საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1337-912(2კ-05) 30 მაისი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
საკასაციო პალატა შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
განიხილა შპს «ლ-ის» საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 29 მარტს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს «ლ-მა» მოპასუხეების, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ შეძენილ საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადის 46006,5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის აღდგენა (ს.ფ. 5-7).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «ლ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ამავე დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოქმედება მოსარჩელე შპს «ლ-ის» მიმართ დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის გაუქმებასთან დაკავშირებით აღიარებულ იქნა არაკანონიერად და გაუქმდა ამ მოქმედების შედეგი. მოსარჩელეს აღუდგა პირად ბარათზე დღგ-ს ჩათვლა თანხით 46.006 ლარი და 50 თეთრი (ს.ფ. 163-168).
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 170-172).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ: შპს «შ-ი», შპს «ე-ი», შპს «ნ-ო», შპს «მ-ი», შპს «ო-ი», შპს «ა-ი», ი/მ «კ. ბ-ი», ი/მ «მ. მ-ე», ი/მ «ნ. ღ-ი», ი/მ «გ. ი-ე», ი/მ «ნ. კ-ი», ი/მ «მ. ლ-ი», ი/მ «ი. თ-ი», ი/მ «ზ. მ-ი», ი/მ «რ. ყ-ი», შპს «ს-ა», გორის საგადასახადო ინსპექცია, თელავის საგადასახადო ინსპექცია (ს.ფ. 186-187).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოპასუხეების ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ამავე დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოქმედება შპს «ლ-ის» მიმართ 45.806 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლის გაუქმებასთან დაკავშირებით აღიარებულ იქნა არაკანონიერად, გაუქმდა ამ მოქმედების შედეგი, აღდგენილ იქნა შპს «ლ-ის» პირად ბარათზე დღგ-ს ჩათვლა 45.806 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «ლ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად (ს.ფ. 416-422).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ლ-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება 38450 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლის აღდგენის თაობაზე (ს.ფ. 427-429).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შპს «ლ-ს» დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში 1508 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 434-435).
2006 წლის 11 მაისს შპს «ლ-ის» წარმომადგენელმა მ. კ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ ფინანსური სიძნელეების გამო ვერ შეძლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება ან მისი გადახდის გადავადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინებით შპს «ლ-ის» წარმომადგენლის მ. კ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შპს «ლ-ს» გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2006 წლის 19 მაისს, მას მითითებული ხარვეზი არ შეუვსია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «ლ-ის» საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინება, რომლითაც კასატორს _ შპს «ლ-ს» გაუგრძელდა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა, კასატორს ჩაბარდა 2006 წლის 19 მაისს.
საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ხუთდღიანი ვადა ამოიწურა 2006 წლის 24 მაისს. საკასაციო საჩივრის ხარვეზი კასატორს არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა გაუშვა საკასაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ლ-ის» საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.