Facebook Twitter

ას-452-1093-03 9 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 16 სექტემბერს თ. ჯ-ემ მოპასუხე ქ. დ-ის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

თ. ჯ-ემ მიუთითა, რომ 2002წ. 8 მაისს ქ. დ-მა 4 თვის ვადით ესესხა 1600 აშშ დოლარი (3520 ლარი). სესხის ხელშეკრულება დაამოწმა ნოტარიუსმა. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ. დ-ის საცხოვრებელი ბინა მდებარე ..... ქ. მცხეთაში.

მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თ. ჯ-ემ მოითხოვა გადახდის ბრძანების გაცემა თანხის დავალიანების გადახდის შესახებ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის გადახდის ბრძანებით ქ. დ-ს, თ. ჯ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა.

2002წ. 21 ოქტომბერს ქ. დ-მა პროტესტი შეიტანა გადახდის ბრძანებაზე, რომელშიც აღნიშნა, რომ ფაქტობრივად თ. ჯ-ისაგან ნასესხები ქონდა 1000 აშშ დოლარი ყოველთვიური 15%-იანი საპროცენტო განაკვეთით. ქ. დ-მა მოითხოვა გადახდის ბრძანების გაუქმება და საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა.

2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა იმავე წლის 3 ოქტომბერს მიღებული გადახდის ბრძანება და საქმე სასარჩელო წესით იქნა განხილული.

2002წ. 29 ნოემბერს ქ. დ-მა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით და მოითხოვა მოტყუებითა და თაღლითობით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ქ. დ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2003წ. 26 თებერვალს ქ. დ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი – 2002წ. 8 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ თ. ჯ-ემ ქ. დ-ს ასესხა 1600 აშშ დოლარი (3520 ლ-იმ პერიოდის კურსით), მაგრამ თანხის რეალურად გადაცემა განხორციელდა გარკვეული დროის შემდეგ და არა ხელშეკრულების გაფორმებისას.

სააპელაციო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტებებისაა და წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ. ჯ-ემ ქ. დ-ს ასესხა 1000 აშშ დოლარი. ქ. დ-ის მითითებით თანხა უშუალოდ გადასცა ი. მ-ს, რომელიც ჰპირდებოდა ქ. დ-ს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის მიზნით შესაბამისი საბუთების მომზადებას. 600 აშშ დოლარის სესხების წერილობითი მტკიცებულების არარსებობის გამო სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ეს არის ოთხი თვის საპროცენტო თანხა (1000 აშშ დოლარის 15%=150; 150X4=600), რაც პირდაპირ დაფიქსირდა, როგორც ნასესხები თანხის შემადგენელი ნაწილი. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 624-ე მუხლი.

სკ-ს 625-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ 15%-იანი განაკვეთი შეამცირა 3%-მდე.

სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ჯ-ის სარჩელი. ქ. დ-ს დაეკისრა 1360 აშშ დოლარის (1000 აშშ დოლარი + 30 აშშ დოლარი (3%X12 თვეზე) ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. დ-ის შეგებებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 8 მაისის ხელშეკრულება საპროცენტო თანხის 600 აშშ დოლარის ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის აზრით, ვინაიდან თ. ჯ-ემ აღიარა, რომ 2002წ. 8 მაისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას თანხის გადაცემა მხარეთა შორის არ მომხდარა, აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებაც არ შემდგარა. თ. ჯ-ემ თანხა გადასცა ი. მ-ს, რომელსაც ეს თანხა ქ. დ-ისთვის არ გადაუცია და ამრიგად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ შემდგარა. (მითუმეტეს ქ. დ-ს ი. მ-ისთვის არანაირი რწმუნება არ მიუცია)

ზემოთაღნიშნულის შესაბამისად, კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება, მასსა და თ. ჯ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების, როგორც არშემდგარი ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 2002წ. 8 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხას – 1600 აშშ დოლარი არ გადაცემულა რეალურად თ. ჯ-ემ ქ. დ-ის მითითებითY ი. მ-ს მეორე დღეს გადასცა 1000 აშშ დოლარი. თ. ჯ-ე აღნიშნული თანხით ჰპირდებოდა ქ. დ-ს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის მიზნით შესაბამისი საბუთების მომზადებას.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კასატორი არ მიუთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს.

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება 2002წ. 8 მაისს დაიდო კრედიტორ თ. ჯ-ესა და მოვალე – ქ. დ-ს შორის (სანოტარო ფორმით). სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის უძრავი ქონება (ბინა). ესე იგი მხარეები (კრედიტორი და მოვალე) შეთანხმდნენ სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე და მათ შორის ხელშეკრულება დაიდო კანონით გათვალისწინებული ფორმით, კერძოდ, სესხის ხელშეკრულება სკ-ს 624-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმითაც. მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულება დაიდო რთული სანოტარო ფორმით. საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ზეპირი ფორმითაც შეიძლება დაიდოს, მაგრამ მხარეები მას წერილობითი ფორმით დადებენ, ამ შემთხვევაში წერილობითი (რთული სანოტარო) ფორმა ხელშეკრულების ნამდვილობის დამატებითი პირობაა, რომელიც მხარეებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში მტკიცების ყველაზე კარგი საშუალებაა.

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება ნამდვილია, მისი ბათილად ცნობა ქ. დ-მა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ იგი მოატყუეს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. დ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან სკ-ს 81-ე მუხლის, თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ამ საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობა მაშინ ხდება, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ე.ი გარიგების დადების დროს ყველა ან ერთ-ერთი არსებითი პირობა მიღწეულია ცდომილებაში განზრახ შეყვანითა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ არის დადგენილი მოტყუების ფაქტი. სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცების ტვირთი ეკისრება ქ. დ-ს. ის გარემოება, რომ ქ. დ-ის ნაცვლად კრედიტორმა თანხა გადასცა ი. მ-ს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოტყუებად, რადგან თანხა ი. მ-ს გადაეცა თვით მსესხებლის თანხმობით, ამასთან ამ დროს მხარეებს შორის გარიგება უკვე დადებული იყო. მოტყუება (მოტყუების განზრახვა) გარიგების დადებას წინ უნდა უსწრებდეს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, სესხის ხელშეკრულების დროს თანხა მსესხებლის მიერ მიღებულად ითვლება მაშინაც, თუ მისი თანხმობით იგი მესამე პირმა მიიღო. მოცემულ შემთხვევაში თანხმობად მიჩნეულ უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მესამე პირმა თანხა მიიღო მსესხებლის მითითების საფუძველზე. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ქ. დ-მა სესხის ხელშეკრულება დადო იმ მიზნით, რომ ნასესხები თანხა გადაეცა ი. მ-სათვის საზღვრაგარეთ სამუშაოდ წასასვლელი საბუთების მომზადებისათვის. ამდენად, სესხის ხელშეკრულება ნამდვილია და მსესხებელს ევალება სკ-ს 623-ე მუხლის საფუძველზე დააბრუნოს ნასესხები თანხა, ხოლო რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ი. მ-მა მოატყუა ქ. დ-ი და საბუთები არ მოამზადა, აღნიშნული წარმოადგენს ი. მ-სა და ქ. დ-ს შორის დავის საგანს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მულით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.