საქმე # 060100118002504194
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №932აპ-19 ქ. თბილისი
მ. ე., 932აპ-19 13 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მარიამ მელაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ე. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 111,117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
გამართლებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. თ. შესაგებლით ითხოვს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ვ–ს რაიონის სოფელ შ–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ვახშმობისას, სადღეგრძელოს წარმოთქმასთან დაკავშირებით, ე. მ–ს, სტუმრების თანდასწრებით, კონფლიქტი მოუხდა შვილთან - ვ. ე–სთან. იმავე დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, შვილთან მარტოდ დარჩენილმა ე. მ–მ, კამათით განაწყენების ნიადაგზე, ვ. მ–ს გულმკერდის მარცხენა მიდამოში განზრახ დაარტყა სუფრიდან აღებული შამფური, რითაც მიაყენა გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით ე. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ე. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ე. ხ–ს (პ/ნ. ..........), ვ. ხ.....ს (პ/ნ........), მ. ხ–ს (პ/ნ.......) და მ. ხ–ს (პ/ნ .........) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ვ–ს რაიონი, სოფელი ......., (ზონა - .... - .., სექტორი - ამაღლება - .., კვარტალი - .., ნაკვეთი - .., საკადასტრო კოდი - №.......) 10000 ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას ვანის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წელის 22 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა.
გამართლებულ ე. მ–ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ე. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №97აპ-18; 154აპ-20).
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. მ–ს მიერ ვ. მ–ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ვ. მ–მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება თავისი ახლო ნათესავის (მამის) - ე. მ–ს წინააღმდეგ.
9. საქმეზე დაკითხული არცერთი მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ე. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. მოწმეთა ნაწილი მხოლოდ უთითებს დაზარალებულ ვ. მ–ს მიერ გამოკითხვამდე მიცემულ ინფორმაცის. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები ვერ მიიჩნევა დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, როგორც ირიბი ჩვენებები.
10. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნის მიხედვით, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (.............ის N.. რეფერალური ჰოსპიტლის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი ....-ის ასლი) მონაცემებით: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ვ. მ–მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.02.2018 წ - 22:25 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარცხენა გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი გულმკერდისა და მუცლის ღრუში. ჰემოპნევმოთორაქსი, ელენთის, პანკრეასის, კუჭისა და დიაფრაგმის დაზიანებით. ჰემორაგიული შოკი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. აღნიშნული დასკვნით დასტურდება მხოლოდ დაზიანების არსებობის ფაქტი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ მიაყენა, ან როდის და რა ვითარებაში მიიღო ვ. მ–მ აღნიშნული დაზიანება. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ,,..ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე