საქმე # 030100120003756595
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №60აპ-21 8 ივლისი, 2021 წელი
ღ. მ, 60აპ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მ. ღ., - დაბადებული ..., ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ღ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
მ. ღ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 3 ივნისიდან.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ღ-მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;
მ. ღ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2... წლის 3 ივნისს ...., დაახლოებით .... საათზე, ადრე ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა მ. ღ-მ .... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ოჯახის წევრს - დედას, ე. ს-ს ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
- 2... წლის 3 ივნისს, .... დაახლოებით ... საათზე, მ. ღ-მ ...მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ჩადენილი ფიზიკური ძალადობის პარალელურად, სიცოცხლის მოსპობით - მოკვლითა და ჯანმრთელობის დაზიანებით - დასახიჩრებით, დაემუქრა ოჯახის წევრს - დედას, ე. ს-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მ. ღ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ: სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მ. ღ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და დაზარალებულის პოზიცია, რომ მას რაიმე პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ არ აქვს; ამასთან, მსჯავრდებულ მ. ღ-ს სასჯელი არ უნდა განსაზღვროდა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით - დანაშაულის რეციდივის წესით, რადგან ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, ხოლო მ. ღ-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, არაერთგზის ჩადენილი დანაშაულისათვის, რაც წარმოადგენს მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ ე. ს-ს ჩვენება, მოწმეების - ა. პ--ს, ე. ხ-ს ჩვენებები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა მ. ღ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ღ-ს მიმართ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
6. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ მ. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელები განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით - დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრის წესის შესაბამისად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მ. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით მსჯავრი შერაცხული აქვს - არაერთგზის ჩადენილი დანაშაულისათვის, რაც წარმოადგენს მითითებული მუხლით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, მას სასჯელი ბრალდების ამ ეპიზოდში, სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, რეციდივის წესით არ უნდა განესაზღვროს და ამ ნაწილში უნდა ამოერიცხოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე მითითება, ხოლო სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მის მიმართ სწორად იქნა გამოყენებული სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი (მ. ღ-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოინანია, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები), ისე დამამძიმებელი გარემოებებისა და მისი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით (მ. ღ-ს მიერ ჩადენილი ქმედების მოტივი იყო ოჯახის წევრის მიმართ სრულიად უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი აგრესია, მან პირდაპირი განზრახვით ჩაიდინა ორი სხვადასხვა სახის, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამათგან ერთი - ძალადობრივი ხასიათის, ამასთან, იგი გამოირჩევა ძალადობისა და აგრესიისაკენ მიდრეკილებით, წარსულში ნასამართლევია ასევე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულებისათვის), მ. ღ-ს მიმართ გამოყენებული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის - სსკ-ის 1261-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის ნაწილში დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის განსაზღვრის წესის გამოყენების გარეშეც სამართლიანია, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის მსჯავრდებულს სასჯელს ვერ შეუფარდებს დანაშაულის რეციდივის წესით და ამასთან, განაჩენს საკასაციო წესით ასაჩივრებს დაცვის მხარე - ამ ნაწილში რეციდივის წესის გამოყენების გარეშე საკასაციო პალატა მსჯავრდებულს ვერ განუსაზღვრავს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევს მ. ღ-ს სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას, რის გამოც მას უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მ. ღ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ღ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. გაუქმდეს მ. ღ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
8. მ. ღ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 3 ივნისიდან;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი