ას-454-1198-03 14 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: იჯარით აღებული ...-ის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 9 ოქტომბერს შპს „ჟ.-მ“ შპს „...-ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა დუშეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა ...-ის ჰიდროელექტროსადგურის თავისი ინფრასტრუქტურით შპს „...-ის“ ბალანსიდან შპს „ჟ.-ის“ ბალანსზე გადაცემა შემდეგი საფუძვლით:
1994წ. 1 მაისს შპს „ჟ.-სა“ და საქართველოს რესპუბლიკის დეპარტამენტ „ს.-ს“ შორის დადებული იყო ხელშეკრულება ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის იჯარით აღების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 15 თებერვლის ¹111 განკარგულებით ...-ის ძირითადი ფონდები გადაეცა და აისახა საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით სახელმწიფო კომპანია შპს „თ.-ის“ სახელზე, ხოლო 2001წ. ნოემბერს ქ.თბილისის მთავრობის დადგენილებით, ...-ი, ასევე საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით, გადაეცა შპს „...-ს“ და საქართველოს რესპუბლიკის დეპარტამენტ „საქენერგოს“ უფლებამონაცვლეს, საიჯარო ხელშევკრულებაში, წარმოადგენს შპს „...-ი“.
1996წ. 26 ივლისს საიჯარო ურთიერთობაზე მხარეთა შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება 1994წ. 1 მაისის საიჯარო ხელშეკრულების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, რაც დღემდე შეუსრულებელია.
მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს იჯარის შესახებ საქართვლოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 აბზაცით და მე-7 მუხლით.
ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამჟამად შპს „...-ის“ ბალანსზე არსებული ძირითადი ფონდები, ...-ის ჰიდროელექტროსადგური თავისი ინფრასტრუქტურით უნდა გადაეცეს მოიჯარეს. მხარეთა შორის გაფორმდა მიღება _ ჩაბარების აქტი, რეალურად კი შპს „ჟ.-ის“ ბალანსზე ქონების გადაცემა არ მომხდარა. საიჯარო ქონების მოიჯარის ბალანსზე გადაცემა არ ნიშნავს იმას, რომ მეიჯარემ გადასცა მოიჯარეს ამ აქტივის საკუთრების ტოლფასი უფლება. მისი ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა აუცილებელია იმისთვის, რომ მოიჯარის ფინანსური ანგარიშსწორებისას გამოჩნდეს საწარმოს რეალური ფინანსური მდგომარეობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მეიჯარე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას. მოსარჩელის მიერ მითითებული კანონი და ხელშეკრულება ითვალისწინებს საიჯარო ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში გადაცემას და არა ბალანსიდან ბალანსზე გადაცემას.
1994წ. 1 მაისის ხელშეკრულებით მოიჯარეს მიეცა უფლება საიჯარო ქონების ექსპლუატაციაზე. ხელშეკრულებაში მითითებული ტერმინი -ქონების გადაცემა არ ნიშნავს საიჯარო ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემას.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის მიხედვით, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია 1994წ. 1 მაისის იჯარისა და 1996წ. 26 ივლისს დადებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე.
საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება „იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და 1994წ. 1 მაისის ხელშეკრულების 1.2 მუხლის დარღვევის შესახებ და მიუთითა, რომ არც კანონი და არც ხელშეკრულება არ ითვალისწმინებს მოიჯარისთვის იჯარით გადაცემული ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემას.
საოლქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემული ურთიერთობა უნდა დარეგულირებულიყო „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების“ 1999წ. მოთხოვნათა საფუძველზე და საიჯარო ქონება ამ ნორმის გამოყენებით ბალანსიდან ბალანსზე უნდა გადაცემოდა მოსარჩელეს, ვინაიდან „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს“ უკუქცევითი ძალა არა აქვს და იგი ვერ გავრცელდებოდა 1994წ. ხელშეკრულებაზე, ამასთან სტანდარტების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფინანსური იჯარა გულისხმობს აქტივთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვანი რისკისა და ეკონომიკური სარგებლის გადაცემას მოიჯარეზე და არა ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემას. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობაც გასული იყო.
2003წ. 15 ივლისს შპს „ჟ.-მ“ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართვლოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად გაიგო და არასწორი შეფასება მისცა მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე არასწორად მიუთითა სასარჩელო ხანდაზმულობაზე.
კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ მას არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბაჟი 4970 ლარის ოდენობით, ვინაიდან დავის საგანს უკვე გადმოცემული ქონება კი არ წარმოადგენს, არამედ ამ ქონების ბალანსზე ასახვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს საოლქო სასამართლომ არასწორად გაიგო და არასწორი შეფასება მისცა მის სასარჩელო მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ სავსებით საფუძვლიანად მიუთითა, რომ იჯარის კანონის მე-7 მუხლი და მხარეთა შორის 1994წ. 1 მაისს დადებული ხელშეკრულების 1.2 მუხლი არ ითვალისწინებდა მოიჯარისათვის იჯარით გადაცემული ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემას, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა იჯარით აღებული ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ უსაფუძვლო იყო.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მოცემული ურთიერთობის „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების“ 1999წ. მოთხოვნათა შესაბამისად მოწესრიგების შესახებ, ვინაიდან სტანდარტების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ფინანსურ იჯარაში გულისხმობდა აქტივთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვანი რისკისა და ეკონომიკური სარგებლის გადაცემას მოიჯარეზე და არა ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემას.
ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება სახელმწიფო ბაჟის სახით 4970 ლარის გადასახდელად დაკისრების შესახებ.
სსკ-ის 38-ე მუხლის „ა“ პუნქტის და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 2,5%-ს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ...-ის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა. დავის საგნის ღირებულება განისაზღვრებოდა დავის საგნის (...-ის) საბალანსო ღირებულებით. მისი საბალანსო ღირებულება კი საკმაოდ მაღალია (1994წ. 1 მაისისათვის შეადგენდა 1,075,470,755 კუპონს, 1994წ. 1 მაისვისათვის _ 13597078 ლარს), ამიტომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობად საოლქო სასამართლომ სწორად დაადგინა 5000 ლარი. ვინაიდან მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 30 ლარი, 4970 ლარი მოსარჩელეს გადასახდელად სწორად დაეკისრა.
ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებითაც.
თუკი მოსარჩელეს შეუსრულებლად მიაჩნდა 1994წ. ხელშეკრულება, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა ხელშეკრულების შეუსრულებლობისთანავე ანუ 1994წ. 15 მაისიდან, ხელშეკრულების საგნის გადაცემის მომენტიდან, მან კი ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბერს ანუ 8 წლის შემდეგ. მაშინ, როცა უძრავ ნივთებთან დაკავშირებით სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სკ-ის 129-ე მუხლის პირველილ ნაწილის შესაბამისად, შეადგენს 6 წელს.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ გამოტანილ გადაწყვეტძილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ჟ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.