ას-468-752-04 9 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბავშვთან ურთიერთობის ადგილის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ს-ის მეუღლე იყო თ. დ-ი. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1995წ. 11 თებერვალს, მათ შეეძინათ ვაჟიშვილი _ გ. ს-ი.
თ. დ-ი ტრაგიკულად დაიღუპა 1998 წელს.
აწ გარდაცვლილის დედამ და ბებიამ _ მ. ბ-ემ და ე. გ-ემ მ. ს-ისაგან მოითხოვეს, რომ მიეცა არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის საშუალება.
დავა არაერთხელ იყო სასამართლოთა განხილვის საგანი. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ს-ის სარჩელი. ე. გ-ესა და მ. ბ-ეს ნება დაერთოთ, ურთიერთობა ჰქონოდათ არასწრულწლოვან შვილიშვილთან _ გ. ს-თან კვირაში 2 დღის განმავლობაში შაბათსა და კვირას დილის 11 საათიდან საღამოს 11 საათამდე, მამის _ მ. ს-ისა და განათლების ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით.
ე. გ-ემ და მ. ბ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაცო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ბ-ესა და ე. გ-ეს ნება დაერთოთ, რომ შვილიშვილთან ჰქონოდათ ურთიერთობა კვირაში ორი დღე, შაბათსა და კვირას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნომებრის განჩინებით ამავე პალატის 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა იმგვარად, რომ მ. ბ-ესა და ე. გ-ეს ნება დაერთოთ, ურთიერთობა ჰქონოდათ შვილიშვილთან კვირაში ორი დღე _ შაბათსა და კვირას დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
სააპელაციო პალატის 2003წ. 6 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. გ-ისა და მ. ბ-ის კერძო საჩივარი და საქმის მასალები, კერძო საჩივართან ერთად, გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
2003წ. მაისში ე. გ-ემ და მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს არასრუწლოვან ბავშვთან ურთიერთობის ადგილის განსაზღვრა. კონკრეტულად მოსარჩელეები ითხოვენ, რომ ბავშვთან ურთიერთობის ადგილად განისაზღვროს მათი საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. თბილისში, ...... და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ დროს მ. ს-ს დაევალოს ბავშვის აღნიშნულ მისამართზე მიყვანა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ს-ს დაევალა შაბათ-კვირას, დილის 10 საათზე, არასრუწლოვანი ვაჟიშვილის მიყვანა ქ. თბილისში, ..... .
მ. ს-მა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ივლისის განჩინებით განსახილველად არ იქნა მიღებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 სექტემბრის განჩინებით მ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 ოქტომბრის განჩინებით მ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2003წ. 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მ. ს-მა რაიონული სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 მარტის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა რაიონული სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბავშვთან ურთიერთობის ადგილის განსაზღვრა წარმოადგენს ბავშვთან ურთიერთობის წესის შემადგენელ ნაწილს, რაც სკ-ის 1203-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ბავშვის ნორმალურ აღზრდას და მასზე არ მოახდინოს ცუდი გავლენა. სსკ-ის 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეეძლო, თავისი ინიციატივით საქმეში მონაწილეობის მისაღებად მიეწვია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას შეეფასებინა მის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება.
ე. გ-ე და მ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ, რომ პალატის მიერ საქმეში მხარედ ჩაბმულ იქნას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული კანონზე, რომლის საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლოს, სსკ-ის 354-ე მუხლის თანახმად, შეეძლო თავისი ინიციატივით საქმეში მონაწლეობის მისაღებად მიეწვია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას შეეფასებინა მის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება.
სააპელაციო პალატის აღნიშნული მითითება უნდა შესრულდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის პროცესში.
ვერ დაკმაყოფილდება ე. გ-ისა და მ. ბ-ის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საკასაციო პალატის მიერ საქმეში მხარედ ჩაბმულ იქნას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. სსკ-ის ნორმების შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში მხარედ ჩაბმა დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.