საქმე # 120100119002798285
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №884აპ-19 ქ. თბილისი
ვ. ა., 884აპ-19 16 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მამუკა ქომოშვილისა და მსჯავრდებულ ა. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი მამუკა ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ვ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებულ ა. ვ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ა–ი შესაგებლით ითხოვს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მამუკა ქომოშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
მსჯავრდებულ ა. ვ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ა–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ:
· ა. ვ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 დეკემბრის 05:00 საათის ეპიზოდი);
· ა. ვ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 დეკემბრის 18:00 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მამუკა ქომოშვილი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ა. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ვ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (ორი ეპიზოდი).
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განაჩენით ა. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით (2018 წლის 1 დეკემბრის 05:00 საათის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი (2018 წლის 1 დეკემბრის 18:00 საათის ეპიზოდი). საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ვ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 2 დეკემბრიდან იმავე წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.
გაუქმდა ა. ვ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ყადაღისგან უნდა გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 20000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ა. ვ–ს (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული, 35000 ლარად ღირებული უძრავი ქონება, მდებარე: ა–ს რაიონი, სოფელი ჭ–ი. ს.კ...... (2018 წლის 5 დეკემბრის №12/071-18წ.განჩინება).
სასამართლომ დაადგინა, რომ ა–ს რაიონის სოფ.ჭ–ში მცხოვრები ა. ვ–ი თანაცხოვრების პერიოდში გენდერული დისკრიმინიციის მოტივით ამცირებდა და შეურაცხყოფდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. პ–ს, რომელსაც 2018 წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი უსიამოვნების გამო, მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელის რამდენჯერმე დარტყმით თავის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ვ–მ ურთიერთშელაპარაკებისა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, რომლისთვისაც ასევე ცნობილი გახდა მეუღლის - ნ. პ–ს ორსულობის შესახებ და მოსთხოვა ნაყოფის მოშორება, რაზედაც მიიღო კატეგორიული უარი, აღნიშნულით განაწყენებულმა ა. ვ–მ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელის ერთხელ დარტყმით მიაყენა თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ვ–მ ურთიერთშელაპარაკებისა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, რომლისთვისაც ასევე ცნობილი გახდა მეუღლის - ნ. პ–ს ორსულობის შესახებ, მოსთხოვა ნაყოფის მოშორება, რაზედაც მიიღო კატეგორიული უარი, აღნიშნულით განაწყენებულმა ა. ვ–მ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელის რამდენჯერმე დარტყმით თავისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას ა. ვ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენში ცვლილებების შეტანას, კერძოდ, ბრალდების 2018 წლის 10 ნოემბრისა და 2018 წლის 1 დეკემბრის 05:00 საათის ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით (2018 წლის 1 დეკემბრის 05:00 საათის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი (2018 წლის 1 დეკემბრის 18:00 საათის ეპიზოდი). საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ვ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 2 დეკემბრიდან იმავე წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.
ცნობად იქნა მიღებული, რომ ა. ვ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ, ა. ვ–ს (პ/ნ ..........) საკუთრებაში არსებულ 35000 ლარად ღირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა–ს რაიონი, სოფელი ჭ–ი. ს.კ.62.10.54.044 (2018 წლის 5 დეკემბრის №12/071-18წ. განჩინება).
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ა. ვ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, თუ ის არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულებით, ვერ დაადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. რაც შეეხება მოწმეების - ს. პ–სა და ა. პ–ს (დაზარალებულის მშობლები) ჩვენებებს, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით.
9. იმავდროულად, მსჯავრდებულ ა. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2018 წლის 1 დეკემბრის 05:00 საათის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 დეკემბრის 18:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დასტურდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ. პ–სა და მოწმეების - ს. პ–ს, ა. პ–ს, ა. ვ–ს, ო. ა–ს, გ. ხ–ს, ა. ვ–სა და ა. ვ–ს გამოკითხვის ოქმებით, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მამუკა ქომოშვილისა და მსჯავრდებულ ა. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე