Facebook Twitter

¹ ბს-1338-913 (კ-05) 22 დეკემბერი, 2005 წ.,

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თ. თ-მა 2004წ. 10 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირის- ბ. ლ-ის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა აღმასრულებელ ფ. მ-ის მიერ 2002წ. 24 მაისს და განმეორებით 2002წ. 8 ივლისს იძულებით ჩატარებული აუქციონების ბათილად ცნობა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში, ... ქ. ¹6/6-ში მდებარე ბინა ¹25-ზე ყადაღის დადება.

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1997წ. 27 იანვარს სამგორის რ-ნის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ბ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1100 აშშ დოლარის გადახდა.

ბ. ლ-მა თ. თ-ის ოჯახიდან იძულებით გაიტანა საოჯახო ნივთები, კერძოდ: პიან. “ბელარუსი”, კედლის ხალიჩა, იატაკის ხალიჩა, მუხის ხის ტანსაცმლის ჩამოსაკიდი და სხვა, იმ პირობით, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში მოსარჩელეს ნივთებს უკან დაუბრუნებდა.

მოგვიანებით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბ. ლ-ის დამ, ლ. მ-ემ, რომელიც მოქმედებდა რწმუნების საფუძველზე, განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 98-ე მუხლს, რომლის თანახმად, რწმუნებაში მითითებული უნდა იყოს, რომ მარწმუნებელი ანიჭებს რწმუნებულს ამგვარი მოქმედების განხორციელების უფლებას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა.

სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:

მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხე სააღსრულებო ბიურომ დაარღვია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 63-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გააფორმა შესაბამისი აქტი სააღსრულებო ქონებაზე ყადაღის დადებისას და არ გადააგზავნა იგი საჯარო რეესტრში.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ასევე დაარღვია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25.2 და 28-ე მუხლების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო 5-დღიანი ვადა მიეცა მოვალისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის. ამასთან, მოპასუხეს აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობებინა მოვალე მხარისათვის, რაც რეალურად არ გახორციელებულა. აგრეთვე, სასამართლო აღმასრულებელს არ უცნობებია განმეორებით ჩატარებული აუქციონის შესახებ მოსარჩელისათვის, რის გამოც დაარღვია მითითებული კანონის 71-ე მუხლი.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე თ. თ-ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

2004წ. 8 სექტემბერს თ. თ-მა დაზუსტებული სარჩელი წარადგინა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, რომლითაც გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მომზადებულ-ჩატარებული აუქციონის, განკარგულების და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა, ბინის თ. თ-ის სახელზე აღრიცხვა, ბ. ლ-ის მიერ თ. თ-ის კუთვნილი ნივთების, კერძოდ: პიან. “ბელარუსის”, კედლის შალის ხალიჩის, იატაკის საფენის, ტანსაცმლის ჩამოსაკიდის, ორი რბილი სავარძლის და თეთრეულის მფლობელობის ფაქტის აღიარება და მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება, საჯარო რეესტრისა და სანოტარო პალატისათვის უძრავი ქონების შესახებ და ყადაღის არსებობის თაობაზე ცნობების გაცემის აკრძალვა, რაც ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 სექტემბრის და 9 სექტემბრის განჩინებებით არ დაკმაყოფილდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე მოსარჩელე თ. თ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ სააღსრულებო ბიუროს, ბ. ლ-ის მიმართ, მესამე პირის _ ლ. მ-ის მონაწილეობით სააღსრულებო მოქმედების, აუქციონის, განკარგულების და მისი შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე გაერთიანდა ერთწარმოებად მოსარჩელე თ. თ-ის სარჩელთან მოპასუხეების _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს, ლ. მ-ის მიმართ, სააღსრულებო მოქმედებების ბათილად ცნობისა და ბინაში შესახლების თაობაზე.

2004წ. 16 ნოემბრის განჩინებით რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე თ. თ-ის წარმომადგენელ შ. შ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბინაზე, მდებარე თბილისში, ... ქ. ¹6/6, ბინა ¹25, ყადაღის დადების შესახებ.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა ნივთების დაბრუნების ნაწილში და მოითხოვა ნივთების დაბრუნება ან მისი ღირებულების ანაზღაურება.

მოპასუხე თბილისის სააღსრულებო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხეებმა: ბ. ლ-ის წარმომადგენელმა ლ. მ-ემ და ლ. მ-ემ, სარჩელი ნივთების დაბრუნების ნაწილში _ ნაწილობრივ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის და ბინიდან გამოსახლების ნაწილში არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მოსარჩელე თ. თ-ს სააღსრულებო მოქმედებების-აუქციონის და ბინიდან გამოსახლების, განკარგულებისა და მისი შედეგების ბათილად ცნობის, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის, უკანონო მფლობელობიდან თ. თ-ის კუთვნილი თეთრეულის გამოთხოვის ან მისი ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მოსარჩელე თ. თ-ის კუთვნილი ნივთების: პიან. “ბელარუსი”, კედლის შალის ხალიჩა, იატაკის ხალიჩა, მუხის ხის ტანსაცმლის ჩამოსაკიდის და სამი რბილი სკამის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისი ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრწანისი-მთაწმინდის და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თ. თ-ს ბ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1100 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, მოვალე მხარეს გაეგზავნა გაფრთხილება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ. 2001წ. 14 დეკემბერს შედგენილი ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ სასამართლო აღმასრულებელი გამოცხადდა მოვალის საცხოვრებელ ბინაზე მისი ნივთების დაყადაღების მიზნით, მაგრამ მოვალე მხარემ ოქმზე ხელი არ მოაწერა. მითითებული საცხოვრებელი ბინა აუდიტის მიერ შეფასდა 3500 აშშ დოლარად.

სასამართლომ სააღსრულებო წარმოების მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად 2002წ. 24 მაისს და 8 ივლისს ჩატარდა პირველი და განმეორებითი აუქციონი, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ბინის მესაკუთრე გახდა ლ. მ-ე, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული ბ. “რ.” მიერ გაცემული ქვითარი, რომლის მიხედვით ბინის შემძენს გადახდილი აქვს ბინის ღირებულება. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე თ. თ-ის მტკიცება იმის თაობაზე, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.

სასამართლომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 18.1. მუხლის საფუძველზე დაასკვნა, რომ თ. თ-ის სარჩელი აუქციონის შედეგებისა და სააღსრულებო მოქმედებათა გაუქმების შესახებ ხანდაზმულია, რამდენადაც მოსარჩელეს გაშვებული აქვს სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

სასამართლომ სსკ-ის 102. მუხლის საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი კუთვნილი თეთრეულის დაბრუნების შესახებ უსაფუძლოა, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბ. ლ-ის წარმომადგენელმა სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის ნაწილში ცნო ნაწილობრივ, სამოქალაქო კოდექსის 170.1, 172-ე მუხლების საფუძველზე დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მითითებულ ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-ის წარმომადგენელმა შ. შ-მა და მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სრულად, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში ნაწილობრივ გაუქმება. ასევე, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლო აღმასრულებლის მიერ მომზადებული, ჩატარებული და გაცემული განკარგულების და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა: თბილისში, ... ქ. ¹6/6-ში მდებარე ბინა ¹25-ბინის თ. თ-ის სახელზე აღრიცხვა; 1100 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ხელახლა აღსრულება; თ. თ-ის ბინიდან გამოსახლების სააღსრულებო მოქმედების ბათილად ცნობა; ნივთების დაბრუნების ნაწილში ბ. ლ-ისაგან გამოთხოვილ იქნეს და თ. თ-ს დაუბრუნდეს თეთრეულის ღირებულება _ 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, შესწორდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოთვლილი ნივთების დასახელება ღირებულების მითითებით და მოთხოვნა დაკმაყოფილდეს შემდეგნაირად: ბ. ლ-ს თ. თ-ის სასარგებლოდ გადახდეს 1600 აშშ დოლარი, შემდეგი მოტივით:

აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ აუქციონი სასამართლო აღმასრულებლის მიერ ჩატარდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რამდენადაც მიაჩნია, რომ სასამართლოს არ შეუსწავლია საქმის მასალები სრულად და არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები ობიექტურად.

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25.1. მუხლი. სასამართლო სააღსრულებო ფურცელს აძლევს კრედიტორს და არა მის წარმომადგენელს, რომელსაც ამგვარი მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სასამართლო აღმასრულებელმა თ. ჯაბუამ 2001წ. 12 იანვრის ¹769 მიმართვით დაავალა ტექნიკური ინვენტარიზაციის უფროსს ო. შენგელიას სადავო ბინაზე ყადაღის დადება, რაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 63.1 მუხლის შესაბამისად უნდა განხორცილებულიყო სპეციალური აქტით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ასევე, აპელანტი თვლის, რომ, მართალია, თ მ-ის მიერ 2001წ. 12 თებერვალს გაეგზავნა გაფრთხილება მოსარჩელეს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, მაგრამ მასზე არ არის დაფიქსირებული თუ ვის და როდის ჩაჰბარდა იგი, რის გამოც აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25.2 და 25.3. მუხლები, რომლის თანახმად, გაფრთხილება პირს უნდა ჩაჰბარდეს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.

აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ფურცელი ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა მიიღო 2000წ. 14 ნოემბერს, მაშინ, როცა სააღსრულებო წარმოების მასალებში წარმოდგენილია სასამართლო აღმასრულებელ გ. ხ-ის მიერ 1997წ. 12 სექტემბერს შედგენილი აქტი, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ ბინაზე დანიშნული აუქციონი არ ჩატარდა, რაც, აპელანტის აზრით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სადავო ბინაზე ჩატარდა სამი აუქციონი, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 16.2. მუხლი, რომლის შესაბამისად, 2001წ. 12 დეკემბერს წარდგენილ სააღსრულებო ფურცელს არა აქვს სააღსრულებო ბიუროს უფროსის ხელმოწერა, თარიღი და ბეჭედი. ასევე, აპელანტი თვლის, რომ თ. თ-ს 2002წ. 24 მაისს და 2002წ. 8 ივლისს გამართული აუქციონის თაობაზე არ ეცნობა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ამასთან აუქციონის გაზეთში გამოცხადებისას არ არის მითითებული აუქციონის პირობები აღნიშნული კანონის 71.1. მუხლის “ზ” პუნქტის შესაბამისად, რაზეც სასამართლოს ასევე არ უმსჯელია და აღნიშნული გარემოებებისათვის სამართლებრივი შეფასება არ მიუცია.

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 29-ე და 74.1. მუხლები, რამდენადაც სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის სხდომის ოქმს ხელს აწერს მხოლოდ ლ. მ-ე და სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები, ამასთან ოქმში მითითებული არ არის აუქციონის დასასრული.

აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ აუქციონი ჩატარდა ყადაღადადებულ ქონებაზე, მაშინ, როცა ყადაღის მოხსნა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.

აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ასევე არ იმსჯელა იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელის ბინიდან გამოსახლება განხორციელდა სააღსრულებო ბიუროს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ, კერძოდ, მოპასუხეს არ გაუფრთხილებია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით დაყადაღებული ბინიდან პირის გამოსახლების თაობაზე, მით უფრო, რომ ბ. ლ-ისათვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე იმ პერიოდში ი არ იმყოფებოდა, ხოლო მის შვილს უწყება-გაფრთხილება არ ჩაჰბარებია.

აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რამდენადაც თვლის, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ათვლა უნდა მოხდეს იმ დროიდან, როდესაც მოსარჩელესათვის ცნობილი გახდა აუქციონისა და გამოსახლების შესახებ.

აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს აღმასრულებლის მიერ გაცემულ განკარგულებაზე აუქციონის ჩატარების შესახებ და აუქციონზე უნდა ემსჯელა, როგორც ადმინისტრაციულ გარიგებაზე, რამდენადაც მითითებული გარიგების სუბიექტებს წარმოადგენენ ერთი მხრივ სააღსრულებო ბიურო, მეორე მხრივ ფიზიკური პირი _ ლ. მ-ე, ხოლო განკარგულების გაცემის შედეგად ლ. მ-ე გახდა სადავო ბინის მესაკუთრე, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ნოტარიული წესით დამოწმებისა და საჯარო რეესტრში აღრიცხვის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 129.2. მუხლი, რომლის თანახმად, უძრავი ქონების მიმართ სახელშეკრულებო მოთხოვნაზე დადგენილია 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ასევე, არ იმსჯელა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, მეზობლების, სერვის-ცენტრის ახსნა-განმარტებებსა და თ. თ-ის პასპორტის ასლებზე, რომლითაც დასტურდება, რომ იგი სადავო პერიოდში ი არ იმყოფებოდა. აგრეთვე საქმეში არსებულ თ. თ-ისა და მოწმე ჭ-ის ახსნა-განმარტებებისათვის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ მიუცია, მაშინ, როცა მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ. ლ-ის მიერ რეალურად მოსარჩელის ბინიდან იძულებით გატანილ იქნა სხვადასხვა ნივთი, მათ შორის თეთრეულიც-სულ 500 აშშ დოლარის ღირებულების. აპელანტის აზრით, ის გარემოება, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ნივთების ღირებულება, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე და 253-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის ბ. ლ-ის წარმომადგენელმა ლ. მ-ემ სააპელაციო საჩივარი არ სცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწინააღმდეგე მხარე თვლის, რომ სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. მურვანიძის სარჩელი თ. თ-ის ბინიდან გამოსახლებისა და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, რომლის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2004წ. 16 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2004წ. 30 ივლისს თ. თ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნა სადავო ბინიდან. 2004წ. 29 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ პროცესუალური დარღვევების გამო გააუქმა მითითებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს, რომელმაც 2005წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ლ. მურვანიძის სარჩელი, რის გამოც ბინიდან გამოსახლების ნაწილში გადაწყვეტილება ხელახლა აღსასრულებელია.

მოწინააღმდეგე მხარე ასევე არ დაეთანხმა აპელანტის არგუმენტს იმის შესახებ, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მის მიერ არ არის გაშვებული, რადგან, ლ. მ-ის აზრით, აპელანტს ჰქონდა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა აღმასრულებლის მოქმედება 2002 წელს, ანუ მას შემდეგ, როცა ჩატარდა აუქციონი, რაც მას რეალურად არ განუხორციელებია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი იძულებითი აუქციონი ქ. თბილისში, ... ქ. ¹6/6-ში მდებარე ბინა 25-ზე, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნივთების გამოთხოვის ნაწილში და არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა თეთრეულის დაბრუნების ნაწილში, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393.2. მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები და 394-ე მუხლის “ე” პუნქტით გათვალისწინებული სააპროცესო სამართლის ნორმათა მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ თბილისში, ... ქ. ¹6/6-ში მდებარე ბინა ¹24-ზე იძულებითი აუქციონი ჩატარდა ქ. თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 1997წ. 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და თ. თ-ს ნ. ჭ-ის სასარგებლოდ 100, ხოლო ბ. ლ-ის სასარგებლოდ 1100 ამერიკული დოლარის შესატყვისი ლარის აღსრულების პერიოდისათვის არსებული კურსით და სახელმწიფო ბაჟის სახით 525 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის აღსრულების პერიოდისათვის არსებული კურსით გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000წ. 14 ნოემბერს ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროში აღსასრულებლად შევიდა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სააღსრულებო ბიურომ მიიღო წარმოებაში, ხოლო ბ. ლ-ის წარმომადგენლის, ლ. მ-ის განმარტებით, სააღსრულებო ფურცელი ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროში, თბილისის სამგორის რ-ნის სასამართლოს 1997წ. 27 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე წარდგენილია 2001წ. 12 დეკემბერს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოტივი, რომ სსკ-ის 98-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში არსებულ რწმუნებულებაში სპეციალურად არ არის აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის წარდგენის თაობაზე წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ. სასამართლომ დაასკვნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელს აღსრულება არ უნდა დაეწყო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა აპელანტის მოტივი, რომ სადავო ბინაზე ყადაღის დადება განხორციელდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის 63.1. მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რამდენადაც მითითებული ნორმის მიხედვით, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მისი განკარგვის-ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვას. ამასთან, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, ყადაღის დადების შესახებ აქტის ასლი იგზავნება საჯარო რეესტრში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, რასაც ადასტურებს სასამართლო აღმასრულებლის 2001წ. 12 იანვრის ¹769/3 წერილი.

სასამართლომ დაასკვნა, რომ სააღსრულებო წარმოებაში წარმოდგენილი 1997წ. 11 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი არ შეესაბამება სააღსრულებო წარმოების შესახებ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის, სსკ-ის მე-5 კარის 356-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს. კერძოდ მასში არ არის სარეზოლუციო ნაწილი სიტყვასიტყვით მითითებული, ასევე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი, მოვალის ვინაობა, და მისამართი.

სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ბ. ლ-ისაგან ნივთების დაბრუნების შესახებ ნაწილობრივ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, კერძოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში, რადგან სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 500 აშშ დოლარის ღირებულების თეთრეულის დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ლ-მა და ლ. მ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება ნაწილობრივ და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება თ. თ-ის სარჩელი აუქციონის ბათილად ცნობის ნაწილში, შემდეგი მოტივით:

კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან”სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში და ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლებების დარღვევის შესახებ.

კასატორები თვლიან, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას შეადგენს სამი წელი, კერძოდ, სარჩელში მითითებული ნივთები მოსარჩელის ბინიდან კრედიტორებმა ჭ-მა და ბ. ლ-მა გამოიტანეს სასამართლოს მიერ 1997 წელს გადაწყვეტილების გამოტანამდე, შესაბამისად, მოსარჩელეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული აქვს, რადგან სარჩელი თ. თ-ის მიერ აღძრულია რვა წლის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება ნაწილობრივ იძულებითი აუქციონის გაუქმების ნაწილში, შემდეგი მოტივით:

კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393.2. მუხლის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არამართებულად გამოიყენა 1999წ. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონი, რადგან სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იყო 1997 წელს.

კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ თუ როდის შევიდა ძალაში სასამართლოს გადაწვეტილება, მით უფრო, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა ხდება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რასაც ადასტურებს მასზე სასამართლოს მიერ დასმული ბეჭედი.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლი, რომლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

მოწინაღმდეგე მხარის _ თ. თ-ის წარმომადგენლმა შ. შ-მა საკასაციო საჩივრები არ ცნო და მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

თ. თ-ს მიაჩნია, რომ კასატორთა არგუმენტი სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც სადავო აუქციონის ჩატარებისას აღმასრულებელს არ განუხორციელებია კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, მას არ გაუგზავნია შეტყობინება მოვალისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, აგრეთვე უძრავი ნივთის დაყადაღების შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს მიაჩნია, რომ ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს თითოეული მოქმედების მხარისათვის შეტყობინების მომენტიდან, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე თვლის, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აღმასრულებლის განკარგულება მხარეთა მიერ ყიდვა _ გაყიდვის ხელშეკრულების დადების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული 6 _ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივების დასაბუთებულობა-საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ლ-ის და ლ. მ-ის თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება იძულებითი აუქციონის ბათილად ცნობის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2 და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

სსკ-ის 404.1 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393.2. მუხლის მოთხოვნები, კერძოდ გამოიყენა 1983წ. რედაქციის სსკ-ის 356-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რამდენადაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 113-ე მუხლის შესაბამისად ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით, რაც უგულვებელყოფილი იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს და იმსჯელოს გასულია თუ არა სსკ-ის 359-ე მუხლით (კანონის 1983წ. რედაქცია)კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 113-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი ნორმები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 18.1 მუხლით განსაზღვრულია რა კრედიტორის და მოვალის უფლებები, მათ შორის სასამართლო აღმასრულებლის მოქმედების სასამართლოში გასაჩივრების უფლება, დადგენილია გასაჩივრების სპეციალური ერთთვიანი ვადა, რომლის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ, შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გამოარკვიოს დაცული არის თუ არა მოსარჩელის მიერ სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრებისათვის დადგენილი სპეციალური ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25.2. მუხლის შესაბამისად აღსრულების შესახებ უწყება მოვალეს ჩაბარდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ასევე ამავე კანონის 28.1. მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებლის მიერ მოვალეს გაეგზავნა თუ არა რეალურად შეტყობინება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ და ჩაბარდა თუ არა იგი თ. თ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღმასრულებლები იძულებითი აუქციონის ჩატარებამდე, ანუ 2001წ. 14 დეკემბერს გამოცხადდნენ მოსარჩელის ბინაში და შეატყობინეს, რომ მას უნდა გადაეხადა ბ. ლ-ისათვის 1997წ. 11 თებერვალს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 1100 აშშ დოლარი, შესაბამისად სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს აღმასრულებელმა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ფულის გადახდევინების შესახებ წინადადება ჩააბარა თუ არა მოვალეს და მისი ქონების აღწერისას ან დაყადაღებისას შედგა თუ არა ოქმი, რომლის შედგენის ვალდებულებას ყოველი სააღსრულებო მოქმედების შესრულებისას იმპერატიულად ადგენს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 29-ე მუხლი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს გადაეცა თუ არა და როდის, მოვალეს სააღსრულებო მოქმედების შესრულების თაობაზე შედგენილი ოქმის ასლი, რაზეც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას საერთოდ არ უმსჯელია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში არსებული საბუთები, კერძოდ, თ. თ-ის პასპორტის ასლები, რომელიც ბერძნულ ენაზეა წარმოდგენილი, არ ადასტურებს იმ არგუმენტს, რომ მოსარჩელე რეალურად სადავო აუქციონის განხორციელებისას ი არ იმყოფებოდა, რამდენადაც სსკ-ის 102.3. მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს და იმსჯელოს აღსრულების სტადიაზე თ. თ-მა მიმართა თუ არა სასამართლოს სააღსრულებო მოქმედების _ აუქციონის შეჩერების მოთხოვნით, რამდენადაც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სწორედ ამგვარი მოთხოვნებით შეეძლოთ მათ მიეღწიათ სასურველი შედეგის _ კრედიტორის სასარგებლოდ უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვისაგან გადარჩენისათვის, ასეთის შემთხვევაში, აღმასრულებელი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის 46 მუხლის საფუძველზე მოვალე იქნებოდა შეეჩერებინა სააღსრულებო მოქმედების განხორციელება.

კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე თ. თ-ის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. ¹6/6-ში მდებარე ბინა 25-ზე ჩატარებული იძულებითი აუქციონის ბათილად ცნობა და ბ. ლ-ის უკანონო მფლობელობიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიკუთვნებულ ნივთებთან ერთად, 500 დოლარის ღირებულების თეთრეულის დაბრუნება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების დადგენის შემდეგ უნდა იმსჯელოს დავის საგანზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს და იმსჯელოს აღმასრულებლის მიერ ჩატარებული იძულებითი აუქციონი შეესაბამება თუ არა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ანუ დაცული იყო თუ არა სასამართლო აღმასრულებლის მიერ იძულებითი აუქციონის ჩატარებისას კანონით დადგენილი პროცედურა, მათ შორის სასამართლო აღმასრულებლის მიერ აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე გაკეთდა თუ არა სპეციალური განცხადება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად და აცნობა თუ არა სასამართლო აღმასრულებელმა აუქციონის ჩატარებისა და ადგილის თაობაზე მხარეებს უწყების გადაცემით.

ასევე სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ყადაღის დადება უძრავ ქონებაზე განხორციელდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 63.1. მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს და იმსჯელოს, შეადგინა თუ არა სასამართლო აღმასრულებელმა დადგენილი წესის შესაბამისად ქონების აღწერისა და ყადაღის დადების აქტი, ასევე გაიგზავნა თუ არა მითითებული აქტი საჯარო რეესტრში, რაც გათვალისწინებულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 63.1. მუხლით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის თ. თ-ის წარმომადგენლის არგუმენტს იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობის განხილვისას გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით უძრავი ქონებაზე სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 18.1 მუხლით დადგენილია სპეციალური ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

კონსტიტუციის 82.2 მუხლის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს რა 1999წ. 16 აპრილის “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონი, რომლის 5.3. მუხლის თანახმად, თავის საქმიანობაში სააღსრულებო დაწესებულება – სააღსრულებო ბიურო ხელმძღვანელობს ამ კანონით, ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით, ხოლო, 17.3. მუხლის თანახმად სასამართლო აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ ინსტრუქციითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილია სპეციალური პროცედურა, სააღსრულებო წარმოების სპეციფიურობიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც ხორციელდება სააღსრულებო მოქმედებები.

სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას – მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო აქტების აღსრულება განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას სპეციალურ კანონში სავსებით სწორად გამოყენებული ტერმინის “სააღსრულებო მოქმედებათა” განხორციელების მექანიზმით, კერძოდ, კანონის 26-ე მუხლის თანახმად სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობით განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ასევე, 29.1. მუხლის მიხედვით, სასამართლო აღმასრულებელმა ყოველ სააღსრულებო მოქმედების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი, რომლის ერთ-ერთ რეკვიზიტს წარმოადგენს სააღსრულებო მოქმედების შესრულების საგნის მითითება (პუნქტი “ე”).

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული ცხადყოფს, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული იძულებითი აუქციონი წარმოადგენს არა ხელშეკრულებას, არამედ, სააღსრულებო მოქმედების ერთ-ერთ სახეს, შესაბამისად, მის მიმართ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების მაკვალიფიცირებული, მათ შორის მასზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გავრცელება სრულიად კანონსაწინააღმდეგოა, სამართალურთიერთობასთან შეუსაბამობის გამო. აღნიშნულზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლო აღმასრულებლის განკარგულება წააგავს ნოტარიუსის მიერ მხარეთა შორის დადებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ანუ ადმინისტრაციულ გარიგებას, რამდენადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ გარიგებაში ადმინისტრაციული ორგანო შეიძლება შევიდეს მხოლოდ საკუთარი ქონებით და საკუთარი ნებით, როგორც გარიგების სუბიექტი და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ვერ ექნება ადგილი იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ იძულებითი აუქციონის ჩატარების მომენტში სააღსრულებო ბიურო არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც გარიგების სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოს სახელით მართლმსაჯულების აქტების აღსრულების ანუ კანონის აღსრულების მიზნის მისაღწევად ყიდის არა საკუთარ, არამედ მოვალის ქონებას იძულების წესით, მოვალის ნების საწინააღმდეგოდ, კრედიტორის კანონიერი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ, როცა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლში მოცემული დეფინიციის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის რა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2000წ. რედაქცია) 65-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების /დადოს ადმინისტრაციული გარიგება/ გამოყენება, რამდენადაც აუქციონის ჩატარებისას აღმასრულებლის ნების გამოვლენა გამომდინარეობს არა გარიგების დადების სურვილიდან, არამედ, გამომდინარეობს კანონისმიერი ვალდებულებიდან _ აღასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტები და ამ მმართველობითი ფუნქციის შესრულებისას იგი ნების გამოვლენას ახორციელებს არა ხელშეკრულების ფორმით, არამედ, ადმინისტრაციული აქტის მიღებით, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად. საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალში ცალმხრივი ნების გამოვლენის ფორმაა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

მოცემულ პროცედურაში არათუ სამოქალაქო გარიგების ნამდვილობის ელემენტი _ კლასიკური ნების გამოვლენა არ არის სახეზე, არამედ, ფორმალური თვალსაზრისითაც სააღსრულებო ბიუროსა და აუქციონზე ქონების შემძენს შორის არ იდება წერილობითი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, არამედ, აღმასრულებელი გამოსცემს განკარგულებას, რომელშიც ფიქსირდება შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 75-ე მუხლით მოწესრიგებულია აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება, კანონმდებელი სწორედ განკარგულების გამოცხადებას და შემძენის მიერ ფასის სრულად გადახდას უკავშირებს შემძენის უფლებას, შეძენილი ქონების მიმართ გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლება. მითითებული პროცედურით სრულიად ლოგიკურად გათვალისწინებული არ არის სააღსრულებო ბიუროსა და შემძენს შორის ხელშეკრულების გაფორმება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებო მოქმედების ამსახველი ოქმი და აუქციონის შედეგების ამსახველი განკარგულება წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2. დ) მუხლით დეფინირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ამავე დროს კონკრეტული პროცედურული მოქმედების შესრულების მტკიცებულებას წარმოადგენს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს _ სააღსრულებო ბიუროს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური _ სამართლებრივი აქტი, რომელიც წყვეტს მოვალის საკუთრების უფლებას გაყიდულ ქონებაზე, აწესებს შემძენის მოვალეობას _ თანხის სრულად გადახდის თაობაზე და ადასტურებს პირის (შემძენის) უფლებას შეძენილ ქონებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმის სწორი კვალიფიკაციის საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ იგი წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისათვის. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელი დამოკიდებულია ადმინისტრაციული აქტის არსებობასთან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის ნორმების არასწორი ინტერპრეტაცია და სააღსრულებო მოქმედებათა სრულებით სხვა სამართალურთიერთობის ფორმის _ ხელშეკრულებად კვალიფიცირება, უსაგნოს ხდის სააღსრულებო წარმოებას, რასაც შედეგად მოსდევს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კატასტროფული შედეგი _ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, მაშინ როცა, ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა ოდენ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების კანონშესაბამისი, დროული აღსრულების უზრუნველყოფით, რაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 17.5. მუხლის მიხედვით, აღმასრულებლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს, კერძოდ, “აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის”, განუმარტოს მხარეებს, მათი უფლებები და მოვალეობები, დაეხმაროს მათ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 257-ე, 372-ე, 389-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ლ-ის, ლ. მ-ის და თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება აუქციონის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.