Facebook Twitter

საქმე # 010141221004269564

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №425I-21 თბილისი

კ-ე ზ, 425I-21 8 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 18 იანვარს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ზ. კ-ს პირადი საქმე.

2. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივნისის განაჩენით:

პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება.

ზ. კ-ე, - დაბადებული .... წლის .... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42 მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი; ზ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42 მუხლების საფუძველზე დამატებითი საასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. კ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი.

3. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. კ-მ, რომელმაც ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმება და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.

6. საჩივრის თანახმად, ზ. კ-მ არაერთხელ სცადა, მოეძებნა დაზარალებული, დაკავშირებოდა მას, მაგრამ იმ მისამართზე, სადაც იგი ცხოვრობდა, დღეს უკვე არც თვითონ და არც მისი ნათესავი ან ოჯახის წევრი აღარ ცხოვრობს. როგორც კასატორისთვისაა ცნობილი, მან დატოვა ქვეყანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივნისის განაჩენით ზ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 19.177–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად: ,,ამ კანონის მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლებში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.“ ამასთან, ,,ობიექტური ხელშემშლელი მიზეზის არსებობისას, მათ შორის, დაზარალებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, მისი თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ფორმით.“

4. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 19.177–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს, მასზე ზემოაღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

5. საკასაციო პალატა უთითებს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა დაზარალებულ ი. ბ-ს ან მისი ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის თანხმობა - ზ. კ-ს მიმართ გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ გამოთქმული ვარაუდი, დაზარალებულის მიერ ქვეყნის დატოვებასთან მიმართებით, შესაბამისი მასალით დადასტურებული არ არის.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. კ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი