საქმე # 170100118002738282
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №935აპ-19 ქ. თბილისი
უ–ი ვ., 935აპ-19 14 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ვ. უ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. უ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტში, სოფელ .........ში, ე. დ–ს ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ვ. უ–მ თმის მოქაჩვით იძალადა თავის მეუღლეზე - ნ. უ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით ვ. უ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ვ. უ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10000 ლარის ნაწილში დაყადაღებულ, ვ. უ–ს (პ/ნ ...........) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: წ–ს რაიონი, სოფელი ........ი, ს/კ ...........
ვ. უ–ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ვ. უ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სათანადო სასჯელის დანიშვნას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. ვ. უ–ს მეუღლემ - ნ. უ–მ და დედამ - ა. უ–მ უარი განაცხადეს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
9. №...... შეტყობინების მიხედვით, ნ. დ–მ განაცხადა ცოლ-ქმარს შორის ოჯახური ძალადობის თაობაზე, თუმცა მას სთხოვეს, რომ დაერეკა პოლიციაში. ინიციატორი ადგილზე არ იმყოფება.
10. ნ. უ–ს ხელწერილის მიხედვით, მას მეუღლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მას არ უცემია და თავს დაზარალებულად არ გრძნობს, თავად არ მიუმართავს პოლიციისთვის, რადგან მასსა და ქმარს შორის შელაპარაკება სერიოზულად არ მიიჩნია.
11. №... სამედიცინო ბარათის მიხედვით, ნ. უ–ს ჩივილები არა აქვს.
12. სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით (თარიღდება 2018 წლის 23 ოქტომბრით), ნ. უ–ს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.
13. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნის თანახმად, ნ. უ–ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება.
14. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლების - ნ. ლ–ს, ნ. მ–ს და მ. ყ–ის - ჩვენებები ირიბი ჩვენებებია; ჩ. უ–სა და ა. უ–ს გამოკითხვის ოქმების მიხედვით, დედასა და მამას შორის კამათს ან ჩხუბს არასდროს შესწრებიან; შ. და გ. გ–ების გ–ების (ბრალდებულის დეიდაშვილი და მისი და) განმარტებით მათ მოესმათ ჩხუბის ხმა, ვ. იგინებოდა, ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, მხოლოდ ესმოდათ კამათი და გინება. ნ. დ–ს (სიმამრი) განმარტებით, მეუღლემ უთხრა, რომ ვ–ი თმაში სწვდა ნ–ს; ზ. მ–მ (დაზარალებულის და) მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ იცის გადმოცემით.
15. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა ნ. უ–მ აღნიშნა, რომ ვ. უ–მ თმა მოქაჩა, თუმცა არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტუნებელ განაჩენს (მათ შორის, როდესაც მხარეების მიერ უდავოდ არის ცნობილი), როდესაც დაზარალებული/მოწმე სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარს ამბობს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები N 315აპ-20; N49აპ-20; N679აპ-20 ) და მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად წარმოადგენს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმებას.
16. საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ქმედების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე