Facebook Twitter

ას-449-731-04 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: საკომლო წიგნში ჩანაწერის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 30 მაისს ნ. კ.-მ ზესტაფონის რაიონის სოფ. ...-ის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა საკომლო წიგნში ყალბი ჩანაწერის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

2003წ. 18 აპრილს მისთვის ცნობილი გახდა, რომ საკომლო წიგნში ჩაწერილია თავისი შვილი ზ. კ.-ე, რძალი ხ. მ.-ე და შვილიშვილი შ. კ.-ე.

სოფ. ...-ის საადგილმამულო წიგნში, საჯარო რეესტრში, მოსარჩელე წარმოადგენს კომლის უფროსს, მისი მეუღლე ნ. კი ოჯახის წევრსა და თანამესაკუთრეს.

მისი შვილი კომლიდან ამოწერილია 1986 წელს.

ხ. მ.-ე არასდროს ყოფილა კომლის წევრი. იგი ცხოვრობს ქ.ზესტაფონში. არც შვილსა და არც რძალს კომლის საქმიანობაში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. მას გამგეობისათვის არასდროს მიუმართავს, რომ მის კომლში აღერიცხათ შვილი, რძალი და შვილიშვილი, ჩანაწერი ყალბია და ითხოვს მის გაუქმებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2002წ. 17-24 იანვარს ჩატარდა საყოველთაო აღწერა, ხდებოდა მუდმივად მცხოვრებ პირთა აღრიცხვა. აღწერის დროს მოსარჩელის მეუღლემ განაცხადა, რომ მის კომლში ცხოვრობდა ხუთი სული, მათ შორის შვილი, რძალი და შვილიშვილიც. ამის საფუძველზე მოხდა კომლში მათი ჩაწერა, რაც მოპასუხეს კანონიერად მიაჩნია.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონის სოფ. ...-ას თემის გამგეობის მიერ მოქალაქე ნ. კ.-ის კომლში მისი შვილის _ ზ. კ.-ის, რძლის _ ხ. მ.-ისა და შვილიშვილის _ შ. კ.-ის სარეგისტრაციო ჩანაწერი.

რაიონულმა სასამართლომ სარჩელი განიხილა ადმინისტრაციული წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონის სოფ. ...-ის თემის გამგეობის მიერ ნ. კ.-ის კომლში მისი რძლის _ ხ. მ.-ისა და შვილიშვილის _ შ. კ.-ის სარეგისტრაციო ჩანაწერი, ხოლო სსკ-ის 272-ე მეხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე, შეწყდა საქმის წარმოება ზ. კ.-ის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.

სააპელაციო სასამძართლომ მიიჩნია, რომ დავა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში მესამე პირებად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ჩააბა ხ. მ.-ე, ზ. და შ. კ.-ეები.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ კომლში მოსარჩელის შვილის, რძლისა და შვილიშვილის ჩაწერის საფუძველი გახდა საყოველთაო აღწერის დროს მოსარჩელის მუღლის ზეპირი განმარტება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ...-ის თემის გამგეობამ დაარღვია საქართველოს 1996წ. 27 ივნისის კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“, რომლის მე-5 მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციისათვის პირი ვალდებულია, წარადგინოს განცხადება, პირადობის მოწმობა და საცხოვრებლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრებლის მესაკუთრეს თანხმობა _ რაც ნიშნავს მესაკუთრის წერილობით თანხმობას _ სანოტარო წესით დამოწმების გარეშე.

2004წ. 19 მარტს ზესტაფონის რაიონის სოფ. ...-ის გამგეობამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, დარღვეულია სკ-ის 1197-ე მუხლის მოთხოვნა. არასრულწლოვან შ. კ.-ეს წაერთვა უფლება, იცხოვროს ოჯახში თავის მამასთან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების მიხედვით, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად, სარჩელში უნდა მიეთითოს მოპასუხის გვარი, სახელი, მისამართი და ა.შ.

ამ ნორმათა შინაარსიდან და პროცესის დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს მოპასუხეს.

საქმეში მოპასუხედ შეიძლება წარმოგვიდგეს ის პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე.

სსკ-ის 89-ე მუხლის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ის პირია, რომლის უფლებებსა და მოვალეობებზე ამ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შემდგომში შეიძლება გავლენა მოახდინოს.

მოცემულ შემთხვევაში ამ დავაში მოპასუხედ დასახელებულია ...-ის გამგეობა, დავის საგანს კი წარმოადგენს საკომლო წიგნში ჩანაწერის ბათილობა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილება ან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უშუალოდ ეხება მოსარჩელის რძლისა და შვილიშვილის ინტერესებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს არა შემდგომში, არამედ უშუალოდ. სარჩელი მიმართულია მათი უფლებებისა და ინტერესების წინააღმდეგ და მათ უნდა აგონ პასუხი მოცემულ სარჩელზე. აქედან გამომდინარე, ისინი საქმეში მესამე პირებად ვერ იქნებიან.

სააპელაციო სასამართლომ მართალია, საქმის განხილვის დროს გამგეობის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ჩააბა მოსარჩელის რძალი და შვილიშვილი იმ საფუძვლით, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უსათუოდ შეეხებოდა ამ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, მაგრამ მოცემული საკითხის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არა თუ მომავალში შეეხებოდა მათ უფლებებსა და ინტერესებს, არამედ ეხებოდა საქმის განხილვის დროსაც. მათ კი სასამართლო პროცესზე, მოპასუხედ მოუწვევლობის გამო, სსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მიიღეს მონაწილეობა საქმის განხილვაში, რითაც დაირღვა მათი საპროცესო უფლებები.

სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია, მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ დაიცვა ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნები. არ გადაწყვიტა საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმის საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს მოსარჩელე მიეკუთვნება „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის (ცვლილებები 2003 წ. 20 ივნისი) მე-4 მუხლში მითითებულ კომლთა კატეგორიას და დავა შეეხება კომლის საერთო საკუთრების ხელყოფას, თუ იგი არის სოფლად მცხოვრები პირი, მის სახელზე აღრიცხული ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და დავა ეხება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ საქართველოს 1996წ. 27 ივნისის კანონის დარღვევას.

საქმის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ნ. კ.-ე არ მიეკუთვნება საკოლმეურნეო კომლის კატეგორიას და დავა ვერ გადაწყდება საკოლმეურნეო კომლში წევრად მიღების წესების მიხედვით. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სკ-ის მე-20 მუხლის მოთხოვნებიც.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.