ას-454-734-04 14 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ.-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 1997წ. დეკემბერში იგი შეუთანხმდა მ. ა.-ს მანქანის ნასყიდობის თაობაზე. ავტომანქანა „ტოიოტას“ ღირებულებიდან მან წინასწარ გადაიხადა 1700 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 800 დოლარი მას უნდა გადაეხადა ორ თვეში მანქანით სარგებლობით მიღებული შემოსავლიდან. ნ. მ.-ის განცხადებით, იგი არ იყო იაპონური მანქანის სპეციალისტი, ამიტომ დროულად ვერ შეამოწმა ავტომანქანის მდგომარეობა. როგორც მოსარჩელე უთითებს, ავტომანქანის წაყვანიდან მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ მანქანა ტექნიკურად გაუმართავი იყო. მ. ა.-ს ავტომანქანის ნაწილები არ გამოუცვლია. ამის გამო ნ.მ.-ემ ერთი თვის შემდეგ მანქანა გააჩერა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან კვლავ დააპირა მუშაობის დაწყება და მანქანა მიიტანა სარემონტოდ პროფილაქტიკაში. მ. ა.-ემ კი მას მოხსნა როტორი და შესთავაზა დარჩენილი გადასახდელი თანხის დაბრუნება, რის შემდეგაც იგი დაუბრუნებდა ამ ნაწილს.
როგორც მოსარჩელე მიუთითებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მას თ.ფუტკარაძემ შესთავაზა მიექირავებინა ავტომობილი. მ. ა.-ისათვის 100 აშშ დოლარის გადახდისა და როტორის დაბრუნების შემდეგ ფუტკარაძემ მუშაობა დაიწყო, მაგრამ ავტომობილი კვლავ გამოვიდა მწყობრიდან. თ.ფუტკარაძე და მ.ა.-ე შეთანხმდნენ, რომ ავტომობილს შეაკეთებდნენ. მათ წაიყვანეს მანქანა შესაკეთებლად და დაშალეს მოტორი, ამ დროს მათ მიაკითხათ მ.ა.-ემ და ძალით წაიყვანა მანქანა, ხოლო შემდგომში უარი თქვა მის დაბრუნებაზე.
მოსარჩელემ მოითხოვა გადახდილი 1800 აშშ დოლარის უკან დაბრუნება.
აღნიშნული სარჩელი რამოდენიმეჯერ იქნა შეტანილი სასამართლოში და ყველა მათგანი განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მ. ა.-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ გაყიდული ავტომობილის თანხა ნ. მ.-ეს დროზე არ დაუბრუნებია. მანქანას არავითარი ნაკლი არ ჰქონია, ნაკლის მქონე რომ ყოფილიყო, ნ.მ.-ე არ გადაიხდიდა თავდაპირველ თანხასაც. მისი განმარტებით, ნ. მ.-ე უდიერად ეპყრობოდა მანქანას, რითაც შემცირდა ავტომანქანის საბაზრო ღირებულება. მ.-ის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემდეგ მანქანა დაიბრუნა და ჩაუტარა რემონტი, რაც დაუჯდა 600 აშშ დოლარი. მ. ა.-ე ითხოვს გადახდილი 1700 აშშ დოლარის „ბედ“ მიჩნევას და მისთვის დატოვებას, ასევე მანქანაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულების 800 აშშ დოლარის ანაზღაურებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. ა.-ეს ნ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1700 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი ლარის გადახდა. მ. ა.-ს უარი ეთქვა ნ. მ.- ზე 700 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. სასამართლომ მხარეთა ურთიერთობა შეაფასა, როგორც ნასყიდობა განვადებით და, ვინაიდან, არ არსებობდა მტკიცებულება ავტომობილის მდგომარეობის თაობაზე გაყიდვის მომენტისათვის, ნ.მ.-ის მიერ გადახდილი თანხა დაეკისრა ასანაზღაურებლად მ.ა.-ეს. ასევე, ვინაიდან არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ნ.მ.-ის მიერ გადახდილი თანხა წარმოადგენდა ბეს, უარი ეთქვა მის მოთხოვნას ნ.მ.-ის მიერ გადახდილი თანხის ბედ მიჩნევის თაობაზე.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ა.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ.მ.-ის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება მანქანის მდგომარეობის თაობაზე, ასევე სასამართლომ უსაფუძვლოდ არ ჩათვალა ბედ ნ.მ.-ის მიერ წინასწარ გადახდილი მანქანის ღირებულების ნაწილი. ასევე, გადაწყვეტილებაში არაფერია მითითებული შეგებებული სარჩელის შესახებ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ გაყიდული ნივთი იყო ნაკლის მქონე, რის გამოც მ.ა.-ე ვალდებულია, სკ-ის 491-ე მუხლის შესაბამისად, დააბრუნოს გადახდილი თანხა. ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ 1700 აშშ დოლარი წარმოადგენდა ბეს, ვინაიდან საქმის მასალებით ასეთი ფაქტი არ დადასტურდა. სასამართლომ უარყო აპელანტის მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობასთან მიმართებაშიც.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ დაკითხა არც პოლიციის თანამშრომლები და არც მისი მოწმეები, დაეყრდნო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას, რამაც განაპირობა ცალმხრივი ტენდენციური გადაწყვეტილების გამოტანა. ამასთან, კასატორის მითითებით მ.-ისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ იგი ყიდულობდა ძველ მანქანას, ამიტომ მანქანა ნაკლის მქონედ არ უნდა ჩაითვალოს. კასატორის აზრით, გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 244-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა საკითხები უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანის დროს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლომ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, განსაზღვროს, თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი _ დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე დასკვნა გამოაქვს მხოლოდ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კი არ არის მითითებული, თუ რომელ მტკიცებულებათა ანალიზს ემყარება სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები. ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ავტომობილის ნასყიდობის თაობაზე, დავას არ იწვევს. დავას არ იწვევს ავტომობილის ფასიც. მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, იყო თუ არა ნაკლის მქონე მ.-ისათვის გადაცემული ავტომობილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაყიდული ავტომობილი მიჩნეულია ნაკლის მქონედ და, შესაბამისად, გამოყენებულია სამართლებრივი ნორმები, რაც არეგულირებს ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მაგრამ სასამართლო არ უთითებს, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია გაყიდული ნივთი ნაკლის მქონედ. აღნიშნული გარემოება კი შეუძლებელს ხდის, შემოწმდეს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობა, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის Q„ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. კასატორი სწორად უთითებს იმის თაობაზე, რომ სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. მაგრამ ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი სარჩელს შეიტანს სასამართლოში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოში რამოდენიმეჯერ შეტანილია სარჩელი, რომლებიც დატოვებულია განუხილველად. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ სარჩელის განუხილველად დატოვება არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება სარჩელის შეტანის დღიდან. ნ. მ.-ის მიერ ყოველი მომდევნო სარჩელი შეტანილია წინა სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 6 თვიან ვადაში, ამიტომ მის მიერ პირველი სარჩელის შეტანიდან ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.