საქმე # 330141221004269927
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№631-21 12 ივლისი, 2021 წელი
კ. ლ., 631-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის განაჩენით მსჯავრდებული ლ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლით გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 მარტის განაჩენით ლ. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნანა თორდინავას ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ჩ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ლ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. თ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. კ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. მ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. კ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. ა-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. თ-ს ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. კ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. დ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ე. კ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. შ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. კ-ს პიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის შეფარდებული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ლ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარი (მასვე, სასჯელში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის (ჯარიმა - 4000 ლარი) ის ნაწილი, რომელიც მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ). ლ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი 2015 წლის 9 სექტემბრიდან - 2015 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, ასევე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 23 იანვრიდან - 2017 წლის 10 აპრილის ჩათვლით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 მარტის განაჩენი.
3. 2021 წლის 18 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ლ. კ-ს პირადი საქმე მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. კ-ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
5. მსჯავრდებული ლ. კ. საჩივრით ითხოვს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის გამოყენებით სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლას, ვინაიდან მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. ამასთან, მსჯავრდებული ასევე მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით უნდა შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თუ აღნიშნული მსჯავრდებული ქალი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ). ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმავე პუნქტში აღნიშნულ მსჯავრდებულ ქალს შეეცვლება, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ ქალთა N.. დაწესებულებაში გაგზავნილი 2021 წლის 24 თებერვლის წერილით, მსჯავრდებულ ლ. კ-ს ეცნობა, რომ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებისთვის, მას უნდა წარმოედგინა არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის ასლი და შესაბამისი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ანაზღაურებული ჰქონდა დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი, რაც მას არ წარმოუდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მის მიმართ ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის მიმართ ასევე ვერ გაავრცელებს „ამნისტიის შესახებ“ მითითებული კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე, ვინაიდან ამ განაჩენით, რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ლ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, ლ. კ-ს მსჯავრი ასევე დაედო დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენაში, ხოლო აღნიშნული ქმედების მიმართ შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას ამნისტიის კანონი არ ითვალისწინებს.
5. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 მარტის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს, მასზეც ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, რადგან მსჯავრდებული ამ განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყო ნასამართლევი და, ამასთან, ლ. კ-ს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით.
6. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი