საქმე # 010142221700134526
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №8აგ-21 თბილისი
ხ. ჯ., 8აგ-21 30 აგვისტო, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით ჯ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით ჯ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით მოუხდელი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლბის აღკვეთა, საიდანაც - 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარი, რამაც შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 3 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. ჯ. ხ-ს სასჯელი აეთვალა 2020 წლის 9 ივნისიდან.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული ჯ. ხ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად
6. 2021 წლის 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ჯ. ხ-მ, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა ზეპირი მოსმენით საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემდეგი მოტივებით: გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მისთვის საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძარცვის მცდელობა იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) შერაცხული ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის), რის შემდეგაც უნდა განესაზღვროს ახალი სასჯელი, ვინაიდან მას შემდეგ, რაც გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით იგი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან, აღარ ითვლება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევ პირად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. ხ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას, მასში მითითებული საფუძვლებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს შუამდგომლობა, კერძოდ:
4. მართალია, ჯ. ხ. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელისაგან, ხოლო ამ მუხლით შერაცხული მსჯავრდება კი წარმოადგენდა იმ ქმედებების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რისთვისაც მას მსჯავრი ედება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენითა და გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, მაგრამ მითითებული გარემოება ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ ჯ. ხ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენითა და გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენის მომენტისათვის ნასამართლევი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იგი ახალი დანაშაულების ჩადენის დროისათვის ითვლებოდა მითითებული მუხლით ნასამართლევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლება ვერ გახდება მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი