საქმე # 010100119003052769
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №955აპ-19 ქ. თბილისი
კ–ი რ., 955აპ-19 19 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რ. კ–ი დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, .........ის ქუჩა N.., ბინა N..-ში, რ. კ–მ ხელის დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის ოჯახის წევრზე - რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ზ. კ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით რ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
გამართლებულ რ. კ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
რ. კ–ი მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტან ბ. ბ–ს (პ/ნ ..........) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,.......ს ბანკში“ გირაოს სახით შეტანილი თანხა - 5000 ლარი (დოკუმენტის N......, თარიღი 21.05.2019წ) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, რ. კ–ი დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა ზ. კ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის - რ. კ–ი წინააღმდეგ. მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების - დ. შ–ს, მ. ბ–ს, ჯ. ნ–ს ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, ისინი ფაქტის თვითმხილველები არ არიან, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).
9. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნით, დაზარალებულ ზ. კ–ს სხეულზე დადგენილი დაზიანების ხარისხი აშკარად ეწინააღმდეგება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დაზიანებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა კი ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
10. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე