Facebook Twitter

საქმე # 330100117001828996

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №910აპ-19 ქ. თბილისი

მ. დ., 910აპ-19 16 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. მ–ს გამართლებას.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა ლეკიაშვილი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 2 თებერვალს ქ. თ–ში, ......ს გამზირი N..-ში მდებარე შპს „......-ის“ მაღაზიიდან დ. მ. აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „T...-ის“ ფირმის მაჯის საათს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს შპს „T...-ს“ მიადგა 180 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით:

დ. მ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2300 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2017 წლის 2 თებერვლიდან იმავე წლის 5 თებერვლის ჩათვლით, დ. მ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

დ. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარი.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 2 თებერვალს ქ. თ–ში, .....ის გამზირი N..-ში მდებარე შპს „........-ის“ მაღაზიიდან დ. მ. თვითნებურად დაეუფლა „T...-ის“ ფირმის მაჯის საათს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს, შპს „T....-ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და დ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ხოლო დაცვის მხარე - გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. მ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2300 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2017 წლის 2 თებერვლიდან იმავე წლის 5 თებერვლის ჩათვლით, დ. მ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ დ. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარი.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულ განაჩენთან მიმართებით წარმოდგენილ მოტივებსა და მათ დასაბუთებას, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულის წარმომადგენლის - ვ. ბ–სა და მოწმეების - ე. ბ–ს, ნ. მ–ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საათისა და ფასის იარლიყის დათვალიერების ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი, მისი ამოცნობის ოქმები, მაღაზიის ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს დ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

8. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა კასატორის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, არ არის გათვალისწინებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს და შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას......თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31; ECtHR,11/11/2011)...სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR,21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე