Facebook Twitter

ას-464-744-04 16 ნოემბერი 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 31 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. ბათუმში, ... მდებარე ზ. და რ. ლ.-ების საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთი თანაბარ წილებად გაიყო. თითოეულს შეხვდა 450 კვ.მ. კოლეგიამ მიუთითა, რომ რ. ლ.-ს სასამართლო უწყება ჩაბარდა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2003წ. 25 ივლისს მოპასუხე რ. ლ.-ს მეუღლე უ. ლ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ზემოხსენებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. განმცხადებლის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ზ. ლ.-მ სადავო ეზოში დაიწყო ღობის მშენებლობა. უ. ლ.-ს მითითებით, ქ. ბათუმში, ... არსებული სახლთმფლობელობა რ. ლ.-მ შეიძინა მასთან ქორწინების პერიოდში. ამდენად, იგი წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას, რაც დაფიქსირებულია მათ პასპორტებსა და საბინაო წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერებით. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ლახავდა მისი, როგორც მესაკუთრის, ინტერესებს და მოითხოვა, სსკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა და მოცემული საქმის მისი მონაწილეობით განხილვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 9 ოქტომბრის განჩინებით ზემოხსენებული განცხადება არ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ განმარტა, რომ აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობის თანახმად, ქ.ბათუმში, ... მცხოვრებ ზ. და რ. ლ.-ებს თანაბარ წილად საერთო საკუთრებაში გააჩნდათ 900 კვ.მ. ამდენად, სადავო მიწის მესაკუთრენი არიან რ. და ზ. ლ.-ები, დავა მიმდინარეობდა მათ შორის და მათი ოჯახის წევრების საქმის განხილვაში ჩაბმა საჭირო არ იყო. სასამართლომ მიუთითა, რომ უწყება სხდომის დღის შესახებ რ. ლ.-ს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, მხარეს საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება უ. ლ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, ... მცხოვრებ ზ. და რ. ლ.-ებს თანაბარ წილად საერთო საკუთრებაში გააჩნდათ 900 კვ.მ. რ. და უ. ლ.-ების რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, თუმცა პალატამ მიუთითა, რომ თავის დროზე უ. ლ.-ა სადავო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ არ დარეგისტრირებულა. სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, დადგენილი რეგისტრაციის საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უ. ლ.-ს მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უ. ლ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი სადავო ნაკვეთის თანამესაკუთრეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, არასწორად მიიჩნია მართებულად მოცემული საქმის განხილვისას მხოლოდ რ. და ზ. ლ.-ების მოწვევა და გვერდი აუარა სკ-ის 150-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, თუ საცხოვრებელი სახლი მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთიც ასევე მეუღლეთა თანასაკუთრებას უნდა წარმოადგენდეს. კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მითითება, თითქოს რ. ლ.-სათვის სასამართლო უწყების ჩაბარების პირობებში საქმის განხილვის შესახებ უ. ლ.-საც უნდა სცოდნოდა და მიიჩნია, რომ მას, როგორც მხარეს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. კასატორმა არ გაიზიარა საოლქო სასამართლოს მითითება მის სახელზე სადავო ნაკვეთის რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ და მიუთითა “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მეხუთე პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო ბარათზე რეგისტრაცია ტექნიკური ხასიათისაა და არ ზღუდავს რომელიმე თანამფლობელის კანონიერ უფლებებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ... არსებული სახლთმფლობელობა საჯარო რეესტრში ირიცხება რ. და ზ. ლ.-ების საკუთრებად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. ლ.-ს გამოუცხადებლობის გამო ზ. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და თითოეულ მხარეს სადავო თანასაკუთრებიდან გამოეყო 450 კვ.მ. ასევე დადგენილია, რომ რ. ლ.-ა სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებულ იქნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა იგი სხდომის დღეს სასამართლოში არ გამოცხადებულა და რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. დადგენილია, რომ რ. და უ. ლ.-ები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა სადავო სახლთმფლობელობისა და მიწის ნაკვეთის ნაწილი უ. ლ.-ს სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.

სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე, ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს უ. ლ.-ს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო, სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებული იყო ზ. ლ.-ს სარჩელის გამო სასამართლოს სხდომის დრო ეცნობებინა მისთვის, ვინაიდან ეს მოთხოვნა ვრცელდება უშუალოდ საქმეში მონაწილე მხარეებზე, განსახილველ შემთხვევაში _ რ. და ზ. ლ.-ებზე, ხოლო უ. ლ.-ა წარმოდგენილ დავაში მხარეს არ წარმოადგენდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უ. ლ.-ს მიერ მითითებული მტკიცებულებანი, კერძოდ, რ. და უ. ლ.-ების პასპორტში გაკეთებული ჩანაწერი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, ქორწინების მოწმობა, საბინაო წიგნში გაკეთებული სათანადო ჩანაწერები, ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა და სხვა, ვერ გახდება უ. ლ.-ს სადავო სახლთმფობელობის თანამესაკუთრედ მიჩნევის საფუძველი, რადგან სკ-ის 183-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისათვის აუცილებელ პირობებს: სანოტარო წესით დამოწმებული საბუთსა და შემძენის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპფცია. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება სკ-ის 150-ე მუხლსა და “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მეხუთე პუნქტზე, ვინაიდან უ.ლ.-ს საკუთრება სადავო მიწის ნაკვეთსა და სახლთმფლობელობაზე სათანადო წესით არ დასტურდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უ. ლ.-ს მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 31 მარტის მეორე დაუსწურებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მართებულად არ დააკმაყოფილა, რადგან სსკ-ის 422-ე მუხლი ამომწურავად ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს, ხოლო განმცხადებელი უ. ლ.-ს მიერ მითითებული გარემოებანი ამ მუხლის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო უ. ლ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

უ. ლ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 იანვრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.