Facebook Twitter

საქმე # 150100118002568895

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №905აპ-19 ქ. თბილისი

თ–ი ს., 905აპ-19 20 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ ს. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ს. თ–სათვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

მსჯავრდებულ ს. თ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ს. თ–ს გამართლებას.

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით ს. თ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლიდან, ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, ს. თ. ყოფილ მეუღლეს თ. რ–ს, ნ–ს რაიონის სოფელ ჟ–ში, მათივე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - ა. თ–ს თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, კერძოდ, აგინებდა, ეუბნებოდა, რომ იყო არაკაცი, ნაბიჭვარი, წყევლიდა მას და მის გარდაცვლილ მშობლებს, რის შედეგადაც რ. თ–ი განიცდიდა მორალურ ტანჯვას და იძულებული იყო, შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად აღარ მისულიყო სახლში და ღამე გაეთენებინა სოფლის ქუჩებში, მანქანაში, რის გამოც დაზარალებული მუდმივად განიცდიდა მორალურ ტანჯვას.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას სასჯელის ნაწილში და ს. თ–სათვის სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად ს. თ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საქმის მასალებით არ დასტურდება და, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის - დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული ს. თ. უდანაშაულოა, კერძოდ: დაზარალებულ რ. თ–სა და მოწმეების - ა. თ–ს, მ. მ–ს, ჰ. თ–ს, ე. ბ–ს, ა. თ–სა და სხვათა ჩვენებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა მასალებით უტყუარადაა დადასტურებული ს. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

8. რაც შეეხება კასატორის - დაცვის მხარის პრეტენზიას არასრულწლოვანი მოწმის - ა. თ–ს დაკითხვასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიაზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანი მოწმის - ა. თ–ს დაკითხვის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს რაიმე სახის წინააღმდეგობებს; საქმის მასალებიდან არ იკვეთება მისი დაკითხვისას კანონდარღვევა, პირიქით, მითითებულია, რო, ვინაიდან დაკითხვის დროს ბავშვი ძლიერ იყო აღელვებული, აღარ გაგრძელდა მისი დაკითხვა, ვინაიდან არასრულწლოვანს უჭირდა საუბარი. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჩივრიდან არ იკვეთება, თუ რომელი ახალი ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე ითხოვს დაცვის მხარე არასრულწლოვანი მოწმის - ა. თ–ს დაკითხვას.

9. მსჯავრდებულ ს. თ–ს დამცველი, ადვოკატი პ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს რა მის სრულ გამართლებას, უთითებს დაზარალებულ რ. თ–ისა და მოწმეების - ზ. ვ–ს, ვ. თ–სა და ა. ვ–ს ჩვენებებს შორის არსებით წინააღმდეგობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მოწმეები არიან მსჯავრდებულ ს. თ–ს დები, რომლებსაც ხანგრძლივი დროით აქვთ შეწყვეტილი ურთიერთობა თავიანთი დის ოჯახთან და სასამართლოს აწვდიან ზოგად ინფორმაციას რ. თ–ს სტუმრიანობასა და ალკოჰოლისადმი მიდრეკილებაზე, შესაბამისად, რაიმე არსებითი წინააღმდეგობა, რაც გავლენას იქონიებდა საქმის შედეგზე, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის იმ არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა რ. თ–ის მიმართ.

12. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ. თ–ი, თავისი მეუღლის - ს. თ–ს მხრიდან შეურაცხყოფის გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნული ფსიქოლოგიური დასკვნის აღწერილობით ნაწილში ასახულია დაზარალებულ რ. თ–ის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ს. თ. 2017 წლიდან ძალადობდა მასზე, კერძოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გამოხატავდა აგრესიას მის მიმართ. ამასთან, რ. თ–ის მხრიდან მეუღლისადმი განხორციელებულ ქმედებას არ გამოუწვევია ს. თ–ს ფსიქოლოგიური ტანჯვა. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას მ. მ–მ. დასახელებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად მიუთითებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მისი მეუღლის ძალადობის გამო, რაც თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან.

13. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ს. თ–ს მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, no. 47666/13, §50-51, ECtHR, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, §§ 72-86, ECtHR, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008). ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ამგვარი ქმედებებისგან (Volodina v Russia, no. 41261/17, §78, 0ECtHR, 9/07/2019).

15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს განსაკუთრებით არასრულწლოვნებზე. სასამართლო ითვალისწინებს შერაცხული ქმედების ძალადობრივ ხასიათს, სისხლის სამართლის კანონით დაცული ობიექტის მნიშვნელობას, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის, არასრულწლოვნებისთვის თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფის ვალდებულებას.

16. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ს. თ–სათვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდების მხარის მოთხოვნა მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს. თ–სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება - ს. თ. პირველადაა სამართალში, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი) და განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ ს. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე