საქმე # 060100115002359263
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად
ცნობის შესახებ
საქმე №394აპ-19 ქ. თბილისი
ჭ–ი რ., 394აპ-19 6 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნით რ. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი დაედო: ქურდობაში, ესე იგი მოქალაქის პირადი ქონების ფარულ დაუფლებაში პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს და ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და სადგომში უკანონოდ შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია); ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და სადგომში უკანონოდ შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია); ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გატაცებაში პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და ყაჩაღური თავდასხმის გზით, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (სსკ-ის 1960 წლის 17 აგვისტოს რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:
არასრულწლოვანი რ. ჭ–ი 1996 წლის 20 დეკემბერს დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ. ტ–ს, თ. შ–სა და ბ. ა–ს, რომლებიც ურთიერთშორის წინასწარ შეთანხმდნენ ქურდობის გზით, ბინაში შეღწევით გაეტაცებინათ ს–ში, ........ის ქ.N..-ში მცხოვრები ზ. ძ–ის კუთვნილი პირადი ქონება. იმავე დღეს, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაახლოებით 23 საათზე, ისინი მივიდნენ ზ. ძ–ის სახლთან, სადაც გათბობის მილის საშუალებით მ. ტ. ავიდა სახლის სახურავზე, ჭერიდან შეაღწია სახლის მეორე სართულზე და გააღო კარი, რის შემდეგაც ფარულად გაიტაცეს ზ. ძ–ის კუთვნილი ქონება, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 9 545 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
1998 წლის 5 მაისს ძებნილი რ. ჭ–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ. ა–ს და დაუდგენელ პირს და წინასწარი შეთანხმებით, შეიარაღებულები გადაჭრილი სანადირო თოფით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და სათამაშო პისტოლეტით, მთვრალები, დაახლოებით 22 საათზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა–ს ქ. N..-ში, სავაჭრო ჯიხურში მყოფ ა. მ–ს, რა დროსაც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჯიხურიდან გაიტაცეს 1 ბოთლი არაყი „მოსკოვსკი“ და ერთი ბოთლი ფანტა, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 2 ლარისა და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი.
1998 წლის 6 მაისს, დაახლოებით 01 საათზე, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მ. ა–სა და დაუდგენელ პითან ერთად, იარაღების დემონსტრირებით ყაჩაღურად თავს დაესხნენ .........ის N...-ში მცხოვრებ ი. რ–ის სავაჭრო ჯიხურს, სადაც ამ უკანასკნელის მეუღლის - ზ. რ–ის მოკვლის მუქარით გაიტაცეს სარეალიზაციო საქონელი, რითაც დაზარალებულს მიდგა 117 ლარის ზიანი. აღნიშნულის შემდეგ კი, 6 მაისს, დაახლოებით 01 საათსა და 15 წუთზე, ისინი ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა–ს ქ. N....-ში მცხოვრებ ი. ჭ–ს სავაჭრო ჯიხურს და მისი მოკვლის მუქარით გაიტაცეს სარეალიზაციო საქონელი და ფულადი თანხა - 70 ლარი, რითაც დაზარალებულს მიადგა 270 ლარის ქონებრივი ზიანი.
მანვე, 1998 წლის 10 მაისს, ღამის საათებში, როდესაც მ. ა–თან ერთდ იმყოფებოდა ქ. ს–ში, კ-ს ქ. N..-ში მცხოვრებ ი. კ–ს ქორწილში, მთვრალებმა ურთიერთშორის წინასწარ მოილაპარაკეს ყაჩაღური თავდასხმის გზით გაეტაცებინათ ............ის გამზირზე განწესში მყოფი პოლიციის თანამშრომლების ტაბელური იარაღი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი 1998 წლის 10 მაისს, დაახლოებით 05 საათზე, რა დროსაც რ. ჭ–ი შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო მ. ა. - გადაჭრილი სანადირო თოფით, თავს დაესხნენ ...........ის გამზირზე, N... საცხოვრებელი სახლის წინა, მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივი ვაზ-2101 მარკის .........., სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით მყოფ ..........ს შს რაიგანყოფილების პოლიციელებს - თ. ს–სა და თ. ს–ს. ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით პოლიციის მუშაკებს გასტაცეს 209 ლარად ღირებული, ტაბელური აკს-ის სისტემის N......... ავტომატი 1 მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით, რა დროსაც რ. ჭ–მ და მ. ა–მ ხელთ ნაქონი იარაღიდან პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით არაერთხელ გაისროლეს, რის შედეგადაც დააზიანეს ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ავტომანქანის დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა 1001 ლარი შეადგინა.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით რ. ჭ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1967 წლის 17 აგვისტოს რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
გაუქმდა რ. ჭ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გამართლებულ რ. ჭ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. პროკურორი გივი გოცაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
გამართლებულ რ. ჭ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ქ. შესაგებლით ითხოვს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ-ის) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო სასამართლო რ. ჭ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1967 წლის 17 აგვისტოს რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას. აღნიშნულ ბრალდებებში რ. ჭ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად უტყუარი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე