Facebook Twitter

საქმე # 010142221700130404

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №3აგ-21 თბილისი

წ. ი., 3აგ-21 21 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის განაჩენით ი. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.

მსჯავრდებულ ი. წ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განჩინების მიღების დღიდან - 2014 წლის 17 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

ი. წ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის განაჩენი ი. წ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. წ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2021 წლის 20 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის განაჩენის გადასინჯვა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მისი შესაბამისობაში მოყვანა, შემდეგი მოტივებით: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განაჩენი უკანონოა, ვინაიდან იგი ემყარება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების იმ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციას; ამასთან, სასამართლო ი. წ-ს ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. კასატორი - მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ჩ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და განაჩენის გადასინჯვას შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი:

,,ა) საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით;

ბ) საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით;

გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“.

4. ამავე გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა:

ა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

ბ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

გ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან.

5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი