საქმე # 060100119003023213
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №989აპ-19 ქ. თბილისი
ხ–ე რ., 989აპ-19 15 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მარიამ მელაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 4 იანვარს, ს–ში, სოფელ დ. ......ში მდებარე თავისავე საცხოვრებელ სახლში, რ. ხ–მ, გენდერული მოტივით გაბრაზებულმა იმით, რომ მეუღლე ხ. ა. არ მოქმედებდა მისი ნების შესაბამისად, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ხ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 7 აპრილს, ს-ში, სოფელ დ. ჯ-ში მდებარე თავისავე საცხოვრებელ სახლში, რ. ხ–მ, გენდერული მოტივით გაბრაზებულმა იმით, რომ მეუღლე ხ. ა. არ მოქმედებდა მისი ნების შესაბამისად, ხელი დაარტყა სახის არეში და ასევე ხელები მოუჭირა მარცხენა მაჯის არეში. ხ. ა–მ აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს განაჩენით რ. ხ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 იანვრისა და 7 აპრილის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გაუქმდა რ. ხ–ს მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 3 მაისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა - 1000 ლარი, რომელიც შეტანილია ............ს ბანკში (ბანკის კოდი .........), აღსრულების ეროვნულ ბიუროს N ............. ანგარიშზე, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - რ. ხ–ს (პ/ნ. ............).
განემარტა გამართლებულ რ. ხ–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, რ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა ხ. ა–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის - რ. ხ–ს წინააღმდეგ.
9. მოწმის სახით დაკითხული ს. მ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ს–ში, სოფელ დ. ........ში. 2019 წლის 4 იანვარს მასთან მივიდა რ. ხ–ე, უთხრა, რომ მეუღლე ჰყავდა ცუდად და ითხოვა წნევის აპარატი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მან რ. ხ–ს ჭიშკართან დაინახა სასწრაფო და გადავიდა მათთან. ხ. ა. იწვა საწოლზე და კანკალებდა. არც წნევა ჰქონდა და არც სიცხე. ექიმმა თქვა, რომ ეჩვენებინათ ნევროპათოლოგისათვის. ხ. ა. კითხვაზე, თუ რა აწუხებდა, პასუხს არავის სცემდა. იქ იყვნენ რ. ხ–ს მშობლები, ძმა, შვილები და მეზობელი ზ. ხ–ე. მას ხ. ა.სა და რ. ხ–ს შორის კონფლიქტის თაობაზე არასდროს გაუგია. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ზ. ხ–მ.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. ც–მა განაცხადა, რომ მუშაობდა ..........ის შს რაიონული სამმართველოს დ. ჯ–ის პოლიციის განყოფილების გამომძიებლად. მუშაობის პერიოდში გამოძიება დაიწყო არასრულწლოვნების - შ. და დ. ხ–ების ცემის ფაქტზე. გამოძიების პროცესში მოწმის სახით გამოკითხვისას ხ. ა.მ განუცხადა, რომ იგი ცხოვრობდა მეუღლესა და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად. 2017 წლის 4 იანვარს, სახლში ყოფნისას, სრულიად უმიზეზოდ, მეუღლემ ხელი გაარტყა სახის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. იგი გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო. 2019 წლის 7 აპრილს, ასევე სრულიად უმიზეზოდ, ხელი გაარტყა ერთხელ სახეში და ხელი მოუჭირა მაჯაზე, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. უკმაყოფილება გამოწვეული იყო იმით, რომ იგი არ მუშაობდა. ხ. ა–ს ჩვენებების საფუძველზე რ. ხ–ს წარედგინა ბრალდება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ხოლო საქმე ხ. ა–ს მიმართ გამოიყო ცალკე წარმოებად. ამ საქმეზე მან დანიშნა სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო- ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
11. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - გ. გ–ს ჩვენებისა და მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 26.05.19წ. 00:41-00:47 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ხ. ა–ს მარცხენა წინა მხრის უკანა და წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო, ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მომწვანო ფერის, პერიფერიაზე მოყვითალო ელფერით, თითო სისხლნაჟღენთი, შესაბამისად ზომებით: 1,2X0,4 სმ და 1,3 X0,5 სმ. მითითებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზიანების არსებობა დაზარალებულის სხეულზე და დაზიანების მიყენების მექანიზმი, თუმცა არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, კონკრეტულად ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ხ. ა–ს.
12. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ბრალდებულის ბრალეულობა მისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) შერაცხული ქმედების ჩადენაში.
13. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა სპეციფიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე.
14. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე