-03 20 იანვარი 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: მომეტებული საფრთხის წყაროთი და დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. მ-ის რწმუნებით გ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1969წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით ა/კ მეტმშენის ¹...... ტრესტის რკინიგზის ტრანსპორტის კანტორას ს. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 84 მანეთის გადახდა.

კანტორა გახდა რკინიგზის ტრანსპორტის საწარმოს ფილიალი, რომლის უფლებამონაცვლეა სს «მ-ა”. მოსარჩელის განცხადებით, სს «მ-ა” 1990 წლამდე უხდიდა თანხას. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ 1990წ. 1 იანვრიდან დაეკისროს ზიანის ანაზღაურება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სს «მ-ას” ს. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1994წ. 1 აგვისტოდან 2002წ. 1 იანვრამდე 4332 ლარის, ხოლო 2 იანვრიდან- ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

სს «მ-ამ” სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა რუსთავის სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება ყოველთვიური სარჩოს გადახდის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს «მ-ას” ს. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2002წ. 1 იანვრიდან ყოველთვიურად 53 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სს «მ-ის” მოსაზრება ს. მ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სასარგებლოდ ორგანიზაციას, რომლის უფლებამონაცვლეც სს «მ-აა,” დაეკისრა თანხის გადახდა.

პალატამ მიუთითა, რომ ს. მ-ს მოთხოვნის უფლება შეწყვეტილი ვალდებულების თაობაზე წარმოეშვა 1994 წლიდან. სკ-ს 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. მხარეს შრომის უნარი დაკაგული აქვს 100%-ით, ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანხის გადახდა 1994წ. აგვისტოდან 2002წ. 1 იანვრამდე ს. მ-ის სასარგებლოდ, ხოლო 2002წ. იანვრიდან ყოველთვიურად 53 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

სს «მ-ამ” სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი მიუთითებს, რომ თანხის გაანგარიშება უნდა მოხდეს არა 1969წ., არამედ 1994წ. მონაცემებით, მაშინ როცა ს. მ-მა შეწყვიტა (ან შეუწყვიტეს) თანხის მიღება.

კასატორი ითხოვს, სს «მ-ას” ს. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ერთდროული გადასახადის სახით – 1944 ლარი, ხოლო 2002წ. 1 იანვრიდან ყოველთვიურად _ 36 ლარი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წამოიშობა პერიოდულად შესრულებული ვალდებულებებიდან სამი წელია.

სკ-ს 142-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა.

თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ისეთი მოთხოვნაა დადასტურებული, რომელიც შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ თითოეული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც პერიოდულად განმეორებითი მოქმედების შესრულების ვადა დადგა და მოსარჩელემ გაიგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1969წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს. მ-ს მიენიჭა უფლება, მოითხოვოს მოპასუხისაგან ყოველთვიური სარჩოს გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

ვინაიდან მდგომარეობა არ შეცვლილა მოსარჩელეს აღნიშნული უფლება არ დაუკარგავს. მას სკ-ს 129-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 142-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს, მოითხოვოს მოპასუხისაგან გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შესრულება, თუ იმ მომენტიდან, როდესაც მოპასუხეს უნდა შეესრულებინა მოქმედება, სარჩელის შეტანამდე არ გასულა სამ წელზე მეტი.

ს. მ-მა სასამართლოს სარჩელით მიმართა 2001წ. 14 აგვისტოს. მას უნდა აუნაზღაურდეს ერთდროულად 1998წ. შესაბამისი თვიდან 2004წ. 1 იანვრამდე, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 53 ლარის გათვალისწინებით, 3392 ლარი, ხოლო 2004წ. იანვრიდან­ _ ყოველთვიურად 53 ლარი.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 482-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის შრომის უნარის შემცირებასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურება წარმოებს ყოველთვიური გადასახდელებით. ამავე კოდექსის 472-ე მუხლის I ნაწილით, დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების შემთხვევაში მიყენებული ვნებისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია მოვალეა, აუნაზღაუროს დაზარალებულს შრომის უნარის დაკარგვის ან შემცირების შედეგად, აგრეთვე, მისი დაზიანებით გამოწვეული ხარჯები (გაძლიერებული კვება, პროტეზირება, გარეშე მოვლა და სხვა).

სასამართლოს 1969წ. გადაწყვეტილებით ს. მ-ს დაენიშნა არაკვალიფიციური მუშის ხელფასი და გარეშე მომვლელის ხარჯები.

თავად კასატორი აღიარებს, რომ გარეშე მომვლელის ხარჯები არ შეიძლება იყოს 20 ლარზე ნაკლები, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ თანხას, 33 ლარს კრედიტორს არ წარმოუდგენია საკასაციო პრეტენზია და არ მიუთითებია ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც დადგინდებოდა, რომ არაკვალიფიციური მუშის ხელფასი 33 ლარზე ნაკლებს წარმოადგენს.

შესაბამისად, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პრეტენზია, რომ სარჩოს სახით დაკისრებული ყოველთვიურად 53 ლარი არის უფრო მეტი თანხა, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 132 ლარის და 50 თეთრის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

სს «მ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სს «მ-ას” დაეკისროს ს. მ-ის სასარგებლოდ 2004წ. 1 იანვრიდან 53 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

ს.ს «მ-ას” ს. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ერთდროულად 3392 ლარის გადახდა.

ს.ს «მ-ას” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 132 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით, რომელიც უნდა ჩაირიცხოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ანგარიშზე ¹........ .

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.