ას-458-740-04 7 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 31 ივლისს ვ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს «ი-ის” მიმართ 5362 ლარის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997 წლიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში ...ად. 2003წ. 18 ივნისს ვ. კ-ე გაუშვეს უხელფასო შვებულებაში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საწარმოს არ ჰქონდა უფლება თავისი ინიციატივით გაეშვა იგი უხელფასო შვებულებაში. მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს უხელფასო შვებულებაში ყოფნის დროს 14 თვის საშუალო ხელფასი, რაც შეადგენდა 5362 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ იგი დაუსაბუთებელია, ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინიდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 22 მარტის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ვ. კ-ის მოსაზრება, რომ იგი 14 თვის განმავლობაში იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში, რადგან 2000წ. 1 იანვარს შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ვადა მთავრდებოდა 2002წ. 1 აგვისტოს. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, რომ მისი ხელმოწერაა, ვ. კ-ემ დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, თუმცა განმარტა, რომ ცარიელ ქაღალდზე მოაწერა ხელი. მოპასუხემ უარყო აღნიშნული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ აპელანტის განმარტების საფუძველზე ვერ დაადგენს, რომ 2000წ. 1 იანვარს ცარიელ ბლანკზე მოაწერა ხელი, რადგან იგი დაინტერესებული პირია.
შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად, კონტრაქტით გათვალისწინებლი ვადის გასვლა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე 2002წ. 1 აგვისტოს აღარ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოპასუხესთან, შესაბამისად, იგი ვერც უხელფასო შვებულებაში იქნებოდა. ამდენად, ვ. კ-ის მოთხოვნა, ამ პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლო იყო.
რაც შეეხება შრომითი კონტრაქტის პერიოდში 2002წ. 20 ივნისიდან 2002წ. 1 აგვისტომდე ვ. კ-ის უხელფასო შვებულებაში ყოფნას, სს «ი-ის 2002წ. 22 ოქტომბრის ბრძანებით ამ პერიოდის უხელფასო შვებულება აუნაზღაურდა ორი თვის კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გაზიარებულ უნდა იქნეს აპელანტის მოსაზრება, რომ მას სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არასწორად დაეკისრა, რადგან საქართველოს კანონის «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები სარჩელებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟისაგან.
საოლქო სასამართლოს 2004წ. 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
კასატორმა აღნიშნა, რომ შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციის მიერ მუშაკის უხელფასო შვებულებაში გაშვებას. შტატის ან რიცხობრივი შემცირების დროს კასატორი უნდა გაეშვათ ამავე კოდექსის 433-ე მუხლის საფუძველზე.
ვ. კ-ეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შკკ-ის 34-ე და 433-ე მუხლები, ნაცვლად 30-ე მუხლისა, აგრეთვე, არ გამოიყენა ამავე კოდექსის მე-6, მე-7, 244-ე მუხლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები და ამიტომ 2004წ. 22 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და მოპასუხეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5362 ლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს სკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე 14 თვის განმავლობაში ადმინისტრაციის ინიციატივით იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში, რაც მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე 2000წ. 1 იანვრიდან 2002წ. 1 აგვისტომდე შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან და კონტრაქტის ვადის ამოწურვის საფუძველზე იგი 2001წ. 1 აგვისტოდან სამუშაოდან გათავისუფლდა.
სსკ-ის 102-ე მუხლის I ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულებანი, რომლებითაც დაადასტურებდა სარჩელში მითითებული გარემოებების არსებობას. ამასთან, თუ საწარმომ უკანონო მოქმედებით დაარღვია მუშაკის შრომითი უფლებები, ამ უკანასკნელს შკკ-ის 204-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლით 3 თვის ვადაში უნდა მიემართა შრომითი დავის კომისიისათვის დარღვეული უფლების აღსადგენად. მოსარჩელემ კი 14 თვის შემდეგ მიმართა სასამართლოს სარჩელით, ამასთან, ვერ დაადასტურა ზიანის არსებობის ფაქტი. უფრო მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე უხელფასო შვებულებაში კი არ იქნა გაშვებული, არამედ იგი სამუშაოდან გათავისუფლდა კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. ამდენად, სასამართლომ სწორად მიიჩნია სარჩელი უსაფუძვლოდ, რადგან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ არსებობს ვალდებულების დარღვევის ფაქტი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებლია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.